კუმურდოს ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუმურდოს ტაძარი

კუმურდოს ტაძარი − (ინგლ. Kumurdo Cathedral), X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკათედრო ტაძარი. მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალა-ქიდან – 14 კმ-ში, მაღალ პლატოზე, ზღვის დონიდან – 1740 მეტრზე. ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონ III-ს დროს (964 წ.), იოანე ეპისკოპოსის (ზოსიმე კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს, დაუწყია ტაძრის მშენებლობა. XI საუკუნეში საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) დედამ მარიამ დედოფალმა ტაძარს დასავლეთის მკლავის სამივე მხრიდან მიაშენა დეკორატიული კამარებით შემკული ნართექსი, სამხრეთი მხრიდან კი – სტოა. დასავლეთი შესასვლელის წარწერის მიხედვით, ტაძარი საფუძვლიანად გადააკეთეს, თუმცა მალევე დაზიანდა (სავარაუდოდ მიწისძვრისაგან), გუმბათი ჩამოიშალა, ხოლო დასავლეთი ნაწილი ჩაშენებებით დაამახინჯეს.

ტაძრის გეგმა

ქვით ნაშენი ტაძარი, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წაგრძელებული ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედან ჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი აქვს ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) მართკუთხა მკლავი. საკურთხევლის ორივე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები განლაგებულია არა რადიალურად (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურად არის დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. ტაძრის ზომებია (კარიბჭისა და სტოების გარეშე): სიგრძე – 29 მ, სიგანე - 20 მ, სიმაღლე გუმბათის ყელის ძირამდე – 15.3 მ, გუმბათის დიამეტრი – 9 მ.

ძველი ქართული სამშენებლო წარწერები

ფასადთა დამუშავების დროს არ არის გამოყენებული დეკორატიული თაღედი, რომელიც X–XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის საფუძველს შეადგენდა, მაგრამ ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: ადრინდელი ხანის ძეგლებთან შედარებით საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ., აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი, რომლებიც მკაფიოდ გამოიყოფა კედლის საერთო მოვარდისფრო სიბრტყეზე), ხოლო სამკუთხა ნიშები (მოტივი, რომელიც შემდეგ საუკუნეებში დიდად გავრცელდა) ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს შეადგენს. მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში – საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლისა და მისი ძმის, ლევან მეფის გამოსახულებანი. გარდა ამისა, კუმურდოს ტაძარი მიეკუთვნება იმ იშვიათ ქართულ ძეგლთა რიცხვს, რომელთაც თავისსავე კედლებზე აქვთ საკუთარი „პასპორტი” – სამშენებლო წარწერა, რომელშიაც მოხსენებული არიან ქტიტორი (მშენებლობის მოთავე, ხარჯის გამღები) და ხუროთმოძღვარი, მითითებულია აგების თარიღი; არის სხვა წარწერებიც, რომლებიც ძეგლის შემდგომ ისტორიულ თავგადასავალს ასახავს. გუმბათი ეყრდნობა შვერილ აფსიდებზე წაბმულ წახნაგოვან სვეტებს, მაგრამ ექვსაფსიდიან ეკლესიებისგან განსხვავებით, გარედან ეს შიგა გეგმა ჩასმულია ჯვრის ფორმაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ „კუმურდოს გეგმაში თითქოს შეთავსებულია წარსული და მომავალი – მრავალაფსიდიანობა, რომელსაც არ გადმოუღწევია X-XI საუკუნეთა მიჯნის აქეთ, და წაგრძელებული სწორკუთხა გეგმა, დამახასიათებელი მთელი მომდევრო ხანის საეკლესიო არქიტექტურისათვის“ (ვ. ბერიძე).

კუმურდოს ტაძრის ტექნიკური შესრულების ხარისხი, კედლებში, კამარებსა და თაღებში გამოყენებული სუფთად გათლილი ქვების ზუსტი წყობა, პროპორციები, უმაღლესი მხატვრული ღირსებანი, შიდა სივრცის მონუმენტურობა იშვიათი სიფაქიზითაა შესრულებული. ჩუქურთმები და ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს კუმურდოს ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში და დამსახურებულად ითვლება განვითარებული შუასაუკუნეების უნიკალურ ძეგლად.


იხილე აგრეთვე

კუმურდოს წარწერები

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები