კრიპტოგრაფია
კრიპტოგრაფია – (ბერძნ. kryptos − საიდუმლო და grάpō – ვწერ), საიდუმლო (დაშიფრული) დამწერლობა, პირობითი საიდუმლო ნიშნების გამოყენება იმ მიზნით, რომ ტექსტი გასაგები იყოს მხოლოდ განდობილ პირთათვის.
უძველესი ქართული დაშიფრული ტექსტების – კრიპტოგრამების არსებობა დადასტურებულია X ს-იდან, თუმცა მათი შექმნა უფრო ადრეა სავარაუდებელი: X ს-ში კრიპტოგრაფია საკმაოდ პოპულარული ჩანს საქართველოში. ვიდრე XIX. ს. დასასრულამდე.
როგორც კრიპტოანალიზმა ცხადყო, ჩვენამდე მოღწეული ძვ. კრიპტოგრამები ძირითადად ხელნაწერებზე დართული ანდერძებია. მათი შემდგენლები, ჩვეულებრივ ხელნაწერთა გადამწერები და მფლობელები არიან. ზოგჯერ შემონახულია მომხატველების მთარგმნელებისა და სხვ. სახელებიც.
ძვ. ქართული კრიპტოგრაფიული დამწერლობა იმთავითვე გარკვეულ სისტემებად არის ჩამოყალიბებული. შესაძლებელი ხდება მათი წარმოშობისა და განვითარების გზების დადგენაც. ეს სისტემები სხვადასხვა პრინციპზეა აგებული და სხვადასხვა პერიოდით თარიღდება. სისტემათაგან ზოგიერთს ბერძნულის გავლენა ეტყობა, მაგრამ ისინიც გადამუშავებული და შეცვლილი სახითაა დამკვიდრებული. ქართულში გავრცელებულია შემდეგი კრიპტოგრაფიელი სისტემები:
ანჩინური – ემყარება ასოთა მონაცვლეობას, ამასთანავე, გათვალისწინებულია მათი რიცხვითი მნიშვნელობებიც. მონაცვლეობენ, ერთი მხრივ, ერთეულებისა და ათასეულების, მეორე მხრივ, ათეულებისა და ასეულების აღმნიშვნელი ასოები. ასე, ერთმანეთს ენაცვლებიან: ა-I – ჩ-1000 (აქედან სახელწოდებაც: ანჩინური), ბ-2 – ც-2000, ი-10 – რ-100, კ-20 – ს-200 და ა. შ.
ანჯანური – ამ სისტემაში რიცხვითი მნიშვნელობა არ არის გათვალისწინებული, ასოთა შენაცვლება (მასში ჰ ღა ჵ ასოები არ მონაწილეობს) ასეთია: ა-ჯ (აქედან სახელწოდებაა ანჯანური), ბ-ჴ, გ-ხ, დ-ჭ და ა. შ.
ანრეური – ემყარება ასოთა მონაცვლეობას, მაგრამ გათვალისწინებულია მათი რიცხვითი მნიშვნელობებიც: ერთეულენბის აღმნიშვნელებს ენაცვლებიან ასეულების. ხოლო ათეულებისას – ათასეულების აღმნიშვნელი ასოები. შესაბამისად, ამ სისტემაში: 1 – რ-100, ბ-2 – ს-200, ი-10 – ჩ-1000, მ-40 – წ-4000 და ა. შ.
ანჰოური – ემყარება მხოლოდ ასოთა მონაცვლეობას, რიცხვით მნიშვნელობებს ყურადღება არ ექცევა: ა-ჵ, ჰ-ჰ, გ-ჯ, დ-ჴ და ა. შ.
სათვალავადი – გულისხმობს კრიპტოგრამული სიტყვების შედგენას ისე, რომ წარმოდგენილი იყოს ასოთა რიცხვითი მნიშვნელობები: ა-1, ბ-2, გ-3 და ა. შ. არსებობს ამ სისტემის მრავალი სახეობა.
უკუდაწერილობის – გულისხმობს ქართული ანბანით ნაწერი წინადადების ან ცალკეული დაქარაგმებული თუ დაუქარაგმებელი სახით წაკითხვას მარჯვნიდან მარცხნინ: ქ. აიღე ო ~ ღ: ეშ: ი ~ ც: ირ: – ქ. აიღე, ღმერთო შეიწყალე ცოდვილი რომანოზი.
სარკისებრი – უკუდაწერილობის სისტემის ანალოგიურია. იწერება მარჯვნიდან მარცხნივ, მაგრამ ასოებიც უკუღმა წერია.
სხვა დაწერილობის – ქართული ტექსტი იწერება რომელიმე უცხო ენის (ძირითადად ბერძნული, ლათინური, სომხური და სლავური) ანბანით.
ცნობილია სხვა კრიპტოგრაფიული სისტემებიც: კომპილაციური, აკროსტიქული. ერთი და იმავე ასოს გამეორებით, სიტყვათა დაქარაგმებით, ასოების გამოტოვებით მიღებული, პირობით ნიშანთა სისტემები…
ძალზე დიდია კრიპტოგრაფიული ტექსტების, მინაწერების მნიშვნელობა ხელნაწერთა შესწავლისათვის. მათი საშუალებით გამოვლენილია დღემდე უცნობი მრავალი ხელნაწერის გადამწერი თუ მფლობელი: დაზუსტებულია ამ ხელნაწერთა გადაწერის თარიღი, ადგილი და სხვ.
ც. ქურციკიძე
ლიტერატურა
ათანელიშვილი ლ. ძველი ქართული საიდუმლო დამწერლობა, თბ., 1982 (იქვე – ბიბლიოგრაფია).