კონდიციონერი
კონდიციონერი − (ლათ. conditio პირობა, მდგომარეობა, აგრეგატი ბინებში, სახლებში, ოფისებში, ავტომობილებში კლიმატური პირობების ოპტიმიზაციისათვის, ასევე შენობებში ჰაერის გასუფთავებისათვის არასასურველი ნაწილაკებისაგან.
არსებობს კონდიციონერის სახეობები: ცენტრალური, პრეციზიული და ავტონომიური. ჰაერის კონდიციონერს, რომელიც მუშაობს გარე ჰაერზე, უწოდებენ ჰაერმიწოდებადს; შიგა ჰაერზე – რეცირკულაციურს; გარე და შიგა ჰაერის ნარევზე – კონდიციონერს რეცირკულაციით.
კონდიციონერის მუშაობის პრინციპული სქემა შემდეგია: კომპრესორი – კუმშავს სამუშაო გარემოს – მაცივარ აგენტს (როგორც წესი – ფრეონი) და ხელს უწყობს მის მოძრაობას მაცივრის კონტურში; კონდენსატორი – (რადიატორი), რომელიც მდებარეობს გარე ბლოკში, ახდენს ფრეონის გადასვლას აირის მდგომარეობიდან თხევად ფაზაში (კონდენსაცია). მაღალი ეფექტურობისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის უპირატესად მას ამზადებენ სპილენძის ან ალუმინისაგან; ამაორთქლებელი (რადიატორი), რომელიც მდებარეობს შიდა ბლოკში და ფრეონი გადაჰყავს თხევადი ფაზიდან აიროვანში (აორთქლება). მასაც ამზადებენ სპილენძის ან ალუმინისგან; თერმორეგულირება-დი სარქველი – მილსადენური დროსელი, რომელიც ამცირებს ფრეონის წნევას ამაორთქლებლის წინ; ვენტილატორი – ჰაერის ნაკადით უბერავს ამაორთქლებელს და კონდენსატორს.