კრავიჭამია (ბატკანძერი)
კრავიჭამია (ლათ. Gypaëtus barbatus Linnaeus, 1758) − მძორისმჭამელ ფრინველთა ჯგუფს მიეკუთვნება.
- კლასი - ფრინველები (AVES)
- რიგი - შავარდნისნაირნი (Falconiformes)
- ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)
- გვარი - კრავიჭამია (ბატკანძერი) (Gypaetus)
- სახეობა - Gypaetus barbatus
დიდი ზომის ფრინველია, მისი სიგრძე თავიდან კუდამდე 102-115 სმ-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 250-280 სმ, ფრთა 720-840 მმ-ია, 460-560 მმ, წონა — 5-6,8 კგ. მდედრი შედარებით დიდია მამრზე. ზომასა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. სვავისა და ორბისაგან განსხვავებით, თავი და კისერი მთლიანად შემოსილი აქვს ღინღლით და მათ შორის ამოჩრილი წამახვილებული ბუმბულებით. ნისკარტის ირგვლივ მრავალრიცხოვანი ჯაგრისებური ბუმბულია, რომლითაც ნესტოებია დაფარული და ნისკარტის ქვემოთ „წვერს“ წარმოქმნის. ნისკარტი შედარებით გრძელი, სწორი და გვერდებიდან შეზნექილია; ნისკარტზედა ბოლოში მკვეთრადაა მოხრილი. გალო თითებამდეა შემოსილი. ზრდასრული ფრინველის თავი ზემოდან მოთეთროა, მაგრამ კეფა მუქია, სადაც თავის ორივე მხრიდან ერთმანეთს უერთდებიან ნისკარტიდან თვალებს ზემოთ გამავალი შავი ზოლები. ზურგი და მხრები შავია, მოთეთრო-ჟანგმიწისფერი ღერძულა ზოლებით, რომლებიც ბუმბულების წვეროებზე პატარა ლაქებად ფართოვდებიან. კვამლისფერი მომქნევები და საჭის ბუმბულები გარეთა მხარეს უფრო მუქია; მათი ღეპეპები მთლიანად თეთრია. სხეულის ქვემო მხარე მოთეთროა; მკერდზე ზოგჯერ მუქი მურა განივი ზოლებია. ამ გვარიდან საქართველოში გვხვდება ერთი სახეობა.
აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება წინააზიური ბატკანძერი — G. b aureus, Hablizl, 1788.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: აფრიკაში — მთებს აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში; სამხრეთ ევროპაში — პირენეის და ბალკანეთის მთებს, აგრეთვე კუნძულებს — სიცილიას, სარდინიასა და კორსიკას; აზიაში — წინა და ცენტრალურ აზიას — სამხრეთით ჰიმალაის მთებამდე და ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანამდე, მონგოლეთსა და დასავლეთ ჩინეთს ტიბეტის ჩათვლით. სსრ კავშირში მოიპოვება კავკასიის, შუა აზიის, ალტაისა და საიანის მთებში. ყველგან მობინადრეა, მათ შორის საქართველოშიც, მეტწილად მთავარ კავკასიონზე.
ბიოტოპი
ბინადრობს მთებში ტყის ზონის ზემოთ, ღია სუბალპური და ალპური ზონების კლდოვან ადგილებში. კავკასიის მთებში ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე ზ. დ., ზოგან უფრო მაღლაც.
გამრავლება
ბუდობს მაღალი მთების მიუვალ კლდეებზე. ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალებში ხმელი ტოტებისაგან, ამოფენს ბალნითა და ნაირგვარი ნარჩენებით. იშვიათად (როგორც ჩანს, საკვების ძებნისას) დაბლობ ადგილებზე გვხვდება. მარტში დებს 1-2 კვერცხს, გამოჩეკილი 2 მართვედან ერთი (უმცროსი) ჩვეულებრივად იღუპება. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი, მაგრამ უფრო მეტხანს — დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 55-60 დღემდე აღწევს. მართვეს აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს.
კვება
ძირითად საკვებს შეადგენს ჩლიქოსნების ლეში. ამიტომ გავრცელება დიდადაა დამოკიდებული ამ ცხოველების სიმრავლეზე. ზოგჯერ იჭერს დაავადებულსა და უძლურ ცხოველებსაც. მართვეს ხორცით კვებავენ, ზრდასრული ფრინველების ძირითად საკვებს კი ძვლები წარმოადგენს. კრავიჭამიას საკმაოდ მოზრდილი ძვლების გადაყლაპვა შეუძლია, უფრო დიდი ზომისას კი ქვიან ნაშალებზე სიმაღლიდან აგდებს, ამტვრევს და შემდეგ ჭამს.
მნიშვნელობა
მცირერიცხოვნობის გამო პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. საუკუნის დასაწყისში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კრავიჭამია ამოწყვეტილი იქნა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის აღდგენაზე. კრავიჭამია შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში როგორც საკმაოდ მცირერიცხოვანი და იშვიათი ფრინველი, რომელიც ხასიათდება კლებადი რიცხოვნობით.