ლიტერატურის ისტორია
ლიტერატურის ისტორია – ლიტერატურისმცოდნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგი, რომელიც შეისწავლის ლიტერატურის განვითარების პროცესს. იგი ახდენს ამა თუ იმ ეპოქის, ერის, ან მთელი მსოფლიოს ლიტერატურის წარმოშობისა და ისტორიული სახეცვლილების თანმიმდევრულ კონკრეტულ იდეურ-მხატვრულ ანალიზსა და ახსნას. ამიტომ მისი დანიშნულებაა, ერთი მხრივ, კონკრეტულ მხატვრულ მოვლენათა არსის, ნიშანდობლივი თვისებების, მხატვრული ღირსებისა და საზოგადოებრივ-ისტორიული მნიშვნელობის განხილვა შეფასება ხოლო, მეორე მხრივ, მათი ახსნა ობიექტური და სუბიექტური საფუძვლების (განმაპირობებელი ფაქტორების) გაშუქება. ამრიგად, ლიტერატურის ისტორიის საგას შეადგენს არა ლიტერატურის ზოგადი კანონზომიერება, კანონები, რომლებსაც ლიტერატურის თეორია შეისწავლის, არამედ ამ კანონზომიერების, კანონების გამოვლენის ისტორიული ფორმები, კონკრეტული ლიტერატურული პროცესი.
არსებობს როგორც მსოფლიო ლიტერატურის ისტორია, ისე ეროვნულ ლიტერატურათა ისტორიები, მაგ, ქართული ლიტერატურის ისტორია და სხვ. აგრეთვე გამოყოფენ ცალკეული ეპოქების ლიტერატურისა და მიმდინარეობების ისტორიებსაც, მაგ., რომანტიზმის ისტორია, რეალიზმის ისტორია და სხვა.
ლიტერატურის ისტორიას განეკუთვნება ისტორიული პოეტიკა და ტექსტოლოგია.
ლიტერატურის ისტორია ყველა შემთხვევაში ემყარება გარკვეულ ზოგად ლიტერატურულ პრინციპებს, რომელთა მთლიანობას ლიტერატურის მეთოდოლოგიას უწოდებენ. ბუნებრივია, ეს უკანასკნელი თავის მხრივ ლიტერატურის თეორიის სფეროს განეკუთვნება.