კოპის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოპის ციხე

კოპის ციხე− (ინგლ. Kopi Castle) – XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კლდეში ნაკვეთი ძლიერი საფორტიფიკაციო ნაგებობა და მის ქიმზე ჩაშენებული ეკლესია. მდებარეობს ისტორიულ ტაოში, საქართველოს სამხრეთ საზღვართან, ბარდუსის ხეობაში (თურქეთის რესპუბლიკა, სოფელი კოპი, თანამედროვე თიმურყიშლა). კოპი პირველად ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციამ აღწერა 1907 წელს, ხოლო 2013 წელს ექსპედიციამ ბუბა კუდავას ხელმძღვანელობით ჩაატარა ციხის დეტალური აღწერა. ციხისა და ეკლესიის გარდა აღმოჩნდა საფორტიფიკაციო ნაგებობები, ქვევრები, წყლის ავზები, საცხოვრებელი ოთახების ნაშთები და სხვ.

ე. თაყაიშვილის ექსპედიციის დროს მაღალ კლდეში ნაკვეთ კოპის მღვიმეებს წინ სარკმლებიანი, ქვით ნაშენი კედლები ჰქონდათ, რომლისგანაც დღეს მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ციხის ქვედა ნაწილი გალავანით იყო დაცული, ხოლო ზემოთ წყლის ავზები, ოთახები და ეკლესიაა განთავსებული. გამოქვაბულებსა და კლდეში ჩაშენებულ ეკლესიასთან მისასვლელი გზა უკვე 1907 წლის ექპედიციის დროს ყოფილა ჩამოქცეული.

ქართული წარწერა

კოპის ციხის მღვიმეების აღმოსავლეთით, კლდის ნაპრალზე მოწყობილ მცირე ბაქანზე დგას თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია, კლდეში ნახევრადშეჭრილი. გარეთ ის სამხრეთი ფასადით იხსნება. მისი ჩრდილოეთი და ნაწილობრივ აღმოსავლეთი მხარე კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესიას ერთი შესასვლელი აქვს სამხრეთით. დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებზე თითო-თითო სარკმელია გაჭრილი. ე. თაყაიშვილის ექსპედიციის დროს ნაგებობა ლორფინებით იყო გადახურული. ეკლესია შიგნით კამაროვანი დარბაზია, რომელიც აფსიდითაა დასრულებული. საკურთხეველში ძველი მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. აქვეა ნუსხური, ასომთავრული და მხედრული წარწერები. ამჟამად ფრესკები და წარწერები საკმაოდ დაზიანებულია და ძნელად იკითხება. აღსანიშნავია, რომ ე. თაყაიშვილი კოპის ეკლესიის აღწერისას მოიხსენიებს ულამაზეს ჩუქურთმიან ქვებს, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს დაკარგულია. მეცნიერთა ვარაუდით, 1907 წლის ექპედიციის დროს დაფიქსირებული ორნამენტიანი ქვებით ეკლესიის კარის საპირე იყო მორთული.

კედლების საფასადე წყობით, სამშენებლო ტექნიკითა და მოხატულობით, სავარაუდოდ, ეკლესია, ისევე როგორც ციხე, XIII საუკუნით თარიღდება, რაზეც მეტყველებს მოხატულობის პირველი ფენა და ნაკაწრი წარწერები. მეორე ფენა XV-XVI საუკუნეების უნდა იყოს, როდესაც ამ ტერიტორიაზე სამცხე-საათაბაგო ყალიბდებოდა. შესაბამისად, კოპის ციხე გვიან შუა საუკუნეებში ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენციის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ამაზე მეტყველებს კლდის პირას აშენებული მცირე დარბაზული ეკლესია და მის მახლობლად შემორჩენილი დარბაზის ნანგრევები. კოპის ციხე თავისი სანახევროდ გადარჩენილი ეკლესიით, წარწერებითა და საისტორიო ლიტერატურისათვის უცნობი ფრესკული მხატვრობით, სერიოზულ შესწავლასა და კვლევებს მოითხოვს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები