კერლინგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კერლინგი

კერლინგი — (ინგლ. Curling<curl – ხვეული, დახვევა). ზამთრის სპორტის სახეობა, გუნდური თამაში ყინულზე. მოთამაშეთა მიზანია ქვის დისკოს მოთავსება მოედნის ბოლოს მოხაზული წრის შუაგულში.

ისტორია

კერლინგის ისტორია შუა საუკუნეებში იწყება. მის სამშობლოდ მიჩნეულია შოტლანდია, თუმცა მსგავსი თამაში ჰოლანდიაშიც იყო გავრცელებული. თამაშობდნენ გაყინულ წყალსაცავებზე, დისკოებად რიყის სიპ ქვებს იყენებდნენ. შოტლანდიაში, სტირლინგში შემორჩენილია კერლინგის სათამაშო ასეთი ქვა, რომელიც ზედ ამოკვეთილი წარწერის მიხედვით 1511 წლით თარიღდება. XVII საუკუნეში რიყის ქვებს სახელურები გაუკეთეს და ისინი თანამედროვე კერლინგის დისკოებს დაემსგავსა. XVIII საუკუნეში შოტლანდიაში იქმნებოდა კერლინგის კლუბები – პირველი დაფუძნდა 1716 წელს სტირინგსირის საგრაფოს ქალაქ კილსიტში. 1795 წელს ედინბურგში შეიქმნა კერლინგის ასოციაცია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. 1834 წელს შოტლანდიის კერლინგის მოყვარულთა კლუბმა პირველად გამოაქვეყნა თამაშის წესები. 1838 წელს დაფუძნდა კერლინგის გრანდ კალედონიური კლუბი, რომელმაც შეიერთა შოტლანდიის კერლინგის მოყვარულთა კლუბი და 1843 წელს კერლინგის სამეფო კალედონიური კლუბი დაერქვა. დახლოებით 1750 წელს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა კერლინგი ჩრდილოეთ ამერიკაში შეიტანეს, სადაც ის მეტად პოპულარული გახდა, განსაკუთრებით, კანადაში. პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა 1865 წელს კანადისა და აშშ-ის გუნდებს შორის.

ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები. შამონი 1924 წელი]

კერლინგი ოლიმპიური პროგრამის ნაწილი იყო 1924 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მისი შედეგები მხოლოდ 2006 წელს აღიარა. კერლინგი 1932, 1988 და 1992 წლის ოლიმპიადებზე საჩვენებელი სტატუსით სარგებლობდა. 1998 წლიდან ის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედის.

წესები

კერლინგს თამაშობს ორი 4-4-კაციანი გუნდი ყინულის მოედანზე, რომლის სიგრძეა 45,72 მ, სიგანე – 5 მ. მოედნის ორივე ბოლოში ყინულზე დახაზულია „ბინა“ – ოთხი კონცენტრირებული წრეწირი. ბინის დიამეტრია 3,7 მ, მის ცენტრში შემოხაზული წრისა – 15,2 სმ. გუნდს სათამაშოდ ეძლევა გრანიტის 8 მასიური დისკო (წონა – 19,96 კგ). მეტოქე გუნდების დისკოების სახელურები სხვადასხვაფერადაა შეღებილი. მოთამაშეებმა დისკო ისე უნდა ტყორცნონ და გაასრიალონ, რომ წრეწირის ცენტრში ან მასთან რაც შეიძლება ახლოს გაჩერდეს, თანაც ცენტრს 1,83 მეტრზე შორს არ გასცდეს. გუნდი იღებს ქულას ყოველი ნატყორცნი დისკოსთვის, თუ ის ცენტრში შემოხაზულ წრესთან მეტოქის დისკოზე ახლოს აღმოჩნდება. თამაში შედგება 10 რაუნდისგან, ანუ „ენდისგან“. ყოველ ენდში გუნდი 8 დისკოს ტყორცნის (თითოეული სპორტსმენი – ორ-ორს). დისკოებს ტყორცნიან ბინის ცენტრიდან 28,40 მეტრის დაშორებით ყინულზე გრძივად დამაგრებული „ჰაკიდან“, ანუ ტყორცნის ხაზიდან. მოთამაშეები დისკოს გვერდით მიჰყვებიან და ყინულზე მისრიალებენ შემდეგ ხაზამდე. სანამ დისკო ჰოგს მიაღწევდეს, სპორტსმენებს კიდევ შეუძლიათ მისი მოძრაობის კორექტირება (აჩქარება, შენელება, ტრაექტორიის შეცვლა) საგანგებო ჯაგრისების („ბრუმების“) მეშვეობით. ისინი ჯაგრისებით დისკოს წინ ყინულს ასუფთავებენ, ზოგჯერ კი მიმართულების შესაცვლელად სერავენ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები