კოკსის ნარინჯისფერი რენეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოკსის ნარინჯისფერი რენეტი

კოკსის ნარინჯისფერი რენეტი(Reinette orange de Coix, Cox’s orangen Reinette, Verbesserte Muscst Reinette). კოკსის რენეტი ინგლისური წარმოშობის ვაშლის ჯიშია. მიღებულია R. Box–ის მიერ 1830 წ. როგორც თესლნერგი პიპინ რიპსტონის ნათესიდან (Л.П. Симиренко «Крымское промышленное плодоводство».).

კოკსის რენეტი ჩვენი მებაღეობის რაიონებში საკმაოდ ცნობილი ჯიშია. გავრცელების მხრივ არ შეიძლება ითქვას, რომ სხვა უცხოეთის გავრცელებულ ჯიშებს შორის მას სათანადო ადგილი ეჭიროს. იგი ევროპულ ძველ ხეხილის ნარგავთა შორის მცირე რაოდენობით გვხვდება. კოკსის რენეტს, კასელის რენეტს და ზამთრის ოქროს პარმენს, ჩვენი ქვეყნის პრაქტიკოსი მებაღეები ერთმანეთში რევენ. კოკსის რენეტის ასეთი მცირე გავრცელება იმ გარემოებას უნდა მიეწეროს, რომ ჯიში მოითხოვს მაღალ აგროტექნიკურ ღონისძიებათა ჩატარებას და ამასთანავე იგი დიდ მოთხოვნილებას უყენებს გარემო პირობებს. მხოლოდ მაღალი აგროტექნიკის პირობებში, ნოყიერ ნიადაგებში და ზომიერი ტენიანობის პირობებში იძლევა მისთვის დამახასიათებელ მაღალი ხარისხის ნაყოფს.

არახელსაყრელ გარემო პირობებსა და არაშესაფერი მოვლის პირობებში იძლევა მეტად წვრილ ნაყოფს, ავადდება ქეცით და დიდად ზიანდება ნაყოფიჭამიათი. კოკსის რენეტი უფრო მეტად გავრცელებულია ქართლის მეხილეობის რაიონებში, საქართველოს სხვა მეხილეობის რაიონებში კი თითო–ოროლა ხე თუ გვხვდება, ძლიერ საძირეებზე ისეთ მაღალხარისხოვან პროდუქტს ვერ იძლევა, როგორც დუსენზე და სამოთხის ვაშლზე. საუცხოო ჯიშია ნაგალა და ფორმიანი კულტურის საწარმოებლად.

კოკსის რენეტი ახალ ნარგაობათა ასორტიმენტში 5%–მდე შედის საქართველოს მთელ რიგ რაიონებში.

ნაყოფი საშუალო სიდიდისაა. მომრგვალო, მაღალი შენების, ხან ბირთვისებრი მობრტყო ფორმის, უწახნაგო, თანაბრად განვითარებული ორივე გვერდით, მაგრად ზის ყუნწით სანაყოფე საჯდომზე და ქარისაგან ადვილად არ ცვივა. ჯამი დახურული და ღრმა აქვს, რომელიც ოდნავ მონაოჭებულ სიღრმეში ზის.

ნაყოფის ყუნწი მოკლეა, თითქმის არ სცილდება ყუნწის საჯდომ ღრუს. ყუნწიდ საჯდომი ღრუ ღრმაა და ვიწრო ჟანგაროს ხალებით დაფარული.

ნაყოფის კანი გლუვია და თხელი. სრული სიმწიფისას ადვილად სცილდება ფერფლისებრ ნაყოფის ხორცს. ძირითადი ფერი მომწვანო–მოყვითალოა, საფარი ფერი კი ზოლისებრ–მოწითალო, რაც მას ზამთრის ოქროს პარმენის გარეგნობას უახლოებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მისი ზოლები წყვეტილია და უფრო მუქი წითელი; ამასთანავე ძირითადი ფერი ოქროს პარმენს უფრო ოქროსფერ–მოყვითალო აქვს, ვიდრე კოკსის რენეტს.

ნაყოფის ხორცი მოყვითალო–თეთრია, მეტად მკვრივი, შუაზე გახლეჩისას ტკაცუნს გამოიღებს ხოლმე, მაშინ როდესაც ზამთრის ოქროს პარმენის ნაყოფის ხორცი შედარებით რბილია. სრული სიმწიფისას, საწყობში შენახვის პირობებში, ნაყოფის ხორცი ხდება საკმაოდ ფხვიერი, მარცვლოვანი სიმკვრივის, ნაზსურნელოვანი, წვნიანი ოდნავი სასიამოვნო მჟავიანობით და შეხამებული შაქრიანობით. კოკსის რენეტი იძლევა საუკეთესო გემოს ნაყოფს, რომელიც მოკრეფისთანავე შეიძლება მოხმარებულ იქნეს. ნაყოფის გამძლეობა საწყობში საკმაოდ დიდია – აპრილ–მაისამდე, თავისი მაღალი ღირსების თანდათანობით დაქვეითებით დეკემბრიდან.

ნაყოფის ნაზი სურნელება, მაღალი ხარისხი, კარგი შენახვისა და კარგი ტრანსპორტაბელობის უნარიანობა, კოკსის რენეტს ხდის ერთ–ერთ საუკეთესო სამრეწველო ჯიშად, რომელსაც რენეტის ჯიშებს შორის ისეთივე ადგილი უჭირავს ხარისხის მხრივ, როგორც კალვილებში ზამთრის თეთრ კალვილს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ზამთრის თეთრი კალვილი არ ითვლება სამრეწველო ჯიშად, მაშინ როდესაც კოკსის რენეტი მსოფლიოს მრავალ მეხილეობის რაიონში სამრეწველო ასორტიმენტშია შეტანილი.

ხე შედარებით სუსტად იზრდება, ინვითარებს მაღალი შენების განიერპირამიდულ ვარჯს. ახასიათებს თხელი და წვრილი დატოტვა, სანაყოფე ტოტებს უფრო ხშირად მარტივი დეზები აქვს განვითრებული. კარგად გვარობს ღრმა, ფხვიერ, ღონიერ და ზომიერი ტენიანობის მქონე ნიადაგებში, თხელი და ზომიერი ტენიანობის ჰავის პირობებში. მშრალ ადგილებში იძლევა წვრილს, არა ნაზსა და ნაკლებად გემრიელ ნაყოფს. ჭარბტენიან რაიონებში ნაყოფის გემო მეტად ქვეითდება და ქეცით ძლიერ ავადდება.

ადრე შედის მოსავლიანობაში, ისხამს უხვად და რეგულარულად, ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს ზოგან გვიან და ხანგრძლივი, ყვავილები თვითსტერილია და არამგრძნობიარე გაზაფხულის ყინვებისადმი. საქართველოს დაბალ ზონაში კოკსის რენეტი არ უნდა იქნეს შეტანილი სამრეწველო ასორტიმენტში. მისი საწარმოომნიშვნელობით გაშენება მეხილეობის საშუალო ზონის პირობებში უნდა ხდებოდეს (ზემო ქართლი, სამხრეთ–ოსეთი).



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები