ჰელმჰოლცი ჰერმან
ჰერმან ლუდვიგ ფერდინანდ ჰელმჰოლცი - (გერმ. Hermann Ludwig Ferdinand von Helmholtz, 1821 - 1894), ეს უდიდესი გერმანელი ფიზიკოსი, ფიზიოლოგი და ფილოსოფოსი, განათლებით ექიმი, იყო კენიგსბერგის, ბონის, ჰაიდელბერგის და ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი. უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობასთან ერთად მეცნიერულ გამოკვლევებსაც ეწეოდა.
ცნობილ ნაშრომში „ძალის შენახვის შესახებ“ (1847) ჰელმჰოლცმა პირველად მოგვცა ენერგიის შენახვის კანონის მათემატიკური განმარტება და მიუთითა მისი ხასიათის ზოგადობაზე.
ჰელმჰოლცმა გაზომა ნერვის აღგზნების გავრცელების სიჩქარე, შექმნა თვალის აკომოდაციის თეორია, დიდი სისრულით დაამუშავა მოძღვრება ფერადი მხედველობის შესახებ და მოგვცა ფერების პირველი სისტემატიკა. 1851 წელს გააკეთა ოფთალმოსკოპი და ლარინგოლოგიური სარკე. დაამუშავა ფონაციის – მეტყველების ბგერების წარმოქმნის თეორია.
ფიზიკის სფეროში, გარდა ამისა, იყო შრომების ავტორი აკუსტიკაში (ისინი ბგერების ანალიზს შეეხებოდნენ), ელექტრობაში, სადაც პირველმა შემოიტანა „პოტენციალის“ ცნება მუშაობდა ჰიდროდინამიკაში – შექმნა იდეალურ სითხეთა გრიგალური მოძრაობის თეორია, იკვლევდა ელექტრომაგნიტური აღგზნებების გავრცელების სიჩქარეებს და დენებს ღია გამტარებში. შემდეგში ამ თემას ხელი მოჰკიდა ჰერცმა და მიიღო ელექტრომაგნიტური ტალღები.
ჰელმჰოლცმა თავისი სიცოცხლის ბოლო წლები ძირითადად თერმოდინამიკის საკითხებს მიუძღვნა. შემოიტანა თავისუფალი ენერგიის ცნება და მიუთითა მის გამოყენებაზე ფიზიკურ ქიმიაში. მიუთითა აგრეთვე, რომ უმცირესი ქმედების პრინციპი შეიძლება სითბურ მოვლენებსა და ელექტროდინამიკაშიც გამოვიყენოთ.
1874 წელს მოგვცა ანომალური დისპერსიის საფუძვლების ფორმულირება, ხოლო 1842 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი დისპერსიის ელექტრომაგნიტურ თეორიაზე.
ჰელმჰოლცი მიეკუთვნება თავისი დროის ყველაზე ცნობილ მეცნიერთა რიცხვს.
მისი სახელი მიიღო განტოლებებმა („ჰელმჰოლც-რიბსის განტოლებები“), აკუსტიკურმა რეზონატორმა (ჰელმჰოლცის რეზონატორი) და ე. წ. ჰელმჰოლცის კონტრაქციულმა თეორიამ რომელიც მოგვიანებით ლორდმა კელვინმა განავითარა.
ამ თეორიის თანახმად ენერგიის წყაროს, რომელსაც მზე (ვარსკვლავები) ასხივებს, წარმოადგენს მზის „დაჯდომა,“ რომელიც გრავიტაციული ენერგიის სითბურ ენერგიაში გარდაქმნასთანაა დაკავშირებული. თანამედროვე თეორიების თანახმად, ვარსკვლავებისა და მზის ენერგიის წყაროს თერმობირთვული რეაქციები წარმოადგენს.