ლარჭემი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლარჭემი

ლარჭემი - სოინარი - ლერწმის მრავალღერიანი სალამური. ცნობილია სამეგრელოში (ლარჭემი, წარმოდგება სიტყვიდან „ლერწამი“), გურიაში (სოინარი, ბერძნული სიტყვიდან „სოლინარი“) და ლაზეთში („ოსტვინონი“).

საკრავი შედგება ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი სხვადასხვა სიგრძის მილებისაგან.

ყოველ მილს თავისი სახელწოდება აქვს:

  • „კრიმანჭული“;
  • „მოძახილი“;
  • „გადატანილი“;
  • „წყება“;
  • „საშუალო“;
  • „ბანი“ (გურია).


  • „მეჭიფაშე“;
  • „მაჭყაფალი“;
  • „მაღალი“;
  • „მაბანე“;
  • „მეშხუაშე“ (სამეგრელო).

ეს სახელწოდებები სიმღერების ხმების სახელწოდებებია და გამოხატავს არა ბგერის ჰარმონიულ ფუნქციას, არამედ მის რეგისტრულ მდებარეობას.

ღეროები ლერწმისა, ზევით ღია, სადაც შემსრულებელი ჩაბერავს, ხოლო ქვედა ბოლო წაკვეთილი, რაოდენობაა 5-6, სიგრძე - სხვადასხვა. ღეროები განლაგებულია ერთმანეთის გვერდით შემდეგნაირად: ცენტრში გრძელი ღეროები, ხოლო ნაპირებისაკენ კლებადი სიგრძით. ასეთი განლაგება დასავლეთ საქართველოში მკაცრადაა დაცული და მსოფლიოს სხვა ხალხებში ცნობილ მრავალღერიან საკრავთა შორის ანალოგი არ ეძებნება.

ლარჭემის ლერწამს ჭრიან ივლისის ბოლოს, უფრო ადრე მოჭრილი ნესტიანია და საკრავს კარგი ხმა არ ექნება. ლერწმის ერთი ღერო საკმარისია საკრავის ყველა მილის დასამზადებლად. ყოველი მილისათვის მცენარის ერთი მუხლი გამოიყენება. მილის სისქეში განსხვავება არ ასრულებს არსებით როლს, რადგან ბგერის სიმაღლე ღეროში არსებული ჰაერის სვეტის სიმაღლეზეა დამოკიდებული, რისი ცოდნაც ემპირიული გზით არის მიგნებული ხალხური შემსრულებლის მიერ. ამიტომ ბგერის სიმაღლის რეგულირება ხდება ღეროს სიგრძით. ღეროების სიგრძე რეგულირდება სმენით.

ლარჭემზე სხვადასხვა მწყემსური მელოდიები სრულდებოდა. უკრავდნენ საცეკვაოებსაც ქორწილსა თუ სხვა დღეობებში.

სამეგრელოში არსებობდა მელარჭემეთა შეჯიბრების წესი - „ნირზი“, რომლის დროსაც ორი მელარჭემე ექვსღერიან ლარჭემს შუაზე ყოფდა და ერთმანეთს გამძლეობასა და ოსტატურად შესრულებაში ეპაექრებოდა. ცნობილია აგრეთვე, რომ სოფ. ჩქვალერში (წალენჯიხის რაიონი, დიდ ხუთშაბათს, ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ ლარჭემის, დაირის და სპილენძის ბუკის (ოყელია) დაკვრით. ეს საკრავი სახალხო დღესასწაულებზე, სოფლის ლხინებსა და ქორწილებშიც ჟღერდა.

გურიაში სოინარი სასიგნალოდაც გამოიყენებოდა. კვერნაზე სანადიროდ წამსვლელი სხვადასხვა სოფლის მონადირეები სოინარის დაკვრით აძლევდნენ ნიშანს ერთმანეთს. ხშირად ფრინველების გალობასაც ბაძავდნენ. ყოფილან სოინარის ისეთი ოსტატები, რომლებსაც დაკვრაზე ბულბულიც გამოეპასუხებოდა ხოლმე.

ეს საკრავი ამჟამად ყოფიდან თითქმის გამქრალია.

ლიტერატურა

  • დ. არაყიშვილი, ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა, 1940.
  • В.К. Стешенко-Куфтина, Древнейшие инструментальные основы грузинской народной музыки. Флейта Пана, Тб., 1936.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები