კორნელი პიერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ კორნელი

პიერ კორნელი − (ფრანგ. Pierre Corneille, 1606-1684), ფრანგი დრამატურგი. ფრანგული კლასიცისტური ტრაგედიის ფუძემდებელი.

კორნელი საშუალო კლასის, შეძლებულ, ნორმანდიულ ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა, მამა, ბიძა − ადვოკატები იყვენენ, ძმა და მეორე ბიძა ეკლესიის მსახურები, უმცროსი ძმა ტომასი კი ცნობილი პოეტი და დრამატურგი გახლდათ. პიერმა განათლება მშობლიურ ქალაქში, იეზუიტების სკოლაში მიიღო, მან ორჯერ დაიმსახურა ლათინურ ლექსთა წყობის ცოდნაში ჯილდო და, ამავე დროს, ლიცენზირებული ვექილის დიპლომიც მიიღო. აქვე ჩამოუყალიბდა საკუთარი მსოფლმხედველობა, რომლის ფილოსოფიური საფუძვლები მის შემოქმედებაშიც აისახა. ეს იყო ნეოსტოიციზმის იდეები, როგორც საერო, ისე რელიგიური. საერო − რომაელი ფილოსოფოსებისგან შეისისხლხორცა, პირველ რიგში, − სენეკასგან, სასულიერო კი − კათოლიკური კონცეფცია თავისუფალი ნებისა, რომელსაც საკუთარ ნაშრომებში ამუშავებდნენ იეზუიტები.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ ადვოკატი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ამაში ხელი შეეშალა – მას ორატორული ნიჭი საერთოდ არ ჰქონდა. 1628-1650 წლებში სატყეო და წყალსატევების დეპარტამენტში მეფის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

კორნელის პირველი პიესა, დაწერილი სიყმაწვილეში, სავარაუდოდ, მის პირად სასიყვარულო გამოცდილებას ეყრდნობა. ეს არის გონებამახვილური კომედია − „მელიტა”. პირველად რუენაში დაიდგა 1629 წელს. მომდევნო წლებში პარიზშიც დადგეს. კორნელისათვის გასაკვირად, პიესა წარმატებული აღმოჩნდა.

მისი შემდეგი 5 პიესა ტრაგიკომედიასა და ზნე-ჩვეულებათა კომედიას შორის მერყეობს. „კლიტანდრი” (1631 წელი) და კომედიების სერია: „ქვრივი” (1632); „სასამართლოს გალერეა” (1633); „მოახლე” (1634); „სამეფო მოედანი” (1634); „კომიკური ილუზია” (1636). ამ კომედიებიდან საყურადღებოა ისინი, რომლებშიც ნაჩვენებია იმდროინდელი პარიზული ცხოვრების რეალისტური სურათი, თავისი სიცოცხლით სავსე მოედნებით, ქუჩებით, სავაჭრო დაწესებულებებით, სასამართლო დარბაზებით. ასეთებია: „სასამართლო გალერეა” და „სამეფო მოედანი”.

კორნელის დიალოგები მსუბუქი, ცოცხალი და გასაგები ენითაა დაწერილი. მისი პიესები, სხვა დანარჩენი დრამატურგების ნამუშევრებისგან, მორალური საკითხების დასმითაც გამოირჩევა. კორნელმა შეგნებულად თქვა უარი პრიმიტიულ ხერხებზე: ბილწსიტყვაობაზე, უადგილო ხუმრობაზე, ცემა-ტყეპასა და სხვა იმგვარ უხეშ ეფექტებზე, რომლებიც ფართოდ გამოიყენებოდა მაშინდელ კომედიებში. მისი პერსონაჟები კარგად აღზრდილი ახალგაზრდა ქალვაჟებია, რომლებიც დახვეწილ სასიყვარულო თამაშს თამაშობენ, და ამ სიყვარულს წუთიერი კაპრიზები, შემთხვევითი უთანხმოებები, ხასიათის ცვალებადობა ხელს ვერ უშლის და ქორწინებაზე უარს ვერ ათქმევინებს.

კორნელის ნიჭი დიდი სახელმწიფო მოღვაწის − კარდინალ რიშელიეს მახვილ თვალს არ გამოპარვია. ამ დროისთვის მას დაარსებული ჰქონდა დრამატურგთა გაერთიანება სახელწოდებით „ხუთი დრამატურგის საზოგადოება”, ეს ერთობა იმისთვის ჩამოაყალიბა, რომ სახელმწიფოს მართვაზე საკუთარი შეხედულებები გაევრცელებინა, თან პიესის საერთო მონახაზი თვითონვე დაედგინა. რიშელიემ პროექტში კორნელის ჩართვაც მოინდომა. მაგრამ პიერი კოლექტიური მუშაობის წინააღმდეგი იყო და ამიტომაც თქვა უარი შემოთავაზებული კომედიის მესამე ნაწილის დაწერაზე. რაზეც, რიშელიე, რბილად რომ ვთქვათ, გაღიზიანდა.

პირველი ტრაგედია, რომელიც კორნელმა დაწერა, „მედეა” (1635) იყო. ეს გახლდათ მცდელობა სენეკას იმავე სახელწოდების ტრაგედიის გათანამედროვეობის. მან გააადამიანურა მედეა, მაგრამ შეუნარჩუნა გმირული, ძლიერი ხასიათი. კორნელის მედეას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს, ამიტომაც ყველა გადაწყვეტილებას თავგანწირვით და უკანმოუხედავად იღებს. ის ბედსაც არ უხრის ქედს და არაფერს ნანობს. მედეა მარტო იბრძვის მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა ნამდვილი ტრიუმფი კორნელს არა „მედეამ”, არამედ „სიდმა” მოუტანა. მან ესპანურ თემატიკას მიმართა, გადაამუშავა „რომანსად” დაწერილი ხალხური თქმულება სიდზე.

ტრაგედიების − „ჰორაციუსი” და „ცინასფაბულა რომის ისტორიიდანაა. ორივე, როგორც კორნელის წინა პიესები, მარეს თეატრში, 1640 წელს დაიდგა.

ამ პიესებში ვალდებულებასა და ვნებას შორის მორალურ-ფილოსოფიურმა კონფლიქტმა სხვა სიბრტყეში გადაინაცვლა: პირად გრძნობებზე უარის თქმა სახელმწიფოებრივი იდეის გამო ხდება. სტოიკური ვალდებულება პირადულზე მაღლა დგება. სამშობლოს და სახელმწიფოს დიდება და სიდიადე ახალ პატრიოტულ ჰეროიზმს ქმნიან, ეს პატრიოტული ჰეროიზმი „სიდში” ჯერ კიდევ ჩანასახის სახით იყო.

„ჰორაციუსის” სიუჟეტი რომაელი ისტორიკოსის, ტიტუს ლევიისგანაა ნასესხები და აღწერს ლეგენდარული „შვიდი მეფის” პერიოდს. თუმცა მონარქიის და მისი ძალაუფლების საკითხი არ წამოიჭრება პიესაში, მეფე ტულს კი მეტად შემცირებული როლი აქვს, ვიდრე კასტილიის მეფე ფერნანდოს, „სიდში”. აქ კორნელს აინტერესებს არა სახელმწიფოებრივი ძალაუფლების კონკრეტული ფორმა, არამედ თვით სახელმწიფო როგორც უმაღლესი, განზოგადებული ინსტიტუტი, რომელიც ცალკეული პიროვნებისგან ითხოვს უპირობო მორჩილებას საერთო კეთილდღეობის სასარგებლოდ. კორნელის ეპოქაში კლასიკური, ძლევამოსილი მეგა სახელმწიფოს მოდელად ძველი რომი ითვლებოდა. ეს სიძლიერე, დრამატურგის აზრით, პირადი ინტერესების სტოიკური უარყოფით მიიღწეოდა. ამ მორალურ-პოლიტიკურ პრობლემას კორნელი წარმოაჩენს ლაკონური, დაძაბული სიუჟეტის გახსნით.

პიესაში დრამტული კონფლიქტის წყაროდ ორი ქალაქის − რომის და ალბი-ლონგის − პოლიტიკური მეტოქეობა გვევლინება. ამ ქალაქების მოსახლეობა ოდითგანვე დაკავშირებული იყო ქორწინებით, ნათესაური კავშირებით. ერთი ოჯახის წევრები ჩათრეულები იყვნენ მოწინააღმდეგეთა ბანაკების კონფლიქტში.

კორნელის საუკეთესო კომედიაა „მატყუარა” (Le Menteur,, 1645). მოქმედება პარიზში, ფრანგ აზნაურთა წრეში მიმდინარეობს. პიესისნ კომიზმი სასეირო სიტუაციებით იქმნება, მათ დორანტის სიცრუე წარმოშობს. კორნელი საკუთარი გმირის მიდრეკილებას სიცრუისადმი მანკიერებას არ არქმევს. დორანტი ისე ცოცხლად, გონებამახვილურად, მოხდენილად ტყუის, რომ ზიზღის ნაცვლად მკითხველის, მაყურებლის სიმპათიას იმსახურებს. მთლიანად კომედია მსუბუქია; მისი კომიზმი საკმაოდ ზერელეა. „მატყუარა” ღირებულია კომიკური დიალოგებით და მსუბუქი ლექსთწყობით.

საფრანგეთს გარეთ კორნელის პოპულარობა XVIII საუკუნეში გაიზარდა, როცა ფრანგული კლასიცისტური ლიტერატურა და თეატრი აღიქმებოდა, როგორც სრულყოფილების მაგალითი სხვა დანარჩენი ნაციონალური კულტურებისთვის. კორნელის პიესები ევროპის ყველა სცენაზე იდგმებოდა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს განმანათლებლობის განვითარება-ჩამოყალიბებაზე.

მარიკა მამაცაშვილი


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები