მაგელანი ფერნანდო
ფერნანდო მაგელანი – (პორტ. Fernão de Magalhães [fɨɾˈnɐ̃w̃ ðɨ mɐɡɐˈʎɐ̃ȷ̃ʃ], 1480-1521 წ.წ.), პორტუგალიელი მეზღვაური, რომელმაც პირველად იმოგზაურა დედამიწის გარშემო.
ახალგაზრდობისას მსახურობდა ჯარში; იყო ინდოეთში; მონაწილეობას იღებდა ექსპედიციაში მალაკის ნახევარკუნძულზე, აგრეთვე მაროკოს ლაშქრობაში, სადაც მძიმედ დაიჭრა ფეხში.
1512 წ. მაგელანი დაბრუნდა ლისაბონში, სადაც ის შეუდგა კოსმოგრაფიისა და საზღვაო მეცნიერებათა შესწავლას და დაწერა თხზულება: „ინდოეთის სამეფოების, სანაპიროების, ნავსადგურების და კუნძულების აღწერა“. გეოგრაფიული საკითხების შესწავლამ მაგელანი მიიყვანა გენიალურ გეგმამდე, რომ შორეული აღმოსავლეთის კუნძულების მიღწევა შეიძლება გარდა ჩვეულებრივი გზისა – აფრიკის შემოვლით, დასავლეთის გზითაც სამხრეთ ამერიკის სამხრეთი კიდურის ახლოს გავლით. ესპანეთის მთავრობამ მოაწყო ექსპედიცია, რომლის მეთაურად მაგელანი დაინიშნა; მან გამოიკვლია სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილები, აღმოაჩინა სრუტე (მაგელანის სრუტე) ატლანტის ოკეანისა და წყნარ ოკეანის შორის, წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილი, მარიანის და ფილიპინის კუნძულები; უკანასკნელ არქიპელაგზე ის დაიღუპა მკვიდრ მცხოვრებლებთან შეტაკების დროს კუნძული მაქტანის ნაპირას. მაგელანის მოგზაურობა აღწერა ერთ-ერთმა მისმა თანამგზავრმა პიგაფეტამ თავის დღიურში („პირველად დედამიწის ირგვლივ“).