კილოებრივი ფუნქციები (მუსიკა)
კილოებრივი ფუნქციები – კილოს ტონების მნიშვნელობა, რომელიც განისაზღვრება მათი საფეხურებრივი მნიშვნელობით: I საფეხური წარმოადგენს ძირითად საყრდენ ბგერას, ტონიკას, II და VII საფეხურებს, რომლებითაც გარემოცულია ტონიკა, ეწოდება შემავალი ტონები (ზემო და ქვემო); V საფეხური – დომინანტა, IV – სუბდომინანტა, III და VI – მედიანტები (ზემო და ქვემო).
ყველაზე ხშირად ფუნქციის ცნება გამოიყენება ჰარმონიაში, სადაც ყოველ აკორდს, კილოში მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, გააჩნია განსაზღვრული კილოებრივი ფუნქციის შესაბამისი მოქმედების ხასიათი. განარჩევენ სამ ჰარმონიულ ფუნქციას: ტონიკურს (T), დომინანტურს (D) და სუბდომინანტურს (S). ძირითადი ფუნქციების გარდა, რომლებიც გამოსახავენ აკორდების დამოკიდებულებას კილოებრივი ცენტრის მიმართ, მუსიკაში წარმოიქმნება ცვლადი ფუნქციებიც, რომლებიც დამოკიდებულია აკორდების რიტმზე და მათ თანმიმდევრობაზე.