კრავეიშვილი ბათუ
ბათუ (ბართლომე) კრავეიშვილი – (16. XII. 1914, სამტრედია, – 14. VI. 1970, თბილისი), ქართველი მომღერალი (ბარიტონი). საქართველოს სახალხო არტისტი (1951).
1935 დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი, 1937 თბილისის კონსერვატორია (პროფ. ე. ვრონსკის კლასი). ამავე წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1939-41 გამოდიოდა სსრკ დიდი თეატრის სცენაზე. კრავეიშვილმა შექმნა მრავალი ვოკალურ-სცენური სახე: კიაზო, მურმანი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), აბდუშაჰილი (ა. კერესელიძის „ბაში-აჩუკი“), გოჩა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), თავადი იგორი (ბოროდინის „თავადი იგორი“), ელეცკი, ონეგინი, რობერტი (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ჟერმონი, ამონასრო (ვერდის ტრავიატა, აიდა), ესკამილიო (ბიზეს კარმენი) და სხვ. კკრავეიშვილს გამოირჩეოდა ლამაზი, ხავერდოვანი ტემბრის ხმით, არტისტული ტემპერამენტით. 1958-იდან კრავეიშვილი თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო. ავტორია მემუარების წიგნებისა ქართულ და რუსულ ენებზე − „დაუვიწყარი“ (1966; 1970). გადაღებულია ფილმებში: „დაკარგული სამოთხე“ (დ. რონდელი, 1938), „გიორგი სააკაძე“ (მ. ჭიაურელი, 1942), „ქეთო და კოტე“ (ვ. ტაბლიაშვილი, 1948).