კეკროფსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კეკროფსი(ბერძნ.) მიწის ძველატიკური ღვთაება. მოგვიანებით მას მიიჩნევდნენ დედამიწის, გეას, ძედ.

კეკროფსი მიწით შობილი არსება იყო, ნახევრად კაცი, ნახევრად გველი. მას მიეწერება ათენისა და ატიკის თორმეტი ქალაქის დაარსება, რის გამოც ხშირად მთელ ამ მხარეს კეკროპიას, ხოლო ათენელებს კეკროპიდებს უწოდებდნენ, თუმცა ისინი თავს მის პირდაპირ ჩამომავლებად არ მიიჩნევდნენ. ძველების რწმენით, სწორედ კეკროფსმა აქცია ატიკის მკვიდრნი ერთ ხალხად. მან მოაწყო ატიკელთა პირველი დიდი თავყრილობა, სადაც უკლებლივ ყველას მიაღებინა მონაწილეობა. ყოველ ატიკელს შუა მოედანზე თითო კენჭი დაადებინა, რათა ზუსტად დაედგინა მათი რიცხვი. შემდეგ დაყო ისინი დემოსებად და ერთცოლიანობა დაუწესა, აუგო ღმერთებს პირველი საკურთხევლები და სისხლიანი მსხვერპლი ქერის კვერებით შეცვალა. კეკროფსმა ააგო ათენის პირველი აკროპოლისი და მას კეკროპია შეარქვა. როდესაც ღმერთებს შორის დავა გაიმართა იმაზე, თუ ვინ იქნებოდა ქალაქის მფლობელი, დავის გადასაწყვეტად ზევსმა თორმეტი ოლიმპიელი კეკროპიაზე შეჰყარა. უხმო კეკროპსაც, რადგანაც იგი თავის პირველ მეფედ აერჩიათ ატიკელებს. უზენაესმა მბრძანებელმა გამოაცხადა, რომ ქალაქის მფარველობა მას ერგებოდა, ვინც რაიმე ძვირფასს შესძენდა მხარეს. პოსეიდონმა სამკაპი დაჰკრა კლდეს და იქიდან მლაშე წყალი ამოადინა. მაშინ ათენამ მიწაში შუბი ჩაარჭო და ზეთისხილი აღმოაცენა. ღმერთთა სამსჯავროზე ხმები თანაბრად გაიყო. დავა კეკროფსს უნდა გადაეწყვიტა. მან კი ასეთი სიტყვა წარმოთქვა: „ოლიმპოსის ბრწყინვალე ღმერთებო, ყოველგან ისმის ზღვის მლაშე ზვირთების დგაფუნი, ზეთისხილი კი პირველად ატიკის მიწაზე იშვა. იგი სიმდიდრეს მოუტანს ჩვენს ხალხს“. ამგვარად, ქალაქის მფარველობა ათენას ერგო და ქალაქსაც მისი სახელი ეწოდა. კეკროფსმა ათენში აღმართა ათენას ტაძარი და ქალღმერთს პირველი ხის ქანდაკება დაუდგა.

მოგვიანებით ათენასა და პოსეიდონის დავა გამოსახეს პართენონის უკანა მხარის ფრონტონზე. ძვ.წ.V საუკუნიდან ჩნდება მითოსი კეკროფსის მოგზაურობაზე ბეოტიაში, ევბეასა და ეგვიპტეში. ამ ლეგენდებით ათენელები ცდილობდნენ გაემართლებინათ სურვილი თავიანთი ბატონობისა იმ ქვეყნებში, სადაც მათი მეფე ქალაქებს აარსებდა თურმე. ახალი მითოსის გამოჩენას კეკროფსის სახის გაორება მოჰყვა: ზოგჯერ მას მიიჩნევდნენ ერეხთევსის წინაპრად, ზოგჯერ კი – ვაჟიშვილად.

კეკროფსს წარმოსახავდნენ ძალოვან კაცად, რომელსაც ფეხების ნაცვლად გველის კუდი ება. ამით მიუთითებდნენ მის ავტოხთონობაზე, ანუ იმაზე, რომ იგი მიწის შვილი იყო.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები