კასპიის შურთხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კასპიის შურთხი

კასპიის შურთხი (ლათ. Tetraogallus caspius Cmelin, 1784 − ფრინველი ხოხბისებრთა ოჯახიდან.

კასპიის შურთხი დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 270-315 მმ-ია, კუდი − 190-200 მმ, წონა – 2700-3400 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრულ ფრინველს თავი ზემოდან მუქი რუხი აქვს, კისერი − რუხი-მურა, მაგრამ უფრო ნათელი, ვიდრე კეფა. ზურგი და ფრთის მფარავები მოშავო-რუხია, უწვრილესი მოჟანგისფრო წინწკლებით. ზურგის ქვემო ნაწილის ბუმბულებს, მხრისა და ნაწილობრივ ფრთის მფარავებს აქვთ ქარცი არშიები. კუდის ზემო მფარავებსა და საჭის შუა ბუმბულებზე ჭარბობს ქარცი-ცვილისფერი, რომლებზედაც მუქი წინწკლებია. ჩიჩახვი ერთფეროვანი რუხია, თუმცა ზოგჯერ შეიმჩნევა არამკაფიო მუქი ლაქები. მუცელი მოშავო-რუხია, წვრილი ნათელი წინწკლებით. გვერდებზე ბუმბულები შემოვლებულია ჟანგისფერი არშიით. ნისკარტი რქისფერია, ხოლო ფეხები – მონარინჯისფრო-წითელი.

ცნობილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება სომხური კასპიის შურთხი – T. c. tauricus Dresser, 1870.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი მოიცავს მცირე კავკასიონსა და კოპეტდაღს. სსრ კავშირის ფარგლებს გარეთ მოიპოვება მცირე აზიასა და ირანში. ყველგან მობინადრე ფრინველია, თუმცა სეზონურად ახდენს მცირე ვერტიკალურ გადანაცვლებას. საქართველოში მოიპოვება მცირე კავკასიონზე, როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ალპური და სუბალპური ზონა 1800-3000 მ-ის სიმაღლეზე ზ. დ. ირჩევს მკვეთრად დაქანებულ, ღრმა ხეობების კლდე-ღორღიან ადგილებს, სადაც მცირე რაოდენობით არის ქსეროფიტული მდელოები, ჩამოშლილ კლდეებს შორის მინდვრის ფრაგმენტები. აქა-იქ შედის როდოდენდრონის რაყაშიც.

გამრავლება

კასპიის შურთხის ეკოლოგია შეუსწავლელია. ზოგიერთი დაკვირვების მიხედვით, მონოგამიური ფრინველია. გამრავლების პერიოდი იწყება აპრილში. ადრეული ბუდობა ნაპოვნია 21 აპრილს. დებს 10-მდე კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა. ივნისის ბოლო რიცხვებში ახალნაჩეკი თაობა კაკბის სიდიდისაა და შესანიშნავად ფრენს.

კვება

კასპიის შურთხის საკვების ძირითად ნაწილს შეადგენს დაბალმოზარდი ალპური მცენარეულობა, მათ შორის პირველ რიგში მარცვლოვანები. ცხოველური საკვებიდან ჭამს მწერებს, მოლუსკებს და სხვა უხერხემლოებს, მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით.

მნიშვნელობა

კასპიის შურთხი ძვირფასი ქათმისნაირი ფრინველია. მას სარეწაო მნიშვნელობა ამჟამად არა აქვს მცირერიცხოვნობის გამო, მაგრამ სპორტული ნადირობისათვის ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მასზე ნადირობა ახლა აკრძალულია.

წყრო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები