ლიბერალური ნაციონალიზმი
ლიბერალური ნაციონალიზმი ევროპული ლიბერალიზმის კლასიკურ ფორმად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მისი გაჩენა საფრანგეთის 1789 წ. რევოლუციას უკავშირდება და ბევრი მაშინდელი ღირებულების ნიშან-თვისებასაც ატარებს. მართლაც, უკვე XIX საუკ. შუა ხანებში, კონტინენტურ ევროპაში ნაციონალისტობა თავისთავად ნიშნავდა ლიბერალობას და პირიქით. მაგალითად, 1848 წ. რევოლუციური მღელვარებები არა მარტო შეზღუდული და კონსტიტუციური მმართველობის მოთხოვნით, არამედ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და გამთლიანებისთვის ბრძოლითაც იყო გამოწვეული. ყველაზე აშკარად ეს იტალიის მაგალითზე გამოჩნდა, როცა იტალიის გაერთიანების მედროშემ, ჯუზეპე მაზინიმ Risorgimento, ანუ ქვეყნის „ახლად დაბადების“ ლოზუნგი ისროლა. იგივე პრინციპებს იზიარებდა სიმონ ბოლივარიც (1783-1830), რომელიც XIX საუკ. დასაწყისში, ლათინური ამერიკის განმანთავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში და კონტინენტიდან ესპანელები გააძევა. ლიბერალური ნაციონალიზმის ალბათ ყველაზე ნათელი გამოხატულებაა ამერიკის პრეზიდენტის, ვუდრო უილსონის ე.წ. „14 პუნქტი“ — 1918 წ. შექმნილი ეს დოკუმენტი I მსოფლიო ომის შემდგომ, დანგრეული ევროპის აღდგენა-მოწყობის საფუძველი გახდა.
ნაციონალიზმის ნებისმიერი სხვა გამოვლინებისა არ იყოს, ლიბერალური ნაციონალიზმიც უპირატესად იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ კაცობრიობა ბუნებრივადაა დაყოფილი მრავალ ერად და ყოველ მათგანს საკუთარი მეობა გააჩნია. ამრიგად, ერები იმთავითვე ბუნებრივი ერთობებია, და არა პოლიტიკური ლიდერებისა თუ მმართველი კლასების ხელოვნური გამონაგონი; თუმცა, ლიბერალური ნაციონალიზმის განმასხვავებელი ის გახლავთ, რომ ერის ცნებას — რუსოს კვალად — ისიც ხალხის ნების უზენაესობის რწმენას უკავშირებს, რაკიღა მრავალეროვნული იმპერიები, რომელთაც XIX საუკ. ევროპული ნაციონალიზმი ებრძოდა, თვითმპყრობელურ და აქედან გამომდინარე, მჩაგვრელ ინსტიტუტებს განასახიერებდნენ. ასე მაგალითად, მაძინი არა მარტო იტალიური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების გამთლიანებაზე ოცნებობდა, არამედ ავტოკრატიული ავსტრიის უღლის გადაგდებაზეც. მსგავსი ტიპის ნაციონალიზმის მთავარი იდეა ეროვნული თვითგამორკვევაა და მიზნად ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ისახავს, სადაც მმართველობის საზღვრები რაც შეიძლება უფრო მეტად ემთხვევა ეროვნულობის საზღვრებს. ჯ. ს. მილის (1861) თქმით, როცა ეროვნულობის განცდა ამა თუ იმ ძალით იჩენს თავს, უმთავრესი საკითხი ამ ეროვნების ყველა წარმომადგენლის ერთი მმართველობის ქვეშ თავმოყრაა — ეს კი იმას ნიშნავს, რომ მმართველობის საკითხი თავად მართულთა გადასაწყვეტია.
ლიბერალური ნაციონალიზმი, უპირველეს ყოვლისა, ნაციონალიზმის ყველაზე სამართლიანი ფორმაა, რაკიღა ერთი ერის ინტერესებს სხვისაზე წინ არ აყენებს − პირიქით, ნებისმიერი ერის დამოუკიდებლობისა და თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს. ამ გაგებით, ყველა ერი თანასწორია და აქედან გამომდინარე, ლიბერალური ნაციონალიზმის საბოლოო მიზანიც სუვერენულ, დამოუკიდებელ ეროვნულ სახელმწიფოებად დაყოფილი მსოფლიოა. თავის დროზე მაძინიმ, გაერთიანებული იტალიის იდეის განსახორციელებლად, იატაკქვეშა ორგანიზაცია „ახალგაზრდა იტალია“ შექმნა, თუმცა იმავე დროს „ახალგაზრდა ევროპაც“ დააარსა იმ იმედით, რომ ნაციონალიზმის იდეები მთელს კონტინენტს მოედებოდა. როდესაც პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, ვუდრო უილსონმა თვითგამორკვევის პრინციპები წამოაყენა, მას არა მარტო ამერიკისთვის ხელსაყრელი, ევროპული იმპერიების დაშლის სურვილი ამოძრავებდა, არამედ იმის რწმენაც, რომ პოლონელებიც, ჩეხებიც, სერბებიცა და უნგრელებიც ისევე იმსახურებდნენ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, როგორც ვთქვათ, მანამდე ამერიკელი ხალხი.
ამ თვალსაზრისით, ნაციონალიზმი არა მარტო პოლიტიკური თავისუფლების ხარისხის ზრდის საშუალებაა, არამედ მშვიდობიანი და სტაბილური მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფის მექანიზმიც. ასე მაგალითად, უილსონს მიაჩნდა, რომ I მსოფლიო ომი ე.წ. ძველი წესრიგის – დაპყრობასა და ომზე ორიენტირებული, თვითმპყრობელი და მილიტარისტული იმპერიების ბატონობის შედეგი იყო მხოლოდ: მისი აზრით, დემოკრატიული ეროვნული სახელმწიფოები მშვიდობისმოყვარენი იქნებოდნენ, რამდენადაც კულტურული და პოლიტიკური ერთიანობის პირობებში, საბაბი აღარ ექნებოდათ ომი წამოეწყოთ და სხვა ერები დაემორჩილებინათ. მსგავსი შეხედულება გამორიცხავს ნაციონალიზმის, როგორც უნდობლობის, ეჭვისა და მტრობის წყაროდ აღქმას; პირიქით — ცალკეული ერის გამთლიანებასა და ერთა შორის თანხმობას უწყობს ხელს – ეროვნული უფლებებისა და თვითმყოფადობის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.
თუმცა, აქ კიდევ ერთი რამაა გასათვალისწინებელი: ერი ლიბერალიზმისთვის საბოლოო კატეგორია მაინც არაა — და ამას თავისი მიზეზი გააჩნია: ლიბერალთა ინდივიდუალიზმისკენ მიდრეკილება გულისხმობს, რომ ნებისმიერ ადამიანს თანასწორი ზნეობრივი ღირებულება გააჩნია (რასის, წარმომავლობის, სოციალური მდგომარეობისა და ეროვნების მიუხედავად); ამდენად, იგი უნივერსალიზმისაკენ იხრება და სამყაროს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ პიროვნებას ერთმანეთისაგან არ ასხვავებს. დღესდღეობით ამგვარი მიდგომა ადამიანის უფლებების ცნებაში პოულობს გამოხატულებას. როცა პიროვნებას ერზე მაღლა აყენებენ, ლიბერალები — უნდათ-არ უნდათ, ახლა სახელმწიფოს სრული დამოუკიდებლობის საფუძვლების მორყევას უწყობენ ხელს — ამის მაგალითად სამხრეთ აფრიკაზე განხორციელებული საერთაშორისო ზეწოლა გამოდგება, როცა იქ არსებული „თეთრი“ რეჟიმი აიძულეს, აპარტეიდზე ეთქვა უარი. თავისუფლება მუდამ კანონს უნდა მორჩილებდეს, და ეს მოსაზრება როგორც ცალკეულ პიროვნებაზე, ისე მთელს ერზეც ვრცელდება. სწორედ ამის შედეგად ჩაუდგნენ ლიბერალები სათავეში იმ მოძრაობას, რომელიც ერთა ლიგის, გაეროს, და ევროკავშირის მსგავსი ზეეროვნული ორგანიზაციების მეთვალყურეობით, საერთაშორისო სამართლის მთელი სისტემის შექმნას ისახავდა მიზნად. ასე რომ, ნაციონალიზმი ერთის მხრივ, კარჩაკეტილობისა და გამორჩეულობის, ხოლო მეორეს მხრი — კარსმომდგარი კოსმოპოლიტიზმის გამაწონასწორებელ იარაღად უნდა ვაქციოთ.
ლიბერალურ ნაციონალიზმს ორი კუთხით აკრიტიკებენ ხოლმე: ჯერ ერთი, გულუბრყვილობასა და რომანტიულობას სწამებენ — ლიბერალი ნაციონალისტები მხოლოდ ამ ფენომენის პროგრესულ და დადებით მხარეს ამჩნევენ და როგორც ჩანს, თვალს ხუჭავენ ნაციონალიზმის უარყოფით თვისებებზე — ჩვენიანებად და უცხოელებად დაყოფის „ტრაიბალისტურ“ ტენდენციებზეო; თანაც, ლიბერალები ნაციონალიზმს საყოველთაო პრინციპად კი აღიარებენ, ოღონდ მისი ემოციური ძალის ნაკლებად სჯერათ, არადა, ომიანობის დროს, სწორედ ამ ძალას შეუძლია ადამიანებს იარაღი ააღებინოს ხელში და მტყუან-მართალზე დაუფიქრებლად, „საკუთარი ქვეყნისათვის“ თავიც გააწირინოს, ანუ − „ჩვენთან არს ღმერთი!“
მეორეც, ლიბერალური ნაციონალიზმის ზემოხსენებული საბოლოო მიზანი − ეროვნულ სახელმწიფოებად დაყოფილი მსოფლიო — ვინძლო, ძირეულად. მცდარი აღმოჩნდეს. ევროპის რუკის შემცვლელი, უილსონისეული ნაციონალიზმის შეცდომა ის გახლდათ, რომ თითქოსდა ერები მათთვის მიჩენილ, გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში სახლობდნენ და სახელმწიფოებიც ამ არეალისდა შესაბამისად შეიძლებოდა დასაზღვრულიყო. სინამდვილეში, ყოველი ეგრეთწოდებული „ეროვნული სახელმწიფო“ რამდენიმე ენობრივ, რელიგიურ, ეთნიკურ და რეგიონალურ ჯგუფს აერთიანებს, რომელთაგან ზოგი თავს ერადაც შეიძლება მიიჩნევდეს. ამის ნათელი დადასტურებაა ყოფილი იუგოსლავია – ქვეყანა, რომელსაც ვერსალის ზავის ინიციატორები „სლავთა მიწად“ განიხილავდნენ. არადა, რეალურად, აქ თანაარსებობდა განსხვავებული ეთნოსები, რელიგიები, ენები და ისტორიაც კი. უფრო მეტიც, როგორც XX საუკ. 80-იან წლებში იუგოსლავიის დანაწევრებამ დაადასტურა, მასში შემავალი ყოველი რესპუბლიკა განკერძოებულ ეთნიკურ თავისთავადობას ჩემულობდა და თურმე, პოლიტიკურად შეკრული, კულტურულად ერთგვაროვანი ეროვნული სახელმწიფოს შექმნის ერთადერთი გზა ეთნიკური წმენდა ყოფილა, რასაც ადრე ნაცისტები, მოგვიანებით კი ბოსნიელი სერბები გაიძახოდნენ.