ლემეტრი ფრედერიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდერიკ ლემეტრი

ფრედერიკ ლემეტრი – (ფრანგ. Frédérick Lemaître, 1800-1876), ფრანგი მსახიობი.

„ფრანგული თეატრის მეფე“, საფრანგეთის „კუმირი“, „დიდი ფრიდერიკი“ დაიბადა XIX საუკუნის დამდეგს. მისი ცხოვრება ეპოქისთვის დამახასიათებელი კონტრასტებით იყო სავსე. თუკი მოაზროვნე ადამიანები, როგორებიც იყვნენ ჰიუგო, ბალზაკი, დიკენსი და სხვები, აღფრთოვანებით საუბრობდნენ მასზე, მტრები და პოლიტიკური მოღვაწეები მხოლოდ ღვარძლითა და ცილისწამებით მოიხსენიებდნენ. ლემეტრის წარმატებულ როლებს და თეატრალურ ტრიუმფს, დევნა, დიდებას და სიმდიდრეს დამამცირებელი სიღარიბე ენაცვლებოდა. მხცოვანი და დასნეულებული ლემეტრი იძულებული გახდა გაეყიდა თავისი ქონება, რათა ცოტა ხანი მაინც ერჩინა თავი. მის დაკრძალვაზე ვიქტორ ჰიუგომ წარმოთქვა გამოსამშვიდობებელი სიტყვა, რომელშიც ზუსტად განსაზღვრა ფრანგული თეატრის გენიალური მსახიობის მნიშვნელობა: „მისი ხალხურობა და ჰუმანიზმი XIX საუკუნის საფრანგეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებთან მჭიდრო კონტაქტით იყო განპირობებული. ლემეტრი ფლობდა ადამიანებისთვის დამახასიათებელ ყველა ღირსებასა და ნიჭს. იგი იყო მოუთვინიერებელი, დიადი, ვნებიანი, დამატყვევებელი. მასში ტრაგიკული და კომიკური ისევე თანაარსებობდა, როგორც ხალხში“.


ლემეტრის შემოქმედებითი დიაპაზონი უსაზღვრო გახლდათ. იგი არ შემოიფარგლებოდა რომელიმე ერთი ჟანრული სახეობით. ლემეტრი წარმატებული იყო როგორც ტრაგიკულ, ისე კომიკურ ჟანრში. მისი პერსონაჟები წარმოაჩენდნენ ცხოვრების ყველა ასპექტს: ხან ტრაგიკულს, ხან კომიკურს, ხან მახინჯს, ხან მშვენიერს. იგი ზედმიწევნით კარგად იცნობდა ცხოვრებას და სწორედ ეს ცხოვრებისეული გამოცდილება ეხმარებოდა მას სცენური სახეების შექმნაში. მის მიერ შესრულებული როლები უაღრესად განზოგადებულ მხატვრულ სახეებს წარმოადგენდა, ამიტომ ხშირად სიმბოლოდაც კი აღიქმებოდა. ლემეტრი მხატვრულ საშუალებად გროტესკსაც იყენებდა, ამის გამო მისი ხელოვნება რომანტიკულის საზღვრებს სცილდებოდა და კრიტიკული რეალიზმისკენ იხრებოდა. ლემეტრის შემოქმედებითი მეთოდი და მსოფლმხედველობა მეტად რთულ პერიოდში ყალიბდებოდა, როდესაც რომანტიზმი და კრიტიკული რეალიზმი ხშირად გამორიცხავდნენ ერთმანეთს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლემეტრის შემოქმედებაში ორივე მიმართულება იყო წარმოდგენილი.

მის მიერ შექმნილ სცენურ სახეებს შორის, საუკეთესოა რობერ მაკერის სახე ბ. ანტიეს მელოდრამაში „ანდრეს საცხოვრებელი“. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა ამ როლის ორი ვარიანტი შექმნა, პირველ ვერსიაში (1823 წელს) რობერი მამაცი და უზომოდ თავხედი, ცინიკური და ენაკვიმატი, ციხიდან გამოქცეული მსჯავრდებულია. მეორე ვერსიაში - (1830 წელი, რევოლუციის შემდგომი პერიოდი) მსახიობი დრამატურგის თანაავტორად გვევლინება და ამჯერად სპექტაკლი „რობერ მაკერის“ სახელწოდებით გადის. აქ რობერ მაკერი მსჯავრდებული კი არ არის, არამედ სააქციო საზოგადოების ფინანსისტის მანტიას ირგებს და თავხედურად აყაჩაღებს აქციონერებს. სპექტაკლის ფინალში იგი საჰაერო ბურთით მიფრინავს, რათა თავისი ნიჭი სხვა ქვეყნებშიც გამოიყენოს. ამ სპექტაკლის შემდეგ საფრანგეთში რობერ მაკერის სახელი ძალზე პოპულარული გახდა და ეს ლემეტრის დამსახურება იყო.

თუკი ლემეტრის შემოქმედებაში მაკერის სცენური სახე სატირულ-გროტესკული ხასიათის იყო, მისი ჟორჟ ჟერმანი (დიუკანჟის მელოდრამაში „30 წელიანუ მოთამაშისცხოვრება“) ყველაზე ტრაგიკულ რომანტიკულ პერსონაჟს წარმოადგენდა. აქ ლემეტრი გვიჩვენებს ადამიანის ზნეობრივი დეგრადაციის პროცესს, როცა მის ცხოვრებაში გამდიდრების და ფულის მოპოვების სურვილი ადამიანური ბედნიერების მთავარ საზომად, ერთადერთ ღირებულებად იქცევა. მსახიობი გვიჩვენებს, თუ როგორ გადაიქცევა 30 წლის განმავლობაში სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა კაცი ემოციებისგან დაცლილ, გამოფიტულ, დანაშაულების ჩამდენ დაბერებულ ადამიანად. ჟორჟ ჟერმანის სახეში მსახიობმა გვიჩვენა გმირის შინაგანი სამყაროს ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაც მსახიობის ძლიერ ემოციაში, უსაზღვრო ტემპერამენტში გამოიხატებოდა. ვნებათაღელვის ასეთი გამოხატულება, თავის მხრივ, უდიდეს გავლენას ახდენდა მაყურებელზე. გენიალურმა მსახიობმა ეს მელოდრამა ტრაგედიის რანგში აიყვანა და მთავარი გმირი ეპოქის მსხვერპლად აქცია.

ლემეტრის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ყველაზე პოეტური სახე რუი ბლაზი იყო (ვიქტორ ჰიუგოს „რუი ბლაზი“). მისი პერსონაჟი სამართლიანობისათვის მებრძოლი, მეამბოხე სულისკვეთების, ამავდროულად ნაზი და ვნებიანი შეყვარებული იყო.

ლემეტრის მიერ შესრულებულ როლებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჟანის სახე (ფელიქს პიას „პარიზელი მეძველმანე“). ამ პერსონაჟისთვის განსაკუთრებული დამაჯერებლობის მისაღწევად ლემეტრი დაუახლოვდა ცნობილ პარიზელ მეძველმანეს, რომლისგანაც შეისწავლა კალათის, სანათის, კაუჭიანი ჯოხის ტარება. მან შექმნა პარიზელი მეძველმანის საოცრად დამაჯერებელი სახე. ამ როლში იგი იმდენად ორგანული იყო, რომ შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მთელი ცხოვრება ამ საქმიანობას ეწეოდა. მის მიერ შექმნილი როლები გამოირჩეოდა სცენური სიმართლით. იგი მუდამ უშიშრად იბრძოდა სამართლიანობისა და სიკეთისათვის, სწორედ ამიტომ იქცა ფრანგი ხალხის ზნეობრივი სახის სიმბოლოდ.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები