კერესელიძე არჩილ
არჩილ კერესელიძე − (24 დეკამბერი 1912, დაბა ღუნიბი, დაღესტანი – 21 დეკემბერი 1971, თბილისი], ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1961). ჩრდილოეთ ოსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1958).
1934 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ა. ვირსალაძის საფორტეპიანო და მ. ბაგრინოვსკის საკომპ. კლასები), 1939 მოსკოვის კონსერვატორიის საკომპოზიციო განყოფილება (დ. კაბალევსკისა და ნ. მიასკოვსკის კლასები). 1940-44 პოლიფონიას ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში. 1940-46 კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე, 1953-71 კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მუსიკალური რედაქტორია. მისი ნაწარმოებებია: ოპერა „ბაში-აჩუკი“, 1956, დაიდგა თბილისსა და ქუთაისში. ბალეტი „ნაზიბროლა“, მუსიკალური კომედიები: „თბილისის ცის ქვეშ“, „მთვარიდან დაბრუნება“, „ალუბლის ყვავილობა“ და სხვ. სიმფონია, 2 საფონიური კონცერტი, მუსიკა სპექტაკლებისათვის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „მეფე ერეკლე“, „ძველი ვოდევილები“ (კ. მარჯანიშვილის თეატრის დადგმები) და სხვ. კერესელიძეს ეკუთვნის მუსიკა კინოფილმისთვის: „ქეთო და კოტე“ (რედაქცია, რამდენიმე ორიგინინალური ნომერი, 1948), „ბედნიერი შეხვედრა“ (1949), „გაზაფხული საკენში“ (1950), „მაგდანას ლურჯა“ (1955), „ჩვენი ეზო“ (1956), „ფატიმა“ (1958), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1969), სიმღერები, მ.შ. გამოირჩევა „ყელსაბამი“ (ქართული ტელევიზიის მუსიკალური ემბლემა წლების მანძილზე), რომანსი „ვედრება“ გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე. 1973 კერესელიძეს მიენიჭა ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია (სიკვდილის შემდეგ).