კევლიანის ღვთისმშობლის ეკლესია
კევლიანის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფერდობზე, ტყის პირას. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (8,9X4 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ზოგან შირიმიცაა გამოყენებული. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სამხრეთ კედლის ზედა ნაწილი. ეკლესიას სამხრეთით ნალისებრი თაღით დასრულებული ორი შესასავლელი ჰქონია. აღმოსავლეთ შესასვლელი ამოშენებულია, ხოლო დასავლეთისა სწორკუთხოვნად არის გადაკეთებული. აღმოსავლეთით ვიწრო მხრებით გამოყოფილი აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სატრიუმფო თაღი აფსიდის მხრებს ეყრდნობა. თაღის ქუსლებთან მარტივი იმპოსტია, რომლის პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. დარბაზის ნახევარწრიული კამარა (შემორჩენილია სამხრეთ ნაწილში) უშუალოდ კედლებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელზე ერთსაფეხურიანი შეღრმავებაა, რომელსაც კედლის შუა მესამედი უკავია. ჩრდილოეთ კედელში აფსიდის მხართან პატარა ნიშია. სამხრეთის კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის კედლები შელესილი ყოფილა (შელესილობა შემორჩენილია აფსიდის კონქში და აქა-იქ კედლებზე). ეკლესიას სამხრეთით მინაშენი ჰქონია – შემორჩენილია კედლის ფრაგმენტი სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან.
აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თაღი რელიეფური რკალითა და ჯვრითაა შემკული. სამხრეთ ფასადზე შესასვლელი დასრულებულია ტიმპანით, რომლის თაღს შემოვლებული აქვს არქივოლტი.