მაგიდის ჩოგბურთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაგიდის ჩოგბურთელთა ოლიმპიური ტურნირი რიო დე ჟანეიროში, 2016

მაგიდის ჩოგბურთი, (პინგ-პონგი) სპორტული თამაში რეზინგადაკრული ხის ჩოგნითა და ცელულოიდის ან პლასტიკური მასის პატარა ბურთით. მოთამაშის ამოცანაა, ბურთი ერთი დარტყმით მეტოქის მოედანზე ისე გადააგდოს, რომ მან ბურთის დაბრუნება ვერ შეძლოს.

სარჩევი

 [დამალვა

ისტორია

წარწერის ტექსტი

მაგიდის ჩოგბურთის წარმომავლობაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. ყველაზე სარწმუნო ვერსიის თანახმად, ეს თამაში, ისევე, როგორც დიდი ჩოგბურთი და ბადმინტონი, შუა საუკუნეების აღმოსავლეთ აზიაში ჩაისახა, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ევროპაში გავრცელდა და სპორტის სახეობად ინგლისში ჩამოყალიბდა. 1891 წელს ინგლისელმა ჩარლზ ბაქსტერმა პინგ-პონგის პატენტი მიიღო. სტუდენტები სათამაშოდ სასადილო მაგიდას იყენებდნენ, გამყოფი ბადის დანიშნულებას წიგნები ასრულებდა, ბურთს რბილი ჯიშის ხისგან ან კაუჩუკისგან ამზადებდნენ, ჩოგანს - პერგამენტგადაკრული ფანერისგან. ახალმა თამაშმა სასწავლო დაწესებულებებიდან პარკებსა და სხვა დასასვენებელ ადგილებში გადაინაცვლა და გართობის საშუალებად იქცა. XX საუკუნის დასაწყისში ინგლისში პირველი ოფიციალური შეჯიბრებებიც გაიმართა. ბერლინში გაიხსნა „პინგ-პონგ კაფე“. იმავე პერიოდში მაგიდის ჩოგბურთს მიმდევრები გამოუჩნდნენ ვენასა და ბუდაპეშტში. 1926 წელს დოქტორ ლემანის ინიციატივით ბერლინში შეიკრიბნენ ინგლისის, უნგრეთის, ავსტრიისა და გერმანიის წარმომადგენლები. ამ შეხვედრაზე გადაწყდა საერთაშორისო ფედერაციის ჩამოყალიბება. იმავე წელს ინგლისში მოეწყო ევროპის ჩემპიონატად წოდებული ტურნირი 9 ქვეყნის 64 სპორტსმენის, მათ შორის ინდოელების მონაწილეობით. საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეს შეჯიბრება პირველ მსოფლიო ჩემპიონატად აღიარეს. ტურნირი 1957 წლამდე ყოველწლიურად იმართებოდა, შემდეგ კი - ორ წელიწადში ერთხელ. თავდაპირველად თამაშის ხანგრძლივობა რეგლამენტირებული არ იყო. მაგალითად, 1834 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ფრანგი ჰაგენა უერისა და რუმინელი ჰოლდენბერგის შეხვედრა 8 საათს გაგრძელდა. ამიტომ, მატჩისთვის გამოყოფილი დრო ჯერ ერთ საათამდე შეამცირეს, მერე კი - 20 წუთამდე. მას შემდეგ თამაშის წესები არაერთხელ შეიცვალა.

მაგიდის ჩოგბურთის განვითარებაში რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს გამოყოფენ. I ეტაპი (1926-51) ევროპული ჩოგბურთის აღმავლობის პერიოდია, როცა შემოვიდა ცელულოიდის ბურთი და თამაშის შემტევი სტილი, ხის ჩოგნები კი ე.წ. სანდვიჩის ტიპის ჩოგნებით შეიცვალა. 1950-იან წლებში (II ეტაპი) დაწინაურდნენ იაპონელი ჩოგბურთელები. მათ შემოიღეს გრძელი, მოჭრილი დარტყმა და ჩოგნის ე.წ. „აზიური ტაცი“. მომდევნო ათწლეული (III ეტაპი) ჩინელ და კორეელ ჩოგბურთელთა ხანაა. იმავე პერიოდში გამოიგონეს „ტიპ სპინ“-ის სახელწოდებით ცნობილი დარტყმა, რამაც თამაშს მეტი სისწრაფე და მრავალფეროვნება შესძინა. 1970-იან წლებში (IV ეტაპი) ევროპელებმა კვლავ დაიბრუნეს მოწინავე პოზიციები. განსაკუთრებით დაწინაურდნენ შვედები, უნგრელები და იუგოსლავიელები. მომდევნო პერიოდი ხასიათდება ევროპული და აზიური სკოლების კონკურენციით, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა მაგიდის ჩოგბურთის ოლიმპიურ სახეობად აღიარების შენდეგ. იმავდროულად, საგრძნობლად გაიზარდა მაგიდის ჩოგბურთის პოპულარობა მთელ მსოფლიოში - ოფიციალურ ტურნირებში ყოველწლიურად მილიონობით ჩოგბურთელი მონაწილეობს.

ერთეულთა შორის პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ კორეელი იუ ნამ გიუ (კაცები) და ჩინელი ჩენ ჩჟინი (ქალები).

მაგიდის ჩოგბურთი საქართველოში

საქართველოში მაგიდის ჩოგბურთი XX საუკუნის დასაწყისში შემოვიდა, მაგრამ მასობრივად 1950-იანი წლებიდან განვითარდა, განსაკუთრებით - თბილისსა და ზღვისპირეთში. თავდაპირველად თამაშობდნენ გართობის მიზნით, შემდეგ გაჩნდა სპეციალური სპორტული ჯგუფები. თბილისის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა 1950 წელს, 2 წლის შემდეგ კი ფოთში საქართველოს პირევლი ჩემპიონატი მოეწყო. ერთეულთა თანრიგში გაიმარჯვეს ლალი იზაშვილმა და ირაკლი ხიმშიაშვილმა. მოგვიანებით, მათ რობერტ კუდაშვილთან ერთად, პირველებს მიენიჭათ სპორტის ოსტატის წოდება. 1954 წელს კუდაშვილის ინიციატივით თბილისში გაიხსნა მაგიდის ჩოგბურთის ბავშვთა სპორტული სკოლა. სსრ კავშირის ჩემპიონატის პირველი მედლები მოიპოვეს ლალი იზაშვილმა (1958, ბრინჯაო), სარქის სარხოიანმა (1966, ოქრო), თეიმურაზ რამაზაშვილმა (1966, ბრინჯაო). აქედან იწყება სარხოიანის მრავალწლიანი წარმატებული კარიერა, ის სხვადასხვა თანრიგში 23-ჯერ იყო სსრკ ჩემპიონი, პარალელურად გაიმარჯვა, არაერთ საერთაშორისო ტურნირში, მათ შორის - ევროპის ჩემპიონატებსა და სტუდენტთა მსოფლიო პირველობაში. სარხოიანი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების არაერთი მედლის მფლობელია, საუკეთესოა საქართველოს ყველა თაობის მაგიდის ჩოგბურთელთა შორის, ქალთა შორის კი საუკეთესო იყო სიმელა პარფინიდი.

საქართველოს მაგიდის ჩოგბურთელებს ოლიმპიურ თამაშებზე არ უასპარეზიათ.

წესები

ვან ნანი (ჩინეთი)

თამაშისთვის საჭიროა მაგიდა, ბადე, ჩოგანი და ბურთი. მაგიდა მზადდება ნებისმიერი მასალისგან. სიგრძე - 274 სმ, სიგანე - 152, 5 სმ, სიმაღლე - 76 სმ. სათამაშო ზედაპირი შეღებილია ერთი ტონის მუქი (მეტწილად - მწვანე ან ლურჯი) საღებავით და შემოსაზღვრულია 2 სმ. სიგანის თეთრი ზოლით. ბადის კომპლექტში შედის საყრდენი დგარი, საკიდი ზონარი და უშუალოდ ბადე, რომლის სიგრძეა 183 სმ, სიმაღლე - 15, 25 სმ. ბადის ზედა კიდე შემოსაზღვრულია 15 მმ. სიგანის ბადისაგან განსხვავებული ფერის ზოლით. ბურთი სფეროს ფორმისაა (დიამეტრი 40 მმ, წონა 2,5-2,8 გრ), თეთრი ან ნარინჯისფერი, მზადდება ცელულოიდის ან მსგავსი პლასტმასისაგან. ჩოგნის ფრთის სისქის არანაკლებ 85 პროცენტი ნატურალური ხეა, რომელზეც ეკრობა რეზინის საფარი ან ორფერიანი „სენდვიჩი“. მაგიდის გარე სათამაშო სივრცის ზომებია: სიგრძე - 14 მ, სიგანე - 7 მ, სიამღლე - 4 მ.

ყოველი ქულის გათამაშება იწყება მოწოდებით. ერთეულთა თანრიგში პირველი მომწოდებლის ვინაობას ავლენს წილისყრა. მომწოდებელი თავისუფალ ხელის გულზე გაშლილი ნებით ბურთს აისვრის არანაკლებ 16 სმ. სიმაღლეზე და ჩოგანს ურტყამს დაშვების მომენტში. ბურთი ჯერ მომწოდებლის ნახევარზე უნდა დაეცეს და მერე გადავიდეს მეტოქის ნახევარზე. თუ მოთამაშემ ბურთი ააგდო, მაგრამ ვერ დაარტყა, მოწოდება წაგებულად ითვლება. მოწოდება გადათამაშდება, თუ ბურთი ბადეს ან დგარს შეეხო და მეტოქის ნახევარზე დაეცა. ყოველი 2 ქულის გათამაშების შემდეგ მოწოდების უფლება გადაეცემა მეტოქეს. საპასუხო დარტყმა ნებადართულია მას შემდეგ, როცა ბურთი მომგერიებლის მხარეს დაეცემა და ახტება. მოგერიება შეიძლება ჩოგნით და იმ ხელის მტევნით, რომელშიც ჩოგანი უჭირავთ. ქულის გათამაშება გრძელდება, თუ ბურთი ბადეს ან დგარს მოხვდება, მაგრამ მეტოქის ნახევარზე დაეშვება. თუ მოჭრილი ბურთი მეტოქის ნახევარზე, ბადესთან დაეცა, უკან მობრუნდა და ბადე ხელახლა გადმოკვეთა, ქულას აგებს ის მოთამაშე, რომელმაც ბურთის ჩოგნით მოგერიება ვერ მოასწრო. ქულა მოგებულია, თუ მეტოქე: ა) ბურთს ჩოგნით ან ხელის მტევნით მანამ შეეხება, ვიდრე ბურთი მაგიდაზე დაეცემა; ბ) მოგერიებისას ბურთს ორჯერ ან მეტჯერ შეეხება; გ) ბურთს მოიგერიებს ასროლილი ჩოგნით; დ) ქულის გათამაშებისას ჩოგნით ან სხეულის რომელიმე ნაწილით შეეხება ბადეს, დგარს, აგრეთვე მაგიდას მეტოქის ნახევარზე; ე) ქულის გათამაშებისას თავისუფალი ხელით (რომლითაც ჩოგანი არ უჭირავს) შეეხება მაგიდის სათამაშო ზედაპირს, ბადეს ან დგარს; ვ) ბურთს მაგიდის გარეთ მოიგერიებს; ზ) თუ ბურთს მას შემდეგ მოიგერიებს, რაც ზედიზედ ორჯერ ან მეტჯერ დაეცემა მის ნახევარზე. პარტია გრძელდება მანამ, ვიდრე ერთ-ერთი მოთამაშე 11 ქულას მოაგროვებს და ამ მომენტისთვის, სულ მცირე, 2-ქულიანი უპირატესობა არ ექნება. თუ ანგარიში გახდა 10:10, მეტოქეები მორიგეობით აწვდიან, ვიდრე სახეობა 2 ქულას არ მიაღწევს. ყოველი პარტიის შემდეგ ჩოგბურთელები ცვლიან ადგილს და მოწოდების რიგითობას. გადამწყვეტ პარტიაში ადგილი იცვლება მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მეტოქე 5 ქულას მოიგებს. თამაში შედგება 5 ან 7 პარტიისაგან (3 ან 4 მოგებამდე).

წყვილთა თამაშში მოქმედებს დამატებითი წესი. მაგიდა 3 მმ. ხაზით სიგრძეზე ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. წყვილები წინასწარ ადგენენ პირველ მომწოდებელს და პირველ მიმღებს. მოწოდების მიმართულება დიაგონალურია (მარჯვენა კვადრატიდან მეტოქის მარჯვენა კვადრატში). ქულის გათამაშებისას ჩოგბურთელები ბურთს მორიგეობით იგერიებენ და უტევენ. ყოველი 2 ქულის გათამაშების შემდეგ იცვლება წყვილთა განლაგება და მომწოდებელი მხარე. წყვილთა შეხვედრები 5 პარტიისაგან შედგება (3 მოგებამდე).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები