კლასიკური დიჰოტომია
კლასიკური დიჰოტომია - (classical dichotomy) - ეკონომიკური ცვლადების თეორიული დაყოფა ნომინალურ და რეალურ სიდიდეებად. ეკონომიკური მახასიათებლები იყოფა ორ ჯგუფად (დ. იუმი): პირველ ჯგუფს შეადგენს ნომინალური ცვლადები, ანუ ის სიდიდეები, რომლებიც იზომება ფულადი ერთეულით, ხოლო მეორე ჯგუფს - რეალური ცვლადები - სიდიდეები, რომლებიც იზომება ფიზიკური ერთეულებით. მაგ., ხორბლის ფასი ნომინალური ცვლადია, ვინაიდან ფულადი ერთეულით გამოიხატება, მაშინ როდესაც ხორბლის მოსავალი - რეალური ცვლადია, ვინაიდან ცენტნერებითა და ტონებით იზომება. ანალოგიურად ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალური სიდიდეა, ვინაიდან ზომავს ეკონომიკაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებას ფულადი ერთეულით, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი რეალური სიდიდეა, ვინაიდან გამოხატავს წარმოებული საქონლისა და მომსახურების მთლიან რაოდენობას. დ. იუმის აზრით, კლასიკური დიჰოტომია სასარგებლოა ეკონომიკის ანალიზისათვის, ვინაიდან მასში მოქმედი ძალების ერთი ნაწილი ზეგავლენას ახდენს ნომინალურ, ხოლო მეორე ნაწილი - რეალურ ცვლადებზე. სახელდობრ, იგი ამტკიცებდა, რომ ნომინალური სიდიდეები ფულად-საკრედიტო სისტემის ცვლილებების უშუალო ზემოქმედების ქვეშაა, ხოლო რეალური სიდიდეები - არა. მაგ., ფულის მიწოდების ცვლილება უშუალო ზეგავლენას ახდენს ნომინალურ, მაგრამ არარეალურ ეკონომიკურ სიდიდეებზე. თუ, ვთქვათ, ცენტრალური ბანკი გააორმაგებს ეკონომიკაში ფულის მიწოდებას, ამით გაორმაგდება ფასების დონე, ასევე ფულით გამოხატული ხელფასი (ნომინალური ხელფასი), აგრეთვე სხვა ნომინალური ცვლადები, რომელთაც აქვთ ღირებულებითი გამოხატულება, მაგრამ რეალური ცვლადები, ისეთები, როგორიცაა წარმოების, რეალური ხელფასის დონე და სარგებლის რეალური განაკვეთი დარჩება უცვლელი.