ლამისყანის ღვთისმშობლის ეკლესია
ლამისყანის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამისყანის ძველ სასაფლაოზე, გზის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (7,7X5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, კონსტრუქციის ნაწილები (საბჯენი თაღები, შესასვლელისა და სარკმლის წირთხლები) კარგად გათლილი შირიმის ქვისაა, ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედლის შუა მონაკვეთში ყოფილა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის მარცხნივ სწორკუთხა ნიშია.
მოგვიანებით ეკლესიისთვის ჩრდილოეთიდან მიუშენებიათ მეორე ეკლესია (7,7X3,9 მ). ეკლესიის აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის მარჯვნივ კი სწორკუთხა ნიში. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით.
ორივე ეკლესია ძალიან დაზიანებულია. თავდაპირველი ეკლესიის ფასადებზე შემორჩენილია საპირე ქვების ფრაგმენტები.