ლეონტი მროველის წარწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეონტი მროველის წარწერა 1066 – ნუსხური ოცსტრიქონიანი წარწერა, ამოკვეთილი მწვანე ქვის სტელაზე. ოთხკუთხა სტელა (ზომა 64,5X25.5X12,5 სმ.) აღმოჩნდა 1957 თრეხვის ქეაბებში (ქარელის რ-ნი, მდ. ხვედრულის ხეობის მარცხენა მხარე). მას მიაკვლია სადაზვერვო ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ: ლ. გოთუა – მწერალი, ა. ნემსიწვერიძე – მთამსვლელი, გ. ხეცურიანი – ექიმი და გ. გაფრინდაშვილი – არქიტექტორი, რომლებმაც გამოსცა ეს წარწერა. წარწერიანი სტელა ამჟამად დაცულია საქართველოს მუზეუმის ქვის ძეგლების ფონდში. დამუშავებულია სტელის მხოლოდ წინა მხარე. კომპოზიციურად იგი იყოფა ორ თითქმის თანაბარ ნაწილად. ზედა ნაწილი ოთხკუთხედ ჩარჩოშია ჩასმული შუაში ამოღარული მარტივი გრეხილი ორნამენტით. ჩარჩოს შიგნით არის ასეთივე ორნამენტიანი, მკლავებზე წვეროებგაფართოებული ჯვრის (ზომა: 25XI6 ბმ) გამოსახულება. სტელის ქვედა ნახევრის შუა ნაწილი უჭირავს მსხვილ, მრგვალ ღეროს. მის თავზე დასმულია მრგვალი, რელიეფური კოპი, ხოლო მასზე აღმართულია ზედა ნაწილში გამოსახული ჯვარი. ქვედა ნაწილის ღერო ქვემოთ ორად იყოფა და თითოეული ნაწილი ბოლოვდება პალმეტებით. მთელი კომპოზიცია „აყვავებულ ჯვარს“ გამოსახავს. ჯვრის ზედა მკლავის ორივე მხარეს ასომთავრულით ამოკვეთილია ერთსტრიქონიანი წარწერა: „წმიდაი მიქაელ მთავარანგელოზი". განივი მკლავების ქვემოთ, ჯვრის ბუდეებში, ვერტიკალური მკლავის ორივე მხარეს ამოკვეთილია წარწერა:

„მე, ლეონტი მროველმან, დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ესე ქუაბი ხატისათჳს ღმრთაებისა, და დღესა ჭირისასა ნავთსაყუდელად რუისისა საყდრისა შვილთათჳს, ჟამთა შინა ალფარსალან სულტანისაგან ოხრობისათა. ქრონიკონსა სპვ“.

წარწერაში აღნიშნული ქორონიკონი სპვ 1066-ს შეესაბამება. წარწერის მიხედვით, მეტი დამაჯერებლობა მოიპოვა თვალსაზრისმა (ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ნ. ბერძენიშვილი), რომ „ქართლის ცხოვრების“ კრებულის პირველი ბირთვის შემდგენელი და მისი პირველი სამი თხზულების ავტორი, ისტორიკოსი ლეონტი მროველი არის XI ს. მოღვაწე, სასულიერო პირი და რუისის მღვდელმთავარი. ეს იმ შემთხვევაში, თუ წარწერას და „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებულ ლეონტი მროველს გავაიგივებთ. ამას გარდა, წარწერა მოგვითხრობს თურქ-სელჯუკთა სულთნის ალფ-არსლანის ქართლზე გალაშქრების შესახებ და გადმოგვცემს ერთ-ერთი ასეთი შემოსევის ზუსტ თარიღს – 1066. ასევე, წარწერაში აღნიშნულია, რომ რუისის საყდრის მთავარი სიწმინდის – „ღმრთაების“ ხატის – თავშესაფრად მღვდელმთავარს ქვაბი აუშენებია, რომელიც ტაძრის საყდრის შვილთა თავშესაფარი („ნავსაყუდელი") შეიძლებოდა ყოფილიყო.

ვ. სილოგავა



ლიტერატურა

  • გაფრინდაშვილი გ., ლეონტი მროველის 1066 წ. სამშენებლო წარწერა თრეხვის ქვაბებიდან.– „საქართვ. მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის მოამბე“, 1961, №I.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები