ლევის სხეულების დემენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლევის სხეულების დემენცია - 1980-იან წლებში აღწერეს დემენციის ახალი ტიპი, რომელსაც შედარებით განსხვავებული კლინიკური და პათოლოგიური ნიშნები ახასიათებდა. მას სხვადასხვა ტერმინებით აღნიშნავდნენ, მაგ., „ლევის სხეულაკები”, „ლევის სხეულების დემენცია”, „კორტიკული ლევის სხეულის დაავადება” და „ალცჰაიმერის დაავადების ლევის სხეულების ვარიანტი”. „ლევის სხეულების დემენცია” - ამჟამად შეთანხმებული ტერმინია. ნევროპათოლოგიური კვლევებით დადგენილია, რომ ლევის სხეულების დემენცია დემენციების საერთო შემთხვევების 15-20%-ის მიზეზია. ითვლება, რომ იგი დემენციის განვითარების რიგით მესამე, თუ არა მეორე, ყველაზე გავრცელებული მიზეზია (ალცჰაიმერის დაავადებისა და ვასკულური დემენციის შემდეგ). დაავადების სახელწოდებიდან გამომდინარე, მის კარდინალურ ნევროპათოლოგიურ ნიშანს ცერებრულ კორტექსში ლევის სხეულების არსებობა წარმოადგენს. ასევე, მას დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს. დემენციის შედარებით ახალი „აღმოჩენა” განაპირობა იმან, რომ კორტიკული ლევის სხეულების „დანახვა” (აუტოფსიის შედეგადაც კი) რუტინული რეაგენტებით ვერ ხერხდება.

ლევის სხეულების დემენციის კლინიკური ნიშნები

დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, რომლებიც კომისიის შეთანხმებითაა მიღებული (McKeith et al., 1996), მოცემულია ცხრილში ყველაზე ხშირია დელირიუმის მსგავსი ფაზების მონაცვლეობა, პარკინსონიზმის ნიშნების არსებობა და ვიზუალური ჰალუცინაციები. ამ კრიტერიუმების მაღალი სენსიტიურობითა და სპეციფიკურობით გამოყენება იძლევა დიაგნოზის ზუსტად დადგენის საშუალებას. დაავადების ხანგრძლივობა დაახლოებით 5 წელია.

ლევის სხეულების დემენციის კლინიკური ნიშნების მოკლე ჩამონათვალი
ძირითადი ნიშნები
  • პროგრესირებადი კოგნიტური გაუარესება. განსაკუთრებით გამოხატულია ყურადღებისა და მხედველობით–სივრცითი უნარების დაქვეითება;
  • კოგნიტურისა და ყურადღების დეფიციტის გამოხატული ფლუქტუაცია;
  • ჩვეულებრივ, კარგად ფორმირებული, დეტალური და განმეორებადი მხედველობითი ჰალუცინაციები;
  • პარკინსონული მოტორული ნიშნები.
დამატებითი ნიშნები
  • განმეორებადი ძირს დაცემა;
  • სინკოპე;
  • გარდამავალი ცნობიერების დარღვევები;
  • ანტიფსიქოზური პრეპარატებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
  • სისტემური ბოდვითი იდეები;
  • სხვა (არავიზუალური) ჰალუცინაციები.
დიაგნოზი შესაძლოა გამოირიცხოს ამ ნიშნების არსებობისას
  • ცერებროვასკულური დაავადებების არსებობა;
  • სხვა დაავადებები, რომელთა არსებობა საკმარისია გამოვლენილი ნიშნების ასახსნელად.

ლევის სხეულების დემენციის ეტიოლოგია

ლევის სხეულების დემენცია მჭიდროდაა დაკავშირებული პარკინსონის დაავადებასთან. ორივესთვის დამახასიათებელია „სინუკლეინოპათია”, რომელიც ლევის სხეულებში არსებული პროტეინ ალფა-სინუკლეინის ანომალიურ აგრეგაციას ასახავს. მისთვის არ არის დამახასიათებელი თვალსაჩინო გენეტიკური კომპონენტი, თუმცა, დაკავშირებულია აპო E4 სტატუსთან. ნაკლებადაა შესწავლილი გარემო ფაქტორების გავლენა. სავარაუდოა, რომ ის გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენენ პარკინსონის დაავადების განვითარებაზე, ლევის სხეულის დემენციისთვისაც მნიშვნელოვანი იყოს.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები