კოლხური ხრამული
კოლხური ხრამული – Varicorhinus sieboldi (Steindachner) 1864, ახლა Capoeta sieboldii
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ხრამულები
თევზის სახეობა კობრისებრთა ოჯახიდან. ორი ულვაში აქვს. ისინი სიგრძით თვალის დიამეტრზე ზოგჯერ რამდენადმე მეტია, ზოგჯერ ნაკლები და თვალის შუა ვერტიკალს ოდნავ გადაცილებული. დინგი წამოშვერილია. ზედა ტუჩი ფოჩიანია. ქვედა ყბაზე ბორცვაკი აქვს. ზურგის ფარფლის უკანასკნელი დაუტოტველი სხივი გამსხვილებულია და კბილანებითაა აღჭურვილი. ზურგი მხოლოდ ზურგის ფარფლის წინ გვერდებიდან ცოტათი შებრტყელებულია. ლაყუჩის ჩხირები მოკლე და მრავალრიცხოვანია (1-ლ რკალზე 25- მდეა), ზურგის ფარფლი ირიბად მოკვეთილია. კუდის ფარფლი საკმაოდ გრძელი და წამახვილებული ლაპოტებიანია,. თავის სიგრძე სხეულის სიმაღლეს უდრის და სხეულის სიგრძეში (კუდის ფარფლის ფუძემდე) 4,7-5,0-ჯერ თავსდება. სიგრძით 455 მილიმეტრს აღწევს.
გავრცელებულია მცირე აზიის ჩრდილო სანაპიროებში და დასავლეთ ამიერკავკასიაში საქართველოს ფარგლებში გვხვდება რიონში, ცხენისწყალში, ჭოროხში, ყვირილაში, სუფსაში.