ლენცი იაკობ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაკობ ლენცი

იაკობ ლენცი (გერმ. Jakob Michael Reinhold Lenz, 1751-1792) – გერმანელი დრამატურგი და აგრეთვე შტურმერების დრამატურგიის თეორეტიკოსი, „შეტევისა და ქარიშხლის“ მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ლატვიელი პასტორის ოჯახში დაიბადა, 1771 წ. გადადის საცხოვრებლად სტრასბურგში. აქ უმეგობრდება ახალგაზრდა გოეთეს, რომელიც „რეინისპირა წრეს“ ხელმძღვანელბოდა. ამ წრის წევრები იყვნენ: ვაგნერი, მიულერი და სხვები. სტრასბურგში ლენცი იწყებს მუშაობას დრამის თეორიაზე. ებრძვის ფრანგულ კლასიციზმს, უარყოფს კლასიციზმის პრინციპზე დრამატურგიის აგებას. დრამატურგიისგან ითხოვს თვითმყოფადობას, ორიგინალური ხასიათების შექმნას, ერთ ნაწარმოებში ტრაგიკულისა და კომიკურის შერწყმას.

დრამატურგიულ პრაქტიკაში, მიუხედავად თეორიული წესების ერთიანობისა, შტურმერები ორად იყოფოდნენ: ერთნი ორიენტირებულნი იყვნენ ფრანგულ მეშჩანურ დრამაზე, მეორენი – შექსპირზე. მაგალითად, ლენცი და ვაგნერი აგრძელებდნენ ინგლისური და ფრანგული მეშჩანური დრამისათვის დამახასიათებელი ყოფითობის აღწერის გზას. ამავე დროს, ცდილობდნენ დრამატურგიაზე ლესინგის შეხედულებების პროპაგანდას, თუმცა ლესინგისეული ამაღლებული მორალური პათოსი ზედმეტად მიაჩნდათ. მეორე, შექსპირისეული მიმართულების წარმომადგენელი იყო კლინგერი, რომელიც ამყარებს „ძლიერის უფლებებს“ და უარყოფს ყოველგვარ მორალურ ნორმებს. კლინგერი გამოხატავდა ვნებებს და ტყიურ, ველურ ხასიათებს.

ლენცის პიესებიდან შედარებით ცნობილია: „სახლის მასწავლებელი“ და „ჯარისკაცები“. პირველში, რუსოს „ახალი ელოიზას“ სიუჟეტი გამოიყენა. პიესა უბრალო მასწავლებლისა და მაღალი წრის წარმომადგენელი მოსწავლის სიყვარულზეა. ნაჩვენებია, თუ როგორ ამცირებენ არისტოკრატიულ ოჯახში ბიურგერთა წრიდან გამოსულ მასწავლებელს. არისტოკრატი ქალი აჩენს ბავშვს, გარბის სახლიდან და ბოლოს თავს იხრჩობს. ლენცი პიესას უამრავი რეალისტური დეტალით ტვირთავს. მასში დიდაქტიკაც არის: არისტოკრატიულ ოჯახში რასწორი აღზრდის სისტემის კრიტიკა. დრამაში „ჯარისკაცები“, ოფიცრის მიერ ბიურგერული წარმომავლობის ქალიშვილის შეცდენის ამბავია გადმოცემული. ლენცი ძალიან ემოციური ადამიანი იყო, იგი ფსიქიკურად დაავადდა. საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და თავს გერმანულის სწავლებით ირჩენდა. ერთ-ერთი ფსიქიკური შეტევის დროს, სახლიდან გაიქცა, ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები