კაჭკაჭი
კაჭკაჭი (ლათ. Pica pica Linnaeus, 1758) – ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა – კაჭკაჭი.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ყორნისებრნი (Corvidae)
- გვარი − კაჭკაჭი (Pica)
კაჭკაჭი საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 180-230 მმ-ია, კუდი – 230-300 მმ, ნისკარტი – 25-35 მმ, წონა – 180-250 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრულ ფრინველს სხეულის მთელი წინა ნაწილი, ზურგი, ფრთებისა და კუდის მფარავები, კუდქვეშა და წვივის ბუმბულები ხავერდოვანი შავი აქვს, ბრინჯაოსფერი, მეწამული, ლურჯი ან მწვანე ელვარებით. მხრები, კუდზედა ბუმბულები, მკერდის ქვემო ნაწილი, მუცელი და სხეულის გვერდები სუფთა თეთრია. ფრთები, მისი წვეროების გარდა, აგრეთვე კუდი შავია, ძლიერი მეტალური ელვარებით. პირველი რიგისა და ნაწილობრივ მეორე რიგის მომქნევების შიგნითა მარაოები თეთრია ან აქვთ გასწვრივი თეთრი ზოლები. ნისკარტი და ფეხები შავია.
აღწერილია 13. ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლეთ-ევროპული კაჭკაჭი – P. p. fenorum Lönnberg, 1927.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის არეალი მეტად ვრცელია და მოიცავს ჩრდილოეთი ნახევარსფეროს დიდ ნაწილს. ბუდობს თითქმის მთელ ევროპაში და აზიის დიდ ნაწილში, მაგრამ ჩრდილოეთით ვერსად აღწევს ტყის ზონის ჩრდილოეთ საზღვრამდე. სამხრეთით მოიპოვება ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ევროპის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე, მცირე აზიაში, ირანში, პაკისტანში, შემდეგ მხოლოდ ირტიშის ზემო დინებამდე და ბაიკალის სამხრეთ სანაპიროებამდე. არაა ინდოეთში, ტიბეტში, გობის უდაბნოში და ამურის სათავეებთან. ყველგანაა ჩინეთის დაბლობებში, კორეაში და ამურის ქვემო წელში, აგრეთვე კამჩატკაზე. არაა იაპონიასა და სახალინზე. ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულია კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, ალასკიდან მექსიკამდე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული მხოლოდ აღმოსავლეთ რაიონებში, როგორც მობინადრე ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს მეჩხერ ტყეებსა და ბუჩქნარებში, ველებში, ტუგაის ტიპის ჭალებში, ბაღებსა და პარკებში, ტყე-ველებში, ვენახებში, ეზოებში.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. წყვილებს შორის კავშირი არ წყდება გამრავლების შემდგომ პერიოდში და ზამთარშიც. ბუდობს განცალკევებულ წყვილებად. ბუდეს აკეთებს ერთობლივად ორივე სქესის ფრინველი ხეებზე, მაღალ ბუჩქებზე. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 5-8 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 17-18 დღეს გრძელდება.
კვება
კაჭკაჭი პოლიფაგი ფრინველია, მაგრამ წლის ყველა სეზონში, გარდა ზამთრისა, უმთავრესია ნაირგვარი მწერები, ზოგან კი ზამთარშიც. მწერებითვე კვებავს იგი თავის ბარტყებსაც. ზოგჯერ ჭამს პატარა ზომის ფრინველთა კვერცხებსა და ბარტყებს, თავს ესხმის შინაური ქათმის წიწილებსაც. მცენარეულობიდან საკვებ რაციონში ხშირად შედის როგორც ველური, ისე კულტურული მცენარეების თესლები და ნაყოფები.
მნიშვნელობა
მავნე მწერების განადგურებით კაჭკაჭს მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის, თუმცა ზოგჯერ გარკვეული მავნებლობაც შეუძლია.