შავარდნისნაირნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავარდნისნაირნი (ლათ. Falconiformes) — ფრინველთა რიგი. შავარდნისნაირთა რიგი აერთიანებს დიდი და საშუალო ზომის ე. წ. დღის მტაცებელ ფრინველებს, თუმცა ტროპიკების ზოგიერთი სახეობა (მაგალითად, ჯუჯა შავარდნები) მხოლოდ შაშვის სიდიდისანი არიან. მათი ფრთის სიგრძე 9-10 სმ-ს არ აღემატება. ყველაზე დიდი ფრინველის (ბატკანძერი, ორბები, კონდორი და სხვ.) სხეულის სიგრძე კი ერთ მეტრს აღემატება, ფრთაშლა 3 მ-მდე აღწევს, ხოლო წონა 10 კგ-ს აჭარბებს.

მტაცებელი ფრინველებისათვის, უპირველეს ყოვლისა, დამახასიათებელია მოკლე, მაგრამ მაგარი, წვეროში მახვილი და მოკაუჭებული ნისკარტი, ბასრი კიდეებით. ნისკარტის ძირში არის მკვეთრი შეფერილობის ტიტველი კანი, ე. წ. ცვილანა, სადაც ნესტოების გარეთა ხვრელები იხსნებიან. ფეხები ოთხთითიანია, ზომიერი სიგრძის (გრძელი ფეხები აქვს მხოლოდ ფრინველმდივანს), ბოლოვდებიან მოხრილი და მახვილი ბრჭყალებით. ამგვარი ნისკარტისა და ბრჭყალების დანიშნულებაა მსხვერპლის მოკვლა, ხოლო ნისკარტით, გარდა ამისა, მისი დანაწევრებაც.

შავარდნისნაირთა სხეული მკვრივია, ბუმბულსაფარველი — მაგარი და უხეში, რაც მჭიდროდ ეკვრის სხეულს. შეფერილობა ჩვეულებრივად მკვეთრი არაა, ჭარბობს რუხი, მურა, ქარცი ან შავი ფერები, ხშირად თეთრის ნარევით. ზოგიერთი ლეშით მკვებავი ფრინველის თავი და კისერი ან ამ უკანასკნელის ნაწილი, შეუმოსავია. სახეობათა უმრავლესობის დედალი და მამალი მსგავსი შეფერილობისანი არიან, მაგრამ ახალგაზრდები პირველ წელს განსხვავდებიან მოზრდილებისაგან. დედალი, ჩვეულებრივად, მამალზე პატარაა, თუმცა ზოგიერთი სვავის ორივე სქესის ფრინველი ერთნაირი სიდიდისაა.

პირველი რიგის მომქნევები ათია, მეორე რიგისა — უფრო ხშირად 12, მაგრამ ზოგიერთ დიდი ზომის ფრინველს იგი 19-20 აქვს. კუდი მოკლეა (გამონაკლისია ფრინველმდივანი), ბოლოში ამოკვეთილი ან მომრგვალებულია, შედგება საჭის 12-14 ბუმბულისაგან.

შავარდნისნაირნი დღის ცხოვრებას ეწევიან. მათ შორის მცირე გამონაკლისი ბინდის ფრინველებიც არიან.

მრავლდებიან მონოგამიურად, წელიწადში ერთხელ, იშვიათად — ორჯერ. აკეთებენ მარტივ ბუდეს ხეებზე, ზოგჯერ ფუღუროში, კლდეებზე ან მიწაზე. იკავებენ სხვა ფრინველების ბუდეებსაც. ერთი და იგივე წყვილი წლიდან წლამდე, ჩვეულებრივად, ერთსა და იმავე ნაკვეთზე ბუდობს. დიდი ზომის ფრინველები დებენ 1-2, ხოლო საშუალო ზომისანი — 6-9 კვერცხს. კრუხად სხდებიან უმთავრესად დედლები. მამლები ცვლიან დედლებს მხოლოდ ხანმოკლე დროით. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დიდი ზომის ფრინველებში 2 თვემდე აღწევს, საშუალო ზომისანი ერთ თვეში ჩეკავენ. მართვეები იჩეკებიან თვალებახილულნი და ღინღლით შემოსილნი; ბუდეში ყოფნის პერიოდში ესაჭიროებათ მშობლების მიერ გამოკვება, გათბობა და მტრებისაგან დაცვა, თუმცა მათ არც ისე ბევრი მტერი ჰყავთ.

შავარდნისნაირთა საკვებს შეადგენენ ნაირგვარი ცხოველები, პირველ რიგში ძუძუმწოვრები, ფრინველები და მწერები. იკვებებიან თევზებითა და ქვეწარმავლებითაც. არიან ლეშით მკვებავნიც. აფრიკული სვავისებრი ფსოვი ზოგიერთი პალმის ნაყოფებსაც ჭამს. ბუნებრივ პირობებში მტაცებელი ფრინველები ნადავლს ჭამენ ძვლებიანად, ბალნიანად და ბუმბულიანად, რომელთა მოუნელებელ ნარჩენებს პერიოდულად პირიდან გადმოისვრიან. შავარდნისნაირთა უმრავლესობა საკვებს ეძებს ფრენის დროს. ამასთან დაკავშირებით მათ შესანიშნავად აქვთ განვითარებული მხედველობა და ფრენის უნარი. განგური ახასიათებთ წელიწადში ერთხელ, გამრავლების პერიოდის დამთავრების შემდეგ. განგური სრულია და დიდხანს გრძელდება, რაც დაკავშირებულია ფრინველის მიერ ფრენის უნარის შენარჩუნების აუცილებლობასთან.

მტაცებელ ფრინველთა სამეურნეო მნიშვნელობა დადებითია. მათ უმრავლესობას დიდი სარგებლობა მოაქვს მავნე მწერებისა და თაგვისებური მღრღნელების განადგურებით. დიდია მათი მნიშვნელობა, როგორც ბუნებრივი გადარჩევის არსებითი ფაქტორი. ისინი დიდ ინტერესს იწვევენ ისტორიული, კულტურული და სპორტული თვალსაზრისითაც.

შავარდნისნაირთა წარმომადგენლები გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა ანტარქტიკისა და ოკეანეთა ზოგიერთი კუნძულისა. ჩრდილოეთ და ზომიერ განედებში სახეობების ნაწილი გადამფრენია, ხოლო სხვები — მობინადრე ან მომთაბარე.

რიგის შიდა სისტემატიკა საბოლოოდ დადგენილი არაა. უმრავლეს შემთხვევაში რიგს ყოფენ 2 ქვერიგად და 5 ოჯახად. საქართველოში მოიპოვება 3 ოჯახის წარმომადგენლები. მათ შორის შაკისებრთა ოჯახი (Pandionidae), რომელიც მხოლოდ ერთ სახეობას შეიცავს, პრაქტიკული თვალსაზრისით, ქორისებრთა (Accipitridae) ოჯახთანაა გაერთიანებული.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები