კირხჰოფი გუსტავ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუსტავ კირხჰოფი

გუსტავ რობერტ კირხჰოფი – (გერმ. Gustav Robert Kirchhoff, 1824 - 1887 წ), გერმანელი ფიზიკოსი.

კირხჰოფმა უნივერსიტეტში ბრწყინვალე განათლება მიიღო მათემატიკისა და ფიზიკის სფეროში. ამის დამამტკიცებელია დამოუკიდებელი კვლევითი ნაშრომი სათაურით „ბრტყელ ფირფიტაში, მაგალითად, წრიულში, ელექტრული დენის გავლის შესახებ“. ამ ნაშრომში პირველად იქნა ფორმულირებული ორი წესი, რომლებიც კირხჰოფის სახელს ატარებენ და ელექტრული გამტარების თეორიის საფუძველს შეადგენენ.

პირველი წესი ამბობს: დენის წრედის არცერთ წერტილში არ შეიძლება მოხდეს მუხტის არც დაგროვება და არც შემცირება.

მეორე წესი ეხება დენის ძალას. ყველაზე მარტივი ფორმულირება ამბობს: ყოველგვარ ჩაკეტილ კონტურში ყველა ელექტრომამოძრავებელი ძალის ჯამი ტოლია დენების ძალებისა და კონტურის შესაბამისი უბნის წინაღობის ნამრავლის ჯამისა.

1847 წელს კირხჰოფმა მიიღო დოქტორის ხარისხი და ფიზიკის დოცენტის თანამდებობა ჯერ კენიგსბერგის, ხოლო შემდგომ ბერლინის უნივერსიტეტში.

ასე დაიწყო კირხჰოფის კარიერა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მის მეცნიერულ საქმიანობასთან.

ლექციის შემოკლებით და გასაგებად წაკითხვის ნიჭი, სიზუსტე და კეთილსინდისიერება, როგორც პედაგოგიურ, ისე კვლევით მოღვაწეობაში, ღრმა ცოდნა და განუწყვეტელი გამოკვლევები ხელს უწყობდნენ მეცნიერულ იერარქიაში მის სწრაფ წინსვლას.

ჯერ კიდევ 1850 წელს შესთავაზეს ბრესლაუს (ვროცლავის) უნივერსიტეტში ფიზიკის ექსტრაორდინარული პროფესორის თანამდებობა, ხოლო 1854 წ. 30 წლის ასაკში, დაიკავა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ექსპერიმენტალური და თეორიული ფიზიკის ორდინარული პროფესორის თანამდებობა.

კირხჰოფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ოც წელზე მეტი დაკავშირებულია ჰაიდელბერგთან. აქ კირხჰოფს შესაძლებლობა ჰქონდა ეთანამშრომლა ისეთ ცნობილ მეცნიერებთან, როგორიც იყვნენ ჰელმჰოლცი და ბუნზენი.

ჰაიდელბერგში შექმნა ახალი დიდი ნაშრომები: განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის გამოკვლევები, რომლებიც ეხება სხვადასხვა კონფიგურაციის გამტარებში ელექტრული დენის გავლას. ნაშრომში, რომელიც გამოაქვეყნა 1858 წელს, კირხჰოფმა გამოიყვანა ეგრეთწოდებული ტელეგრაფული განტოლება და მიუთითა იმაზე, რომ გამტართა გასწვრივ ვრცელდება ელექტრული ტალღა, რომელზეც ედება მსგავსი ტალღა, არეკლილი და შებრუნებული მიმართულებით დაბრუნებული, და რომ ეს ტალღები ვრცელდებიან სინათლის სიჩქარესთან ახლო მყოფი სიჩქარით. ეს აღმოჩენა რომელიც ელექტრული და სინათლის ტალღების გავრცელების მსგავსებაზე მიუთითებდა, ათი წლის შემდეგ მაქსველისათვის ორივე ამ მოვლენის მომცველი ერთიანი თეორიის დამუშავების საფუძველი გახდა.

მათემატიკური აპარატის თავისუფლად გამოყენება კვლევითი მიზნებისათვის ნათლად იგრძნობა კირხჰოფის შრომებში, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრობის მოძღვრებასთან. მათ მიეკუთვნება კონდენსატორების ტევადობის გამოთვლასა და ელექტრული ველების გამოკვლევებთან დაკავშირებული შრომები.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კირხჰოფმა დაიწყო ძალიან საინტერესო თეორიული გამოკვლევები ელექტრული და მაგნიტური ველების და ნივთიერების მექანიკურ დრეკადობისა და დეფორმაციის ურთიერთქმედებაზე. შესაბამისი მოვლენები, რომლებმაც ელექტროსტრიქციისა და მაგნიტოსტრიქციის სახელი მიიღეს, სულ უფრო ფართო გამოყენებას პოულობენ პრაქტიკაში.

კირხჰოფის ყოველმხრივი ინტერესი ასახულია მის სამუშაოთა თემატიკაში, რომელიც მოიცავს არა მარტო ელექტრობას, არამედ ფიზიკის სხვა განხრებსაც. მუშაობდა ოპტიკაში, სითბოში, მყარ სხეულთა მექანიკაში. ამასთან იყო არა მარტო ნიჭიერი თეორეტიკოსი, არამედ საუკეთესო ექსპერიმენტატორიც. ამან შესაძლებლობა მისცა ბუნზენთან ერთად დაემუშავებინა სპექტრული ანალიზის მეთოდი, რომელიც დღესაც უზარმაზარ როლს თამაშობს მეცნიერებაში და ტექნიკაში. სპექტრული ანალიზის დახმარებით მათ, მაგალითად, აღმოაჩინეს ორი მეტალი – რუბიდიუმი და ცეზიუმი.

კირხჰოფის მეცნიერული შემოქმედება აღიარებულ იქნა მისი თანამედროვეების მიერ. 1861 წელს არჩეულ იქნა ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ერთი წლით გვიან ასეთივე წოდება მიენიჭა პეტერბურგის აკადემიაში, ხოლო 1870 წ. პარიზის აკადემიაში. ბერლინის აკადემიამ 1874 წელს მიიწვია ორდინარულ წევრად.

1875 წელს გახდა ბერლინის უნივერსიტეტის მათემატიკური ფიზიკის კათედრის გამგე. გარდაიცვალა 1887 წლის 17 ოქტომბერს შემოქმედებითი ძალების გაფურჩქნის პერიოდში.

წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები