ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშები (2012)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლონდონის თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით წარდგა. მათ 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გახსნის ცერემონიაზე ჩვენს ოლიმპიურ დელეგაციას საქართველოს დროშით ხელში მოუძღოდა ლეგენდარული ოლიმპიელი, სამივე სინჯის მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე

ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 2012 წელს (27 ივლისი - 12 აგვისტო) ლონდონში.

  • მონაწილე ქვეყანა 204
  • სპორტსმენი 10,568 / 4,675 ქალი / 5,893 კაცი
  • სპორტის სახეობა 26
  • მედლების კომპლექტი 302

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: მაიკლ ფელპსი (ცურვა, აშშ) 4,2,0
ქალებში: მისი ფრანკლინი (ცურვა, აშშ) 4,0,

Londonis plakati 2.PNG

2012 წლის XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლაში კანდიდატ ქალაქებს შორის თავიდანვე ორი აშკარა ფავორიტი გამოიკვეთა - პარიზი და ლონდონი. გარკვეული უპირატესობით საფრანგეთის დედაქალაქი სარგებლობდა, მაგრამ ხმის მიცემის პროცესში, როცა საქმე მეოთხე ტურამდე მივიდა, 4 ხმის უპირატესობით გამარჯვება ლონდონს დარჩა.

ლონდონი გახდა პირველი ქალაქი, რომელსაც 1908 და 1948 წლების შემდეგ, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მესამედ მიეცა.

ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიამდე 2 დღით ადრე, 25 ივლისს, ქალთა საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპით დაიწყო. ოლიმპიურ სარბიელზე განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა 21 ათასზე მეტი აკრედიტებული მედიის წარმომადგენელი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით თამაშებს დაახლოებით 4-მილიარდიანი აუდიტორია ჰყავდა.

ინგლისის დედაქალაქს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა წევრი ქვეყანა ეწვია. მათ შორის, სოკ-ისგან არაღიარებული სამხრეთ სუდანის და 2010 წელს დაშლილი და სტატუსდაკარგული ნიდერლანდების ანტილის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც დამოუკიდებელ მონაწილეებად გამოვიდნენ. ასევე, პირველად გამოჩნდნენ ქალი სპორტსმენები საუდის არაბეთიდან, ყატარიდან და ბრუნეიდან, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლონდონში საასპარეზოდ სოკ-ის ყველა წევრმა ქვეყანამ სულ ცოტა ერთი ქალი ოლიმპიელი გაგზავნა.

100 მეტრზე რბენა პეკინის თამაშების სამგზის ჩემპიონის, იამაიკელი უსეინ ბოლტის გამარჯვებით დასრულდა. ბოლტი საუკეთესო იყო 200 მეტრზეც. ამასთან, ბოლტი გახდა პირველი სპრინტერი, ვინც ეს ზედიზედ მეორე ოლიმპიურ თამაშებზე შეძლო

ოლიმპიური თამაშების პროგრამის ნაწილი პირველად გახდა ქალ მოკრივეთა ასპარეზობები. ამგვარად, ქალებმა პირველად შეძლეს ყველა სახეობაში მონაწილეობა, ხოლო ჩოგბურთს 1924 წლის შემდეგ შერეულ წყვილთა შეჯიბრებები დაუბრუნდა.

სიახლე იყო გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მწვრთნელთა სახელით ფიცის დადება. ასეთი პატივი კანოეისტთა მასპინძელ მწვრთნელს, ერიკ ფარელს ერგო.

ბრიტანელთათვის განსაკუთრებით საამაყო გამოდგა ლონდონის ველოპარკის ტრეკზე განვითარებული მოვლენები - 10 ფინალიდან შვიდში ჩემპიონობა მათ იზეიმეს. ველოდრომზე დამყარებული 9 მსოფლიო რეკორდიდანაც 7 მასპინძლებისაა. ასევე, მათ ანგარიშზეა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ბრედლი უიგინსის მიერ საგზატკეცილო რბოლაში მოპოვებული მეოთხე ოლიმპიური ოქროც.

გამორჩეული იყო ასევე ინგლისელი ბენ ეინსლის მიღწევაც. ეინსლი გახდა პირველი აფროსანი, ვინც 5 ოლიმპიურ თამაშებზე მედალი დაისაკუთრა და მეორე, ვინც ოთხგზის იზეიმა ჩემპიონობა.

ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა იაპონელმა თავისუფალი სტილის მოჭიდავემ, საორი იოშიდამ, რომელიც სპორტის ამ სახეობას მამამ - ჭიდაობაში ტოკიოს თამაშების ჩემპიონმა ეიკაცუ იოშიდამ აზიარა, ათენურ და პეკინურ ოქროებს ლონდონურიც შემატა.

სარბენ ბილიკებზე ისტორიული დაპირისპირება შემოგვთავაზეს იამაიკელმა უსეინ ბოლტმა და მისმა თანაგუნდელმა იოჰან ბლეიკმა. 100 მეტრზე რბენა პეკინის თამაშების სამგზის ჩემპიონის, ბოლტის გამარჯვებით დასრულდა (9,63 წმ). ის საუკეთესო იყო 200 მეტრზეც, ხოლო ბლეიკი ორივე შემთხვევაში ვერცხლს დასჯერდა. ამასთან, ბოლტი გახდა პირველი სპრინტერი, ვინც ორივე სპრინტერული დისციპლინის მოგება ზედიზედ მეორე ოლიმპიურ თამაშებზე შეძლო. ბოლტის დახმარებით იამაიკელებმა 4X100 ესტაფეტაც მოიგეს, თანაც - მსოფლიოს რეკორდით. ასევე, სარეკორდოდ ირბინა ამერიკელ ქალთა კვარტეტმა, რომელმაც აღმოსავლეთ გერმანელების მიერ 1985 წელს დამყარებული მსოფლიო რეკორდი დაამხო.

ლონდონის ოლიმპიადა ისტორიული იყო იმითაც, რომ მასში პარალიმპური თამაშების ოთხგზის ჩემპიონმა, სამხრეთაფრიკელმა სპრინტერმა (რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს) ოსკარ პისტორიუსმა იასპარეზა.

ამერიკელი მოცურავე, 14-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ ფელპსი ლონდონშიც შეუდარებელი იყო. თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ყველაზე ტიტულიანმა სპორტსმენმა 4 ლონდონური ოქროს და 2 ვერცხლის მედლით ოლიმპიური ჯილდოები 22-მდე გაზარდა. ამგვარი მაჩვენებლით, ფელპსმა საბჭოთა ტანმოვარჯიშის ლარისა ლატინინას 18-მედლიანი რეკორდიც გააუმჯობესა.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები