კაცხის სვეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაცხის სვეტი

კაცხის სვეტი– (ინგლ. Katskhi pillar), ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი, კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ქ. ჭიათურიდან 11 კმ-ში მდებარე სოფელ კაცხში, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: სვეტი, სვეტის თავზე არსებული ეკლესია, კრიპტა (აკლდამა), 3 სენაკი, მარანი, გალავანი, სვეტის ძირში არსებული სვიმონ მესვეტეს სახელობის ეკლესია გალავნის ნაშთითურთ, ძველი სამრეკლო.

კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი

კაცხის „სვეტი“ უძველესი დროიდან იქცევდა ადამიანების ყურადღებას. ქრისტიანობამდე „სვეტი“ ნაყოფიერების ღვთაების დანიშნულებას ასრულებდა. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ სვეტი წარმართულ ღვთაებათა პანთეონს სამუდამოდ გამოეყო, რასაც ადასტურებს VI საუკუნით დათარიღებული, კაცხის კლდოვანი სვეტის ძირში გამოკვეთილი, კერპთა შემმუსვრელი, ჯვრის გამოსახულება და X საუკუნის მცირე ეკლესია.

ეკლესია

ამჟამად ძეგლის დათარიღებისა და სვეტზე არსებულ ნაგებობებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ძეგლის პირველ მკვლევარებს მიაჩნდათ, რომ სვეტის თავზე მდგარი ორივე შენობა სამლოცველო იყო. აქედან, მცირე ზომის V საუკუნეს განეკუთვნებოდა, ხოლო მეორეს, უფრო დიდს და კრიპტიანს VI საუკუნით ათარიღებდნენ. 1999-2005 წლებში ჩატარებულმა სამუშაოებმა განსხვავებული ვერსია წარმოქმნა. ხელოვნებათმცოდნე გ. გაგოშიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ კაცხის სვეტზე დგას არა ორი, როგორც მანამდე მიაჩნდათ, არამედ ერთი ეკლესია, ხოლო ნაწილობრივ კლდეში გამოკვეთილი ნაგებობა კი ბერების სამყოფელია. მკვლევარს ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა ქვის წყობის ანალიზმა, კაცხის ნაგებობები ძალიან ახლოს დგას იქვე მდებარე თირისა და რგანის XI საუკუნის II ნახევრის ეკლესიებთან. შესაბამისად, კაცხის სვეტი IX და უფრო X საუკუნის პირველ ნახევარში უნდა იყოს აგებული. კლდეში გამოკვეთილი ბერების საცხოვრებელი სენაკებიც IX-X საუკუნეებს მიეკუთვნება, თუმცა თხემზე ნანგრევებში 2007 წელს ნაპოვნ კირქვის ქვათლილზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (მამა მაქსიმეს აღმოჩენა) პალეოგრაფიული ნიშნებით XIII საუკუნით თარიღდება.

კაცხის სვეტი ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილ კლდოვან მასას წარმოადგენს და როგორც ბუნებრივი წარმონაქმნი, წითელ წიგნშია შეტანილი. სვეტი დაახლოებით 40-45 მეტრის სიმაღლისაა, ხოლო მისი მართკუთხედის ფორმის თხემის ფართობი დაახლოებით 150 კვ. მ-ს შეადგენს. სვეტი ძირითადად შვეულად არის აღმართული. თუმცა, მის ზედა ნაწილში მცირე ზომის რამდენიმე ტერასაა მოთავსებული. ძირთან სვეტი გამოფიტულია და უფრო ვიწროა, ვიდრე მისი ზედა ნაწილი, რაც ქმნის უარყოფით დაქანებას და კიდევ უფრო მიუდგომელს ხდის მას.

აკლდამის შესასვლელი

სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი ნაგებობა (ბაქნის ფართობია 10,0×17,0 მ): ერთი – ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი შირიმის ქვის კვადრებით აგებული ერთნავიანი ეკლესია, გეგმაში ზომებით 4,5x3,5 მ (აღდგენილია ძველ სუბსტრუქციებზე) და მეორე – იქვე მოპოვებული უხეშად დამუშავებული ქვით უდუღაბოდ ნაშენი შენობა. მისი აფსიდი კლდეშია გამოყვანილი. კლდეში ნახევრადნაკვეთი, მშრალი წყობით აგებული ბერების საცხოვრებელი სენაკი (შემორჩენილია ნანგრევების სახით), მართკუთხედის ფორმის (2,0x1,0 მ) კამაროვან კრიპტას (ქვედა სართული – სამარხი) ტიმპანიანი შესასვლელი აქვს გაკეთებული. . კრიპტა სიგრძით ეკლესიის საკურთხევლის აფსიდამდე გრძელდება და მისი ქვათა წყობა ეკლესიის წყობის იდენტურია. ბერების საცხოვრებელი თითოეული სენაკის ფართობი 15-20 კვ. მ-ია.

ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. სვეტის აღმოსავლეთ მხარეს, ძირში, მიწის დონეზე, კლდის მოსწორებულ ზედაპირზე გამოკვეთილია ტოლმკლავა ბოლნური ჯვარი. ასეთი ჯვრის მედალიონებს სირიაშიც მოეპოვებათ ანალოგები.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კაცხის სვეტზე გამოვლენილი სამონასტრო მეურნეობა (განსაკუთრებით, ქვევრები), აბათილებს ვარაუდს იმის თაობაზე, რომ აქ უკიდურესად ასკეტი მესვეტე იყო დამკვიდრებული. კაცხის სვეტის მცირე მონასტერი, სადაც სავარაუდოდ, ორი-სამი ბერი მოღვაწეობდა, კაცხის დიდი მონასტრიდან გამოყოფილი მარტოდსამყოფელია და იერით ძლიერ გავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს, რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული. სიმბოლურად ისინი ცისა და მიწის შემაკავშირებელ ადგილს წარმოადგენენ.

კაცხის სვეტის თხემზე სვეტის დასავლეთ კიდეში არსებობს მარანი. აქ მიწაში რამდენიმე (ამჟამად მიკვლეულია 8 ცალი) ქვევრია ჩადგმული, რომელშიც, სავარაუდოდ, ღვინო და ალბათ, წყალიც ინახებოდა. თითოეული მათგანი დაახლოებით ხუთ-ხუთ ჩაფს იტევს. მარნის ჩასწვრივ, სვეტის დასავლეთ მხარეს, თხემიდან დაახლოებით 10 მეტრის ქვემოთ, შვეულ კლდეში, მცირე მართკუთხა სენაკია გამოკვეთილი.

2007 წლიდან დაიწყო სვეტზე არსებული ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კაცხის სვეტზე ასვლა აკრძალულია. გამონაკლის შემთხვევებში, ადგილობრივი ბერების ლოცვა-კურთხევით, სვეტზე მხოლოდ მამაკაცების ასვლაა შესაძლებელი. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები