კანალიზაციის სავენტილაციო მილი
კანალიზაციის სავენტილაციო მილი – ჩამდინარი წყლების გამყვანი სისტემის აუცილებელი ატრიბუტი - მილი, რომელიც კანალიზაციის დგარს აერთებს ატმოსფეროსთან. ასეთი მილის დაყენება წყვეტს ორ ამოცანას: პირველი – სავენტილაციო მილის მეშვეობით ხორციელდება მილსადენიდან აირების მოცილება; მეორე – ვენტილაცია აუცილებელია მილების სისტემაში მუდმივი წნევის შესანარჩუნებლად, რადგან დიდი მოცულობის წყლის დინებისას საკანალიზაციო მილებში ჩნდება ჰაერის გაიშვიათება, რაც იწვევს მილებში სითხის მოძრაობის შეფერხებას. კანალიზაციის სავენტილაციო მილის არარსებობის შემთხვევაში, ჩამდინარი წყლის დიდი რაოდენობის ჩაშვებისას, ზემოთ განლაგებულ ხელსაწყოებში (ვენტილი, სიფონი და სხვ.) შესაძლებელია ჰიდროჩამკეტების დაზიანება (მოწყვეტა), რაც გამოიწვევს კანალიზაციის უსიამოვნო სუნის გავრცელებას. ერთსართულიან შენობებში სავენტილაციო მილის მოწყობა აუცილებელი არაა, რადგან ერთდროულად დიდი რაოდენობის ჩამდინარი წყლების გადაადგილება არ ხდება (საკანალიზაციო დგარის განივკვეთის მთლიანად გადაფარვა); ორ და მრავალსართულიანი შენობების საკანალიზაციო ქსელში კი მათი მოწყობა სამშენებლო ნორმებითაა დაკანონებული.