კაპარჭა (თევზი)
კაპარჭა – Blicca bjocrkna (Linne) 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი:კაპარჭები
თევზის სახეობა კობრისებრთა ოჯახისა. ლაყუჩის ჩხირების რაოდენობა 12-21-ია. მალების რიცხვი (38) 39-41. სხეულის სიმაღლე მის სიგრძეში (კუდის ფარფლის ფუძემდე) 2,2-2,7-ჯერ თავსდება. მკერდის ფარფლები ზოგჯერ უმცირესი მანძილით არიან დაშორებული მუცლის ფარფლებს, ზოგჯერ სწვდებიან მათ. ასევე მცირე მანძილია მუცლის ფარფლებსა და ანალურ ფარფლებს შორის. გვერდები ვერცხლისფერია. ყველა ფარფლის ბოლო რუხია; მკერდისა და მუცლის ფარფლების ფუძეები ზოგჯერ წითელია. საერთო სიგრძე 2000-2350 მილიმეტრამდე აღწევს, ჩვეულებრივ, დაახლოებით 200 მილიმეტრამდე. წონით 1,2 კილოგრამამდეც გვხვდება.
გავრცელება
კაპარჭები ჩრდილოეთის, ბალტიის, შავ, აზოვისა და კასპიის ზღვის აუზებში და მათ შენაკად მდინარეებში გვხედება. საქართველოს ფარგლებში მოიპოვება პალიასტომის ტბაში, მდ. რიონის შესართავში, მდინარე კაპარჭაში (ფოთის რაიონი) და ბებესირის ტბაში.
ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა
კაპარჭა ტბა-მდინარის მტკნარი წყლის თევზია, თუმცა მლაშე წყალსაც არ გაურბის. საგრძნობ მიგრაციას ის არ ახდენს; ტოფობისა და დაზამთრების დროს უმთავრესად ქვედა ფენებში გვხვდება. პატარა წყალსატევებში ჯუჯა, მეტად მცირე ზომის ფორმები წარმოიშვება. ტიოფობა აპრილის ბოლოდან ივნისის ბოლომდე ნაწილ-ნაწილ ხდება და ერთი თვე გრძელდება (16-17°-ს პირობებში).
ნაყოფიერება 17,5-109 ათას, საშუალოდ კი – 54,5 ათას ქვირითამდე აღწევს. ქვირითი მწებავია, შეფერილობით ღია ყვითელი, ოდნავ მოწითალო, დიამეტრით 1,6-2 მილიმეტრამდე აღწევს, გამოჩეკვა ოთხი-ექვსი დღე-ღამე გრძელდება. გამოჩეკილი ლარვა 4,8 მილიმეტრის სიგრძისაა.
კაპარჭა 34 სანტიმეტრის სიგრძეს აღწევს და 1,2 კილოგრამს იწონის. დედლები მამლებზე დიდებია. მამლების ასაკი ექვს წლამდე, დედლების 10 წლამდე და მეტსაც აღწევს. მამლები მესამე წელს სქესობრივად მომწიფებული არიან, დედლები მეოთხე წელს.
საკვებია ფსკერული ორგანიზმები, იშვიათად ზოოპლანქტონი და წყალმცენარეები.
კონკურენტებია: კაპარჭინა, კობრი, გველთევზა და ნაფოტა.
მტრებია: ქარიყლაპია, ღლაბუტა და ფარგა.
კაპარჭვა მეორეხარისხოვანი სარეწაო თევზია, მისგან სხვადასხვა სახის ნაწარმს ამზადებენ.