კისრის სიმსივნოვანი პათოლოგიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კისრის სიმსივნოვანი პათოლოგიები — კისრის ადენოპათიების ეტიოლოგია შესაძლოა შენიღბული იყოს კისრის მიდამოში არსებული მრავალი ანატომიური ერთეულის კიბოთი. ეს შეიძლება იყოს ნერვები, სისხლძარღვები, სანერწყვე ჯირკვლები, ფარისებრი ჯირკვალი და ა.შ.

ადენოპათიის მდებარეობა და კლინიკური ანამნეზი ძალიან ხშირად მიუთითებს პირველად სიმსივნურ დაზიანებაზე.

სარჩევი

კისრის შუამდებარე სიმსივნეები

ამ მიდამოში შედის:

სუბჰიოიდური (ინის ძვლის ქვეშა) მიდამო:

— დერმოიდული კისტა;
— ოდონტოგენური ქრონიკული ცელულიტი;
— ნიკაპქვეშა ოდონტოგენური ადენოპათია;

თირო-ჰიოიდური (ფარისებრინის ძვლის ქვეშა) მიდამო:

(KTT) კისრის შუამდებარე კისტა, ოპერაციამდე და ოპერაციის დროს.
კისრის შუამდებარე კისტა

კისრის შუამდებარე კისტა (Kyste du Tractus Thyreoglosse – KTT). პალპაციით, ეს სიმსივნე არის რბილი. მისი მოძრაობა უნისონშია ყლაპვის მოძრაობასთან. როგორც წესი, ვლინდება ადრეულ ასაკში მტკივნეული შესიებით,ზოგჯერ ინფიცირებით და შესაძლო ფისტულიზაციით. მკურნალობა არის ყოველთვის ქირურგიული, რადგანაც მომავალში ეს პათოლოგია აუცილებლად გართულდება ჩირქმდენი ფისტულით ან, რაც უარესია, შეიძლება განიცადოს მალიგნიზაცია. დიაგნოზი ისმება ექოსკოპიური კვლევის საფუძველზე. უნდა გამოირიცხოს ატოპიური ფარისებრი ჯირკვლის არსებობა. ოპერაციის მსვლელობისას, აუცილებელია ინის ძვლის შუა ნაწილის რეზექცია და მისი დარჩენილი ლატერალური ნაწილების ოსტეოსინთეზი.

გარეთა ლარინგოცელე

გარეთა ლარინგოცელე (laryngocele). ლარინგოცელეს პარამედიალური მდებარეობა იშვიათია, თუმცა გვხვდება. დიაგნოზი კლინიკურად ისმება ვალსალვას მანევრით (Valsalva) რაც ცხვირის ობტურირების დროს, პაციენტის მიერ ცხვირით ჩაბერვაში გამოიხატება. გარეთა ლარინგოცელე უნდა განვასხვაოთ ხორხის კიბოსაგან.

ხორხის, ტრაქეის და ფარისებრი ჯირკვლის მიდამო

უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მიდამოს სიმსივნოვანი წარმონაქმნები, როგორც წესი, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებია. ტრაქეის და პრელარინგეალური სიმსივნეები ძალიან იშვიათია. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დიაგნოსტიკა ექოსკოპიით, სცინტიგრაფიით და CT-ით ხდება. კვალიფიციური ექოსკოპიური კვლევა აღწერს სიმსივნის მდებარეობას, მის კონსისტენციას ასევე, რაოდენობას და თავად ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობას. სცინტიგრაფიული კვლევა ძალიან გვეხმარება ახალწარმონაქმნის ხასიათის დადგენაში. მაგალითად, ე.წ. „ცხელი კვანძი“ მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ადენომის დროს გვხვდება და პირიქით, „ცივი კვანძი“ მისი ავთვისებიანობის მაჩვენებელია და ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. ზოგადად, ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადების დაახლოებით 90% კეთილთვისებიანია მხოლოდ 10%-ია ავთვისებიანი. ჩერნობილის ავარიის და ასევე, ეკოლოგიის გაფუჭების პირობებში, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა.

კისრის ლატერალური სიმსივნეები

კისრის ლატერალური სიმსივნეები უფრო რთული ჯგუფია. მათ რიცხვში, ასევე, შედის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები. ამ ჯირკვლის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, ეს პათოლოგიები ასევე შედის ზემოთ აღწერილ შუამდებარე სიმსივნეების ჯგუფშიც.

კისრის ლატერალური მიდამო შეიძლება სიმბოლურად დავყოთ:

რეტროაურიკულარული და ყბის უკანა მიდამო

მის უმეტეს ნაწილს ყბაყურა ჯირკვალი იკავებს. ამ რეგიონის და ამ ჯირკვლის გასინჯვა, როგორც წესი, უკვე საკმარისია იმისათვის, რომ გამოვლინდეს სიმსივნოვანი პათოლოგია. ხშირად დიაგნოსტიკას აზუსტებს ექოსკოპიური ან მაგნიტურ რეზონანასული კვლევა, რომელიც უკვე დეტალურად აღწერს ზომას, მდებარეობას და მეზობელ ორგანოებთან დამოკიდებულებას. ასევე, უნდა აღვნიშნოთ ციტოლოგიური კვლევის მნიშვნელობა, რომლის მიხედვითაც ხდება ქირურგიული ტაქტიკის მართვა. თუმცა, საბოლოო და ზუსტი დიაგნოზი ჰისტოლოგიური კვლევის შემდეგ უნდა დაისვას. ყბაყურა ჯირკვლის ძირითადი სიმსივნეებია: პლეომორფული ადენომა (შერეული სიმსივნე), ცისტ-ადენოლიმფომა და უფრო იშვიათად, კარცინომები და ეპითელიომები. ბიოფსია ჰისტოლოგიური კვლევისათვის და შემდგომი ექსპრეს დიაგნოსტიკა განაპირობებს ქირურგიული ჩარევის მასშტაბებს. მაგალითად, პლეომორფული ადენომის შემთხვევაში, ადრე აუცილებელი იყო ტოტალური პაროტიდექტომია. ბოლო მონაცემებით, ეგზოფაციალური ამოკვეთაც საკმარისია. როდესაც საქმე გვაქვს ავთვისებიან პროცესთან, ტოტალურ პაროტიდექტომიას თან ერთვის იპსილატერალური ლიმფადენექტომიაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩარევის ხასიათი დამოკიდებულია სიმსივნის ჰისტოლოგიურ დიაგნოზზე. ნებისმიერი ჩარევა ყბაყურა ჯირკვალზე, იქნება ეს ეგზოფაციალური, ტოტალური რეზექცია თუ ბიოფსია, უნდა განხორციელდეს სახის ნერვის იდენტიფიკაციის შემდეგ, რაც გვაძლევს მის ატრავმულად გამოყოფის საშუალებას. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც, შესაძლოა საქმე გვქონდეს ნერვულ სიმსივნესთან ან ლიმფური კვანძის ინტრაპაროტიდულ ტუბერკულოზთან. ამ რეგიონში ძალიან იშვიათია პარაფარინგეალური სიმსივნეები. ასეთი სიმსივნეების დროს, აუცილებელია პირ-ხახის დათვალიერება. შესაძლო ფარინგეალური გავრცელება, ამ შემთხვევაში, გამოხატული იქნება: ა) წინა რკალის გამოზნექით, როდესაც ყბაყურა ჯირკვლის ფარინგეალური ნაწილის სიმსივნესთან გვაქვს საქმე. ბ) უკანა რკალის გამობერვით, როდესაც, როგორც წესი, ნერვული სიმსივნეები (მაგალითად ქემოდექტომები), რეტრო-სტილოიდურ მიდამოში დიდ ზომას აღწევენ. პარაფარინგეალური გავრცელების სიმსივნეები აუცილებლად მოითხოვს არა მარტო CT კვლევას, არამედ ანგიოგრაფიასაც.

საძილე არტერიის ბიფურკაციის მიდამო

აქ მდებარე სიმსივნეების მრავალფეროვნება დიაგნოსტიკისათვის ცოტათი უფრო რთულია. მარტივი ადენოპათიების გარდა, ამ რეგიონში შესაძლოა შეგვხვდეს:

ა) თანდაყოლილი ლატეროცერვიკალური სიმსივნეები

მეორე ბრანქიალური რკალის თანდაყოლილი კისტა

მეორე ბრანქიალური რკალის თანდაყოლილი კისტა (სალა-ყუჩე ნაპრალის/ ბრანქიალური კისტა). მათი გამოვლენა შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ ასაკში. ასევე, ზრდის ხასიათიც არ არის ტიპური. შესაძლოა სწრაფი ან ნელი ზრდა. ინფიცირების დროს ის მტკივნეულია და შესაძლოა კანის ჰიპერემიაც. ის მდებარეობს მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის წინა კიდესთან, m. Digastricus (ორმუცელა კუნთის) წინ და ყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვლის უკან. ამ კისტის პუნქციის შედეგად, ვიღებთ ბლანტ, მღვრიე სითხეს. გასათვალისწინებელია ორი საფრთხე: ტონზილას (გლანდის) ეპითელიომას მეტასტაზური ადენოპათია, რომელიც ძალიან წააგავს ამ კისტას. ასევე, თანდაყოლილი კისტის და მეტასტაზური კვანძის თანაარსებობა.

კისტოზური ლიმფანგიომა. პაციენტის ფოტო, რადიოლოგიური სურათი, ამოკვეთილი მასალა
კისტოზური ლიმფანგიომა

მისი საწყისი ადგილი, როგორც წესი, კაროტიდული არტერიის ბიფურკაციაა. თუმცა, მან შეიძლება ძალიან დიდ ზომებსაც მიაღწიოს. დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანია მისი თანდაყოლილი ხასიათი. მისი რბილი და უმტკივნეულო პალპაცია და გამჭვირვალობა შუქის მინათებისას. ოპერაციული ჩარევა აუცილებელია, რადგანაც ის იზრდება. ოპერაციის დრო უნდა განისაზღვროს ასაკთან და ზომებთან დაკავშირებული რისკების მიხედვით. კისტოზური ლიმფანგიომა.

ჰემანგიომა

ეს დაავადება ძალიან წააგავს კისტოზურ ლიმფანგიომას, თუმცა აქვს განსხვავებებიც: პალპაციით უფრო მკვრივია, არ არის შუქზე გამჭვირვალე, ხველებაზე რეაგირებს. როგორც წესი, იგი პაროტიდულ მიდამოში მდებარეობს. ოპერაციული ჩარევა, როგორც წესი, არ სჭირდება და სპონტანურად გადის თუ საქმე არ გვაქვს დიდი ზომის ჰემანგიომასთან, რომელიც იწვევს დისპნოეს.

ბ) სისხლძარღვოვანი სიმსივნეები

საძილე არტერიის ანევრიზმა
საძილე არტერიის ანევრიზმა

მისი დიაგნოსტიკა ანამნეზის და არტერიოგრაფიის საფუძველზე ხდება. ტრავმული ან ათერომატოზული გენეზის ანევრიზმები იწვევს კისრის მიდამოს შესიებას და ამ შესიების პულსაციას. შესაძლოა საძილე არტერიის დაზიანებაც თანდაყოლილი, ძალიან გრძელი processus styloideus-ით. ამ დიაგნოზის დამტკიცების შემთხვევაში, აუცილებელია ანგიოლოგის ჩარევა.

გიგანტური სადგისისებრი მორჩის CT სურათი. საძილე არტერიის ანევრიზმის ხშირი მიზეზი.

საძილე არტერიის კედლის სიმსივნეები

ამ შემთხვევაში ანამნეზში ტრავმა არ აღენიშნებათ, პალპაციით ეს სიმსივნეები მტკივნეულია, პულსირებს, მოძრაობს წინ და უკან და ფიქსირებულია ზემოთ-ქვემოთ მოძრაობისას. დიაგნოზი ისმება არტერიოგრაფიის საშუალებით. ოპერაცია გულისხმობს ამ სიმსივნის ამოკვეთას და სავარაუდოდ, საძილე არტერიის რეკონსტრუქციას.

ყბისქვეშა მიდამო

სანერწყვე ჯირკვლების და მათი სადინრების ტოპოგრაფია

კისრის ამ მიდამოს სიმსივნეების უმრავლესობა წარმოდგენილია ლიმფური კვანძების ადენოპათიებით. თუმცა, ყბისქვეშა ჯირკვლის შერეული სიმსივნე – პლეომორფული ადენომა – არცთუ ისე იშვიათი პათოლოგია გახლავთ და მისი დიაგნოსტიკა, როგორც წესი, ექოსკოპიური კვლევით ხდება. ამ სანერწყვე ჯირკვლის კიბოკარცინომა, იშვიათი, თუმცა საშიში დაავადებაა და ესეც უნდა გამოირიცხოს ჰისტომორფოლოგიური კვლევით. ძალიან ხშირი დაავადება, რომელიც ამ ანატომიურ რეგიონში კისრის სიმსივნოვან კლინიკას გვაძლევს, არის სანერწყვე ჯირკვლის ლითიაზი. ასეთ შემთხვევაში, WARTHON-ის სადინრის გასავალში ყბისქვეშა ჯირკვლის სადინარში, რომელიც ენის ქვეშ მდებარეობს, არსებობს ჩირქოვანი გამონადენი ან შესიება.

ლავიწზედა მიდამოს სიმსივნეები

კისრის ამ მიდამოს სიმსივნეები, როგორც წესი, ავთვისებიანი ლიმფომებით ან ეპითელიომებით არის წარმოდგენილი. იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა ნერვული, კეთილთვისებიანი სიმსივნეები, რომლის დროსაც გამოკვეთილია ტკივილი. ასეთ შემთხვევაში, სიმსივნის ამოკვეთა არ შეიძლება, რადგანაც ამ სიმსივნის ამოკვეთა კატასტროფულ შედეგებს მოგვცემს და დაარღვევს ზედა კიდურების მოძრაობას. ასევე, აღსანიშნავია კანქვეშა სიმსივნეები – დერმოიდული კისტები, ლიპომები.

ნეიროფიბრომატოზის კანის ფორმა

ნერვული სიმსივნეების არსებობის დროს, უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ მრავლობითი ნეიროფიბრომატოზის შემთხვევაში, ოპერაციული ჩარევა არ არის რეკომენდებული უშედეგობის გამო. მათი დიფერენციალური დიაგნოსტიკა CT-ით, გამოწვეული პოტენციალების (E.A.P.) კვლევებით და კანის დათვალიერებით (ნერვული, პატარა სიმსივნეების მრავლობითი არსე- ბობა) ხდება.

დასკვნა

კისრის ნებისმიერი სიმსივნის საბოლოო დიაგნოსტიკა ეყრდნობა ჰისტომორფოლოგიურ კვლევას. ციტოლოგიური კვლევა, რომლის მეთოდიკა უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული, უმჯობესია განახორციელოს გამოცდილმა ციტოლოგმა. ის ძალიან გვეხმარება კისრის სიმსივნეების დიაგნოსტიკაში, თუმცა მისი შესაძლებლობების გადამეტება არ უნდა მოხდეს. საბოლოო დიაგნოზის ჩამოსაყალიბებლად, აუცილებელია მისი დასკვნები შეესაბამებოდეს კლინიკურ ანამნეზს. კისრის გაურკვეველი სიმსივნის ბიოფსია და მისი შემდგომი ექსპრეს მეთოდით კვლევა, წარმოადგენს კიდევ უფრო ზუსტ მეთოდს ამა თუ იმ პათოლოგიის გამოსავლენად. გამომდინარე იქიდან, რომ ბიოფსია, როგორც წესი, ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ხორციელდება, ექსპრეს დიაგნოსტიკის შედეგად, ავთვისებიანი სიმსივნის დადგენის შემთხვევაში, სასურველია ამ დროსვე გაკეთდეს ტოტალური ლიმფადენექტომია. ამის შესახებ პაციენტი წინასწარ უნდა იყოს გაფრთხილებული. ექსპრეს დიაგნოსტიკის შედეგად მიღებული პასუხი განაპირობებს თუ როგორი ოპერაციული ჩარევა დასჭირდება პაციენტს. შესაძლოა ჩატარდეს მხოლოდ ტოტალური ლიმფადენექტომია ან ამას დამატებული თიროიდექტომია, პაროტიდექტომია, რაც ლოგიკურად მოითხოვს, რომ ქირურგი, რომელიც ბიოფსიას აკეთებს, უნდა ფლობდეს ჩამოთვლილი ოპერაციების ჩატარების ტექნიკას.

ახალშობილის კისრის მიდამოში, კერძოდ, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის საპროექციო არეში მდებარე სიმსივნე ყოველთვის ამ კუნთის ჰემატომას წარმოადგენს და ფიბრომატოზის სახელით არის ცნობილი. ეს სიმსივნე სპონტანურად უნდა გაქრეს, თუმცა ამას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები