ლაუე მაქს ფონ
მაქს ფონ ლაუე – (გერმ. Max von Laue, 1879 - 1960), გერმანელი ფიზიკოსი.
1960 წლის აპრილში საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა დიდი გერმანელი მეცნიერი მაქს ფონ ლაუე. მისი მეცნიერული შემოქმედება გამოსხივების თეორიაში XX საუკუნის უახლესი ფიზიკის განვითარების პერიოდს ემთხვევა. მის უდიდეს მიღწევას მიეკუთვნება კრისტალთა სივრცულ მესერზე რენტგენის სხივების დიფრაქციის აღმოჩენა რისთვისაც ფიზიკის დარგში 1914 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.
ეს აღმოჩენა შემდგომში გამოყენებულ იქნა რენტგენის სხივების დახმარებით კრისტალთა გამოკვლევებში. ლაუეს გამოკვლევებით დამტკიცდა რენტგენის სხივების ტალღური ბუნება და ის, რომ ატომები, იონები ან ნაწილაკები კრისტალში განლაგებულია სწორი მესერის სახით. ამას საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქიმიის ძალიან მნიშვნელოვან დარგს – კრისტოლოქიმიას, საფუძველი მისცა მყარი სხეულების ფიზიკას, გამოყენება პოვა მეტალურგიაში.
მაქს ფონ ლაუე მუშაობდა ოპტიკაშიც, განსაკუთრებით სინათლის კონის გარდატეხისა და არეკვლის პროცესების შექცევადობის საკითხებზე დაამუშავა ბრტყელ-პარალელურ ფირფიტებზე სინათლის ინტერფერენციის თეორია. მუშაობდა კვანტების თეორიაში, ბირთვულ ფიზიკასა და ალბათობის თეორიაში. მიუთითებდა აინშტაინის თეორიის ზოგიერთ ნაკლოვანებებზე ისე, რომ მის მნიშვნელობას არ ამცირებდა. ფარდობითობის კერძო თეორია პირველად სისტემაში მოიყვანა და ჩამოაყალიბა ლაუემ.
მაქს ფონ ლაუე დაიბადა პფეფენდორფში. ბავშვობა და სიჭაბუკე პოზნანში გაატარა. 1898 წელს ჩააბარა გამოცდა სიმწიფის ატესტატზე. უმაღლესი განათლება გეტინგენში მიიღო. 1903 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი მათემატიკის დარგში. მუშაობდა სხვადასხვა მეცნიერულ ცენტრებში, ძირითადად მიუნხენსა და ბერლინში. თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დააინტერესა ზოგადმა და ისტორიულმა საკითხებმა. დაწერა წიგნი სათაურით „ფიზიკის ისტორია.“ იყო არაჩვეულებრივად კეთილშობილი ადამიანი, ამას მოწმობს მისი დამოკიდებულება ჰიტლერულ ბარბაროსების მიმართ. ეხმარებოდა დევნილ ამხანაგებს, ცდილობდა, საკონცენტრაციო ბანაკიდან კრაკოვის პროფესორების განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ. მისი გატაცების საგანი, ფიზიკის გარდა, ავტომანქანის ტარება იყო.