ლინგვისტური ატლასი
ლინგვისტური ატლასი – რუკების სისტემატიზებული ერთობლიობა, რომელშიც თითოეულ რუკაზე რაიმე პირობითი ნიშნით (ფერით, ხაზით..) აღნიშნულია რომელიმე ერთი ენობრივი (ფონეტიკური მორფოლოგიური, სინტაქსური თუ ლექსიკური) თავისებურების ნაირსახეობათა განლაგება დასახლებული პუნქტების მიხედვით გარკვეულ ტერიტორიაზე (ერთი ენის გავრცელების ფარგლებში, ერთ სახელმწიფოში, ერთ კონტინენტზე, მონათესავე ენათა გავრცელების საზღვრებში და ა.შ.) თუ რა შესაძლებლობები აქვს დიალექტური მოვლენების კარტოგრაფირებას, კარგად გამოჩნდა იმ რუკაზე, რომელიც ვ. თოფურიამ შეადგინა -აე თემისნიშნიან ზმნათა ნამყო უსრულისათვის.
ასევე, შესაძლებელია ამავე მეთოდით ერთმანეთის მსგავსი მოვლენების აღწერა მონათესავე და არამონათესავე ენების არეალზეც. მაგ. ევროპის რუკაზე შეიძლება ნაჩვენები იყოს, სად უწევს ანგარიშს კუთვნილებითი ნაცვალსახელის ფორმა სუბიექტის (ვისაც ეკუთვნის) გრამატიკულ სქესს (როგორც ეს ინგლისურშია), სად – ობიექტის (რაც ეკუთვნით) გრამატიკულ სქესს (ფრანგულის მსგავსად), სად აისახება გარკვეული საშუალებებით ერთსა და იმავე კუთვნილებით ნაცვალსახელში როგორც სუბიექტის, ასევე ობიექტის გრამატიკული სქესი (გერმანულის მსგავსად).
ხაზს, რომელიც ლინგვისტურ რუკაზე ერთსა და იმავე მოვლენას აღნიშნავს, იზოგლოსა ეწოდება.
ლინგვისტური ატლასების შედგენა დაიწყეს XIX-XX სს. მიჯნაზე, რაც დაკავშირებული იყო ენათმეცნიერების ახალი დარგის – ლინგვისტური გეოგრაფიის ჩამოყალიბებასთან.
ლინგვისტური ატლასის შედგენაზე მუშაობა იწყება იმ კითხვარის შედგენით, რომლის მიხედვითაც უნდა იქნეს გამოკვლეული საძიებელ თავისებურებათა გავრცელებისა და განლაგების ფარგლები. ასეთი კითხვარის შედგენა, თავის მხრივ, გულისხმობს საკვლევი დიალექტებისა თუ ენების შესწავლის გარკვეულ დონეს. ასევე წინასწარ სუსტდება, ყოველი დასახლებული პუნქტი უნდა აღიწეროს თუ ერთმანეთისაგან გარკვეული მანძილით დაშორებული სოფლები ან ქალაქები. ეს ძირითადად დამოკიდებულია აღსაწერი ტერიტორიის დასახლების სიმჭიდროვესა და ენობრივ თავისებურებათა მოსალოდნელ სიჭრელეზე.
კითხვარის შევსება ხდება ან უშუალო დაკვირვების მეთოდით (ანუ პირდაპირი გამოკითხვით), როცა მკვლევარი თვითონ მიდის აღსაწერ ადგილას და შეისწავლის საძიებელ თავისებურებებს, ანდა ანკეტირების მეთოდით, როცა კითხვარები დაიგზავნება სხვადასხვა ადგილას და მათ შევსებაში მონაწილეობენ არასპეციალისტები.
რუკაზე გადატანის წინ მონაცემები კიდევ ერთხელ მოწმდება. დღეისათვის უკვე არსებობს მრავალი ენისა თუ ენათა ჯგუფების ლინგვისტური ატლასები. მსოფლიოში უდიდესი ლინგვისტური ატლასებია გერმანული ენის დიალექტოლოგიური ატლასი (შეადგინეს გ. ვენკერმა და ფ. ვრედემ, 1876–1926), ფრანგული ენის (ლ. ა. (გამოაქვეყნეს ჟ. ჟილიერონმა და ე. ედმონმა, ტ. 1–7, 1902–12), იტალიური ენის ლინგვისტური ატლასი (ტ. I–8, 1928-40). ეს უკანასკნელი შეიცავს გარკვეულ ეთნოგრაფიულ მონაცემებსაც. არსებობს მოლდავური და სომხური ენების ლინგვისტური ატლასები, გამოქვეყნებულია რუსული ენის ლინგვისტური რუკების რამდენიმე კრებული, ბელორუსული ენის დიალექტოლოგიური ატლასი (1963).
1911 ქართული ენის დიალექტოლოგიური შესწავლის მოკლე პროგრამა შეადგინა პეტერბურგში ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრემ ი. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. 1927 დიალექტოლოგიური ლექსიკის შეგროვების პროგრამა შეადგინა ქართველთა სამეცნიერო საზოგადოებამ. ამჟამად ქართული ენის დიალექტოლოგიური ატლასისთვის მასალის შეგროვება მიმდინარეობს ენათმეცნიერების ინსტიტუტში ა. კიზირიას, ი. ქავთარაძის, მ. ჭაბაშვილის, თ. უთურგაიძის მიერ შედგენილი კითხვარის („კითხვარი ქართული დიალექტოლოგიური ატლასის მასალისათვის“), აგრეთვე დარგობრივი ლექსიკის რამდენიმე სპეციალური კითხვარის მიხედვით (შეადგინეს თ.უთურგაიძემ, ა. არაბულმა...).
მ. კობაიძე
ლიტერატურა
- თოფურია ვ. ქართველურ ენათა დიალექტების შესწავლის მდგომარეობა და ამოცანები. – „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები“, III, თბ., 1963