კონტამინაცია (ლინგვისტიკა)
კონტამინაცია – (ლათ. contaminatio – შერევა, შეხება, შერწყმა), ანალოგიის ერთ-ერთი სახე, რომელიც გულისხმობს სამეტყველო ნაკადში ორი ენობრივი ერთეულის გაერთიანებას მათი სტრუქტურულ-ფუნქციონალური თუ სემანტიკური მსგავსების საფუძველზე. ჩვეულებრივ, კონტამინაცია ხდება მეტყველების პროცესში და განიხილება როგორც ლიტერატურული ნორმებიდან გადახვევა, მაგრამ ის, ამავე დროს, არის ახალი ენობრივი ელემენტების წარმოქმნის წყარო და მისი შედეგები ხშირად იქცევა ნორმად.
კონტამინაცია გვხვდება ენის ყველა დონეზე. მაგ., სიტყვაში უმფროსი გვაქვს ზედმეტი მ მასთან ასოციაციურად დაკავშირებული სიტყვის უმცროსი-ს ანალოგიით. ფორმა რასთვის წარმოქმნილია ორი ენობრივი ერთეულის – რისთვის და რატომ ფორმების შერევით. გულიდან ვერ მოიშორა მიღებულია ორი გამოთქმიდან: თავიდან ვერ მოიშორა და გულიდან ვერ ამოიგდო. ასევეა მიღებული გამოთქმები: სტუმართმოყვარეობას გაუწევს (მასპინძლობას გაუწევს და სტუმართმოყვარეობას გამოიჩენს), მადლობა მოიხადა (ბოდიში მოიხადა, მადლობა გადაიხადა).
ნ. იმნაძე