ხრამულების გვარი
ხრამულების გვარი – Varicorhinus Rüppell, 1835
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ხრამულები
თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. სხეული ხან წაგრძელებული, თითისტარისებურია, ხან რამდენადმე გვერდებიდან შებრტყელებულია და დაფარულია მეტ-ნაკლებად მსხვილი ქერცლით, რომელთა რაოდენობა გვერდით ხაზზე 30-36-ია. პირი დიდია და ქვედა მდებარეობისა. ქვედა ყბა განივი ან ოდნავ მოხრილი, წამახვილებული, დაფარულია ხრტილით და გარდა ამისა ხშირად რქოვანი ფენითაც. ზედა ყბაც ხრტილითაა დაფარული. ზედა ტუჩი მთლიანი და უფოჩოა, ქვედა ტუჩი კი, ჩვეულებრივ, პირის კუთხეებშია განვითარებული. დინგის ნაოჭი აქვს, გარდა ამისა დინგის გვერდებზე ირიბი ნაოჭი წინა ორბიტამდე აღწევს. ულვაში 1–2 წყვილია ან სრულიად არ მოეპოვება ულვაში თუ ერთი წყვილია, ის პირის კუთხეებშია მოთავსებული, თუ ორი წყვილი აქვს, მაშინ დამატებითი წყვილი ზედა ყბის პირის კუთხეების მახლობლად სხედან (არა დინგის წვეროზე). ლაყუჩის ჩხირები საკმაოდ ხშირი, მაგრამ გრძელი არაა.
ხახის კბილები სამმწკრივია, 2.3.4 – 4.3.2, ან 2.3.5 – 5.3.2. მათი გვირგვინი გვერდებიდან ძალიან შებრტყელებულია, ნიჩაბისებურია, ზურგის ფარფლში 7-12 დატოტვილი სხივია, რომელთა შორის უკანასკნელი დაუტოტველი სხივი, ჩვეულებრივ, გამსხვილებულია. ის მეტ-ნაკლებად მაგარ ძვლოვან ეკლად (ქიცვად) არის გადაქცეული, რომლის ზედა ბოლო მოქნილია და ხშირად უკანა მხრიდან დაკბილულია. ზურგის ფარფლის დასაწყისი მუცლის ფარფლების დასაწყისის რამდენადმე წინაა. ანალურ ფარფლში 5-6 დატოტვილი სხივია, რომელიც როგორც წესი, „გახლეჩილი" არაა. ზოგჯერ ანალურ ხვრელთან გადიდებული სხივებიც შეიძლება ჰქონდეს. ნაწლავის მილი ძალიან გრძელია, მისი სიგრძე სხეულის სიგრძეში 7-10-ჯერ თავსდება. მუცლის აპკი შავია ზურგის ფარფლის წინ ქერცლით დაუფარავი კვალი არა აქვს.
ცნობილია 25-მდე სახე, რომლებიც გავრცელებულია: აფრიკაში, მცირე აზიაში, ამიერკავკასიაში, სირიაში, ირანში, თურქმენეთში, არალის აუზში, ჩრდილო ინდოეთში და სამხრეთ ჩინეთში,
საქართველოს ფარგლებში გვხვდება სამი სახე. დასავლეთ საქართველოში V. tinca (Hesc), V. sieboldi (Steind), LI6CI.), აღმოსავლეთ საქართველოში V. capoëta Güld და ერთი ქვესახე V. capoeta sevangi (Eill).