ლიტურგიული დრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლიტურგიკული დრამა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიტურგიკული დრამა - (ბერძნ. leiturgia – ღვთისმსახურება) – შუასაუკუნეების ხანის რელიგიური წარმოდგენა (IX-XIII სს.);

IX საუკუნეში ევროპულმა ეკლესიამ განიზრახა ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში შეეტანა თეატრალური ელემენტები. სავარაუდოა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას ხელს უწყობდა რამდენიმე გარემოება: უპირველესად ის, რომ საეკლესიო თეატრალური ქმედება გააძლიერებდა სარწმუნოებრივ (ამ შემთხვევაში კათოლიკურ) პროპაგანდას. ლათინურ ენაზე შესრულებული სახარების ტექსტები წარმოშობდა ლათინური ენის უკეთ შესწავლის სურვილს; ვიზუალური სანახაობა გაზრდიდა საეკლესიო მრევლის რიცხვს და უფრო მეტ მრევლს (მაყურებელს) მოიზიდავდა; სახალისო ფორმით გადმოცემული სახარების ცალკეული ეპიზოდები ასათვისებლად იოლი გახდებოდა; საკმაოდ გამომშრალი და უკვე მექანიკურ გამეორებად ქცეული საეკლესიო ქადაგებანი, თეატრთან დაწინდების გზით, ახალ სიცოცხლეს შეიძენდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საეკლესიო მამებმა სათეატრო ფორმა სათავისოდ გამოიყენეს. კათოლიკური ეკლესიის მესვეურებმა ამ სანახაობას სახელიც შესაფერისი შეურჩიეს – ლიტურგიული დრამა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი „გარღვევა“ ერთბაშად არ მომხდარა. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ე. წ. ანტიფონები და რესპონსორიები (ქოროს პასუხი მღვდლის სიტყვებზე), რის საფუძველზეც წარმოიშვა ტროპები.

საეკლესიო თეატრი – რელიგიური შინაარსის ვოკალური „დიალოგების“ – ანტიფონების (ორ ჯგუფად გაყოფილი ქორო მონაცვლეობით გალობდა), რესპონსორიებისა (ღვთისმსახურის მიერ წაკითხულ ტექსტს ქორო სიმღერით პასუხობდა) და ტროპების (სახარებისეული ტექსტი ღვთისმსახურებს შორის გამართული დიალოგის მეშვეობით იყო მოწოდებული) – საფუძველზე აღმოცენდა. ლიტურგიული ქმედების, როგორც საეკლესიო თეატრის ჟანრის ფორმირების პროცესი დააჩქარა იმ ფაქტმა, რომ მესა ლათინურ ენაზე ტარდებოდა (რომელიც არ ესმოდა ეკლესიაში შეკრებილ მრევლს), რაც ღვთისმსახურების „განმარტების“, ახსნის აუცილებლობას განაპირობებდა. რელიგიური საიდუმლოს კონკრეტიზაციის მიზნით, სახარებისეული ეპიზოდები პანტომიმიკური სცენებისა და სიმბოლური ატრიბუტების მეშვეობით იყო „ილუსტრირებული“.

ლიტურგიული დრამის პირველი ნიმუშები გამოირჩეოდა შესიტყვების სიმცირით და შესრულების რიტუალურ-სიმბოლური ხასიათით.

საეკლესიო დრამის განვითარების ადრეულ ეტაპზე ტაძარში საშობაო და სააღდგომო ციკლის ეპიზოდების ინსცენირება ხდებოდა. დროთა განმავლობაში ლიტურგიული დრამა ტრანსფორმირებას განიცდიდა და ახალი სახარებისეული ეპიზოდებით მდიდრდებოდა. სააღდგომო ციკლისაგან განსხვავებით, საშობაო ციკლი, რომელიც ნაკლებად უკავშირდებოდა ღვთისმსახურების რიტუალს, უხვად იყო დატვირთული რეალისტური ელემენტებით. მაგ. მოგვთა თაყვანისცემის სცენას ქალაქში გამართული პროცესია უძღოდა წინ. მოქმედება ტაძრის ფარგლებს გარეთ იწყებოდა, ცენტრალურ ნავში გრძელდებოდა და კულმინაციას საკურთხეველთან აღწევდა.

ლიტურგიული დრამის სათამაშო სივრცის კომპოზიციას ტაძრის არქიტექტურული თავისებურებები განსაზღვრავდა. მოქმედება ტაძარში შეკრებილი მრევლის წინაშე საკურთხეველთან ვითარდებოდა, სამკვეთლოს კი კულისების ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული. მნიშვნელოვანი სცენების განხორციელების მიზნით, ტაძრის შიდა სივრცეში მოცულობითი დეკორაციული ელემენტებით გაწყობილ სპეციალურ ბაქანს აღმართავდნენ. ლიტურგიული დრამის სიუჟეტური დიაპაზონის გაფართოება რამდენიმე განსხვავებული სამოქმედო გარემოს წარმოდგენას მოითხოვდა. ტაძრის გაფორმების სპეციფიკური თავისებურებების გათვალისწინებით, XII საუკუნიდან ჩამოყალიბებული გაფორმების სიმულტანური პრინციპი საეკლესიო თეატრის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენდა. გაფორმების ეს მეთოდი, როგორც შუასაუკუნეებში გაბატონებული აზროვნების სისტემის ტიპური ნიმუში, დროით კატეგორიასთან პირობით მიდგომას და რამდენიმე გარემოს ერთდროულად ჩვენებას გულისხმობდა. ტაძრის შიდა სივრცე პირობითი სქემატური მოცულობითი დეკორაციების მეშვეობით იყო გაფორმებული (ტახტრევანი მეფის სასახლეს, ორი ტახტრევანი კი მთელ ქალაქს განასახიერებდა). წინასწარ დამონტაჟებული უძრავი დეკორაციული ელემენტები განსაზღვრული თანმიმდევრობით იყო განაწილებული ტაძრის ნავებში. შემსრულებელთა გადანაცვლება ერთი დეკორაციიდან მეორისკენ სამოქმედო ადგილის ცვლას აღნიშნავდა. კონკრეტული ეპიზოდისათვის „უსარგებლო“ დეკორაცია ქსოვილის მეშვეობით „ინიღბებოდა“. დროთა განმავლობაში მრავალფეროვანი მოძრავი, ამწევი, საფრენი თეატრალური მექანიზმების, ლუკების მეშვეობით ტაძრის ვერტიკალური სივრცის ათვისების პროცესი იწყება. X ს.-იდან ლიტურგიული ქმედება ტაძრის მთელ სივრცეს მოიცავს.

სპექტაკლის ორგანიზატორები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ წარმოდგენის სახვით მხარეს. ლიტურგიული დრამის განვითარების ადრეულ ეტაპზე რეკვიზიტის როლს საეკლესიო ინვენტარი ასრულებდა. შემდგომში სარიტუალო ნივთები სპეციალურად დამზადებული ბუტაფორიით, სახარებისეული სიუჟეტების ინსცენირებისათვის აუცილებელი მრავალფეროვანი საგნებით შეიცვალა. საეკლესიო თეატრის აგიტაციური შინაარსი სანახაობითი მხარის დახვეწას უწყობდა ხელს და ლიტურგიულ დრამაში მრავალფეროვანი ვიზუალური ეფექტების შემოჭრას განაპირობებდა. ასობით სანთლისა და ჩირაღდნის შუქით განათებულ ტაძარში განსახიერებული „სასწაულები“ ეკლესიის მრევლზე დიდ გავლენას ახდენდა. მრავალფეროვანი ტექნიკური საშუალებების და პიროეფექტების მიუხედავად, შთაბეჭდილებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა რომანული ტაძრის ინტერიერი, როგორც მნიშვნელოვანი საკრალური ინფორმაციით დატვირთული სივრცე, ვიდრე ის პრიმიტიული საგნობრივი ელემენტები, რომელთაც შემსრულებლები სამოქმედო გარემოს პირობითი აღნიშვნის მიზნით იყენებდნენ.

ლიტურგიულ დრამაში რეალისტური ტენდენციების გაძლიერების პარალელურად, სახარებისეული ეპიზოდების თვალსაჩინოდ განსახიერების მიზნით, იზრდებოდა არაკანონიკური პერსონაჟების (ვაჭრები, მეომრები, ჯალათები, ბოროტმოქმედები და სხვ.), დეკორაციების, ბუტაფორიის რაოდენობა, იქმნებოდა სპეციალური „სარეჟისორო ინსტრუქციები“ სათანადო მითითებებით. სეკულარიზაციის პროცესს თან სდევდა შესრულების მანერის მკვეთრი ცვლილება, კანონიკური ტერმინების ყოფითი ლექსიკით, საეკლესიო სამოსის – მრავალფეროვანი საერო კოსტიუმებით ჩანაცვლება (კანონიკური კოსტიუმებით მხოლოდ „ღვთიური“ პერსონაჟები იმოსებოდნენ).

რეალისტური ელემენტების, კომიკური და სატირული სცენების სიმრავლე დრამის ეკლესიის ფარგლებს გარეთ გასვლას განაპირობებდა. ჟანრის ევოლუცია მისი თვითგანადგურების წინაპირობად იქცა. 1210 წელს, რომის პაპის – ინოკენტი III-ის ბრძანების თანახმად, ეკლესიაში წარმოდგენების გამართვა აიკრძალა. ლიტურგიულმა დრამამ ჯერ ტაძრის კარიბჭესთან, შემდეგ კი ტაძრის გალავანს მიღმა ფიცრებით გაწყობილ სცენაზე გადაინაცვლა. გაფორმების სიმულტანური პრინციპის თანახმად, ნახევრადლიტურგიულ დრამაში რამდენიმე სამოქმედო გარემო (რაოდენობა თავდაპირველად შეზღუდული იყო) ერთდროულად იყო წარმოდგენილი. ფონად გაშლილი ტაძარი ზეციურ სამყაროს, ფიცრის ბაქანი – მიწას, სასცენო მოედნის ორივე მხარეს აღმართული მარტივი მოცულობითი კონსტრუქციები „სამოთხეს“ და „ჯოჯოხეთს“ განასახიერებდა.

თანდათან ლიტურგიული დრამა რთულდება, სხვადასხვაგვარი ხდება კოსტიუმები. ამ სანახაობებში იქმნება „რეჟისორული“ მითითებებიც. ყოველივე ამას თვით მღვდლები აკეთებდნენ. თანდათან ეს სანახაობები მეტ ყოფიერებას იძენს. ბიბლიის ტექსტები, საეკლესიო დეკლამაციის წამღერებული ფორმა იცვლება ყოფითი ენით. ლიტურგიული დრამის დამდგმელები ხშირად სადადგმო ეფექტებსაც იყენებდნენ: აჩვენებდნენ ქრისტეს აღდგომას და სხვა სასწაულებს. დადგმითი ეფექტები, ცხოვრებასთან დაახლოება ხალხს ართობდა. ეს უფრო თეატრალური სანახაობა იყო, ვიდრე ღვთის მსახურება. თანდათან, დროთა განმავლობაში ეს სანახაობა ეკლესის შენობიდან გადმოაქვთ ეკლესიის კარიბჭესთან

ფიქრების და გრძნობების, ადამიანური ვნებების გამოსახატავად ლათინური არ აღმოჩნდა საკმარისი და ტექსტებში თავი იჩინა მშობლიურმა ენამაც. წარმოიშვა დრამატული ქმედების ყველა ნიშანი. სიცოცხლესთან, ყოფიერებასთან კავშირის გაძლიერებამ თავისთავად ამოატივტივა საყოფაცხოვრებო მოტივები. ლიტურგიკული დრამა ცხოვრებას კიდევ უფრო დაუახლოვდა ენობრივი თვალსაზრისითაც (მაგ. „საქმრო, ანუ ბრძენი და უჭკუო ქალწულები“, საფრანგეთი, XI ს.). საეკლესიო შაბლონები შეცვალა ცოცხალმა მეტყველებამ და სარწმუნოებრივი თეატრის აღმშენებლობაც ამით დასრულდა. ახლა საჭირო იყო სანახაობრივი მხარის გამოკვეთაც, რამაც წარმოშვა ტექნიკური საშუალებები (ბლოკები „ამაღლებისათვის“, ლუკები და სხვ). გამოყენებულ იქნა სიმულტანური, ანუ ერთდროული დეკორაციის პრინციპი. განვითარების ამ სტადიაში ლიტურგიკული დრამა რამდენადმე დაუპირისპირდა კიდეც ღვთისმსახურების თავისებურებას.


იხილე აგრეთვე

ნახევრად ლიტურგიკული დრამა

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები