ორბი
ორბი (ლათ. Gyps fulvus Hablizl, 1783) − ფრინველთა გვარი ქორისებრთა ოჯახისა შავარდნისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ორბი.
- კლასი - ფრინველები (AVES)
- რიგი - შავარდნისნაირნი (Falconiformes)
- ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)
- გვარი - ორბი (Gyps)
- სახეობა - Gyps fulvus
ორბი მძორისმჭამელ ფრინველს წარმოადგენს. დიდი ზომის ფრინველია, სიგრძე თავიდან კუდამდე 95-105 სმ-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 245-270 სანტიმეტრია. ფრთა 650-760 მმ-ია, კუდი — 310-340 მმ, იწონის 7-9,5 კგ-ს. მდედრი დიდია მამრზე. სქესთა შორის სიდიდესა და შეფერილობაში განსხვავება არაა. ზრდასრული (4 და მეტი წლის) ფრინველის თავი და კისერი დაფარულია მოთეთრო ფერის მოკლე ღინღლით. სხეულის ზემო მხარე ჩალისფერია, მოვერცხლისფრო ელფერით. კუდზედა ბუმბულებზე არის ღერძულა ნათელი ლაქები. სხეულის ქვემო მხარე, ზურგის მხარეზე უფრო მუქი, მოქარცისფრო-მუარაა, ნათელი ღერძულა ლაქებით. ჩიჩახვის არეში მოწაბლისფროა. მომქნევები და საჭის ბუმბულები მოშავო-მურაა, კუდი ოდნავ მომრგვალებული. ნისკარტი მოყვითალო-ოქისფერია, ცვილანა — მოშავო, ფეხები — ნაცრისფერი. მეორე რიგის მომქნევები პირველი რიგის მომქნევებზე ოდნავ მოკლეა. მოგრძო და ვიწრო ნესტოები ნისკარტის განივად არის განლაგებული. ახალგაზრდები მოზრდილებზე უფრო მუქია.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ორბი — G. f.fulvus Habl., 1783.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: აფრიკაში — ალჟირს, მაროკოს, ეგვიპტეს, ეთიოპიასა და სუდანს; ევროპაში — პირენეის ნახევარკუნძულს, სამხრეთ საფრანგეთს, სიცილიას, სარდინიას, კვიპროსს, იუგოსლავიას, ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ბესარაბიას, ყირიმსა და კავკასიას; აზიაში − თურქმენეთის, ალტაის, ცენტრალური აზიის, ტიბეტისა და ჰიმალაის მთებს, პალესტინას, ირანს, ავღანეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთს. ყველგან მობინადრეა, მათ შორის საქართველოშიც.
ბიოტოპი
ბინადრობს მშრალი, გაშლილი ლანდშაფტი დაბლობებსა და მთებშიც, სადაც არის ბუდობისათვის ხელსაყრელი რელიეფი შედარებით მყარი ქანებისაგან შექმნილი კლდოვანი ფლატეებით (კლდეები, გორაკები, ფლატეები). კავკასიის მთებში ადის 2750 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
შეწყვილება მიმდინარეობს ზამთარში (იანვარში) და გრძელდება აპრილამდე. ბუდეს იკეთებს კლდეებზე, ფლატეებზე, გორაკების ვერტიკალური ფერდობების ღრმულებში. ბუდობს ჯგუფურად ან პატარა კოლონიებად. ბუდეები, როგორც წესი, ახლოს მდებარეობენ ერთმანეთთან და ზოგჯერ მცირე დაჯგუფეფებს წარმოქმნიან. აპრილის დასაწყისში დებს ერთ კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 55 დღემდე გრძელდება.
კვება
ორბის ძირითადი საკვებია დიდი ზომის ცხოველთა ლეში. პირველ რიგში ჭამს შიგნეულს, ხოლო შემდეგ ხორცს შიგნიდან ტყავსა და ძვლებს ხელუხლებლად ტოვებს. შეუძლია ერთ ჯერზე იმდენი შეჭამოს, რომ ვეღარ აფრინდეს. სამაგიეროდ უჭმელადაც დიდხანს ძლებს. ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის, ამის მიზეზი ისაა, რომ აღჭურვილია ბლაგვი ბრჭყალებითა და სუსტი ნისკარტით, რომლითაც შეუძლებელია ცხოველის ტყავის გახევა. ამიტომ მკვდარი ცხოველის ჭამას იწყებს იმ ნაწილიდან, სადაც მისი ტყავი დაზიანებულია. ცხოვრების ასეთი ნირის გამო წარმოადგენს ბუნების სანიტარს. ორბი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, როგორც სპორადულად გავრცელებული სახეობა.
მნიშვნელობა
ორბი მიჩნეულია სასარგებლო ფრინველად, რამდენადაც მიდამოებს ასუფთავებს ეპიზოოტიის შედეგად დაცემულ ცხოველთა ლეშისაგან.
ორბი ბიბლიური ფრინველი
რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულისთქმაჲ შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი. 102,5)
ამ შემთხვევაში ფსალმუნში ნაგულისხმევია მითიური ფრინველი „ფენიქსი“ (ქართულად „ორბი“), რომელიც ბერძნების წარმოდგენით ხუთას წელიწადში ერთხელ მოფრინდებოდა ხოლმე არაბეთიდან ეგვიპტეში. მითის თანახმად, როდესაც ფენიქსი 500, 1461 და 7006 წლის გახდა - თავი დაიწვა, შემდეგ ფერფლიდან განახლებულ-გაახალგაზრდავებული აღსდგა და კვლავ განაგრძო ცხოვრება. ამიტომ გალობს ფსალმუნი:
„განახლდეს ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი“