კლასიკური მექანიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლასიკური მექანიკამექანიკა, რომელსაც საფუძვლად უდევს ნიუტონის კანონები. კლასიკური მექანიკა შეისწავლის მაკროსკოპულ ნივთიერ სხეულთა მოძრაობას, როდესაც ამ მოძრაობის სიჩქარე გაცილებით მცირეა სინათლის სიჩქარესთან შედარებით.

კლასიკური მექანიკის ძირითადი ცნებებია სივრცის, დროის, ნივთიერი წერტილის და ძალის ცნებები, ხოლო „მექანიკის ფუნდამენტად“ ითვლება ნიუტონის ყველა კანონი.

კლასიკური მექანიკის კანონები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდგება მექანიკური მოვლენების ასახსნელად, როდესაც ისინი განიხილებიან ათვლის ინერციული სისტემის მიმართ.

არსებობს კლასიკური მექანიკის პრინციპების აგების სამი სხვადასხვა მეთოდი:

1) ჩვეულებრივი, სადაც ძირითად დამოუკიდებელ ცნებებთან – სივრცე, დრო და მასა, შემოაქვთ ძალის ცნებაც. დინამიკის ძირითადი განტოლება გარკვეულად აკავშირებს ყველა ამ ცნებას. ასეთი „ძალოვანი“ კონცეფცია უპირატესად მექანიკის ტექნიკური გამოყენების საფუძველია;
2) ე. წ. „ენერგეტიკული“ აგება, რომელიც ფართოდ გამოიყენება თეორიულ ფიზიკაში. აქ ამოსავალი ცნებაა არა ძალა, არამედ ენერგია. დინამიკის ძირითადი განტოლების ადგილს იკავებს ენერგიის მუდმივობის კანონი;
3) გ. ჰერცის აგება, რომელიც მხოლოდ სივრცის, მასის და დროის ცნებებს იყენებს. ძალა და ენერგია მათგან ნაწარმოები ცნებებია. ამ კონცეფციას უფრო მეთოდოლოგიური ხასიათი აქვს.

კლასიკურ მექანიკაში მიღებულია ორი ძირითადი დაშვება:

პირველის თანახმად დროის მიმდინარეობა დამოუკიდებელია ათვლის სისტემის შერჩევისაგან, ე. ი. დრო აბსოლუტურია.
მეორე დაშვების თანახმად მონაკვეთის სიგრძე არ არის დამოკიდებული ათვლის სისტემის შერჩევაზე, ე.ი. მონაკვეთის სიგრძე აბსოლუტურია (იხ. მექანიკა).

კლასიკური მექანიკის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლეონარდო და ვინჩის, ნიკოლოზ კოპერნიკის, იოჰან კეპლერი, გალილეო გალილეის, რენე დეკარტის, ქრისტიან ჰიუგენსის და სხვათა აღმოჩენებს. მექანიკამ დასრულებული სახე მიიღო ისააკ ნიუტონის ტრაქტატში „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“ (1687). თავისი წინამორბედების მიერ მიღებული შედეგების ღრმად გაანალიზებით, მათი სისტემატურად დამუშავებით, ნიუტონმა მექანიკის აღწერას საფუძვლად დაუდო სამი კანონი, რომლებიც ცნობილია, როგორც კლასიკური მექანიკის ძირითადი კანონები – ნიუტონის კანონების სახელწოდებით.

დიდია ეილერის ღვაწლი კლასიკური მექანიკის განვითარებაში. 1736 წ-ს მან გამოაქვეყნა ორტომეული ტრაქტატი – „მექანიკა, ანუ მეცნიერება მოძრაობის შესახებ, გადმოცემული ანალიზურად“, ხოლო 1765 წ-ს ნაშრომი – „მყარი სხეულების მოძრაობის თეორია“. ამ თხზულებებში ნიუტონის მექანიკის გეომეტრიული გადმოცემის ნაცვლად ეილერმა პირველმა შეიმუშავა მექანიკის ანალიზური გადმოცემა.

ეილერმა შექმნა მყარი სხეულის კინემატიკა და დინამიკა; მან შეძლო ნიუტონის კლასიკური მექანიკა გაცილებით უფრო კომპაქტური და სისტემატიზირებული სახით გადმოეცა, ვიდრე ეს თვით ნიუტონს აქვს.

კლასიკური მექანიკის განვითარებას ფუნდამენტური შრომები მიუძღვნეს დალამბერმა, ლაგრანჟმა. ლ. პუანსომ და სხვებმა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები