მაკინე ამირეჯიბი
ამირეჯიბისა მაკინე სარდიონ ავალიშვილის ასული (1858 − 1929)1 – მომღერალი, დამკვრელ-მოცეკვავე, საზოგადო მოღვაწე. წარმოშობით ქართლიდან, სოფ. საღოლაშენიდან იყო. მთელ საქართველოში ცნობილი იყო, როგორც „განთქმული მომღერალი, მოლეკურე, დაირაზე დამკვრელი, ლიტერატურისა და ხელოვნების მოყვარული მომხიბლავი ქალი და ჩინებული სტუმართმოყვარე დიასახლისი“.
მასთან ხშირად დადიოდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მწერლები, მომღერლები, საზოგადო მოღვაწეები და სხვ. ქართული თეატრის საქმიანობით და მწერლობით დიდად გატაცებული იყო. იმ დროს, როდესაც ქართული ეროვნულ-კულტურული საქმიანობა მეფის მთავრობის მოხელეთაგან იდევნებოდა, ხოლო ქართველი „ბრწყინვალე“ საზოგადოების ზოგიერთ წევრთაგან აბუჩად იყო აღებული, მაკინე ამირეჯიბისა თავის სახლში საქველმოქმედო მიზნით ხშირად მართავდა წარმოდგენებსა და ლიტერატურულ საღამოებს, სადაც ქართველი პოეტების ლექსებს საკუთარი ჰანგით საუცხოოდ მღეროდა. ამ საღამოებს გლეხებიც ესწრებოდნენ, რითაც ხალხში, განსაკუთრებით გლეხკაცობაში, საზოგადოებრივი მამულიშვილური ცნობიერება შეჰქონდა.
აკაკიმ მიუძღვნა ლექსი „მომღერალ ქალს – საგანგებოდ მოვლენილი უზენაეს განგებითა“.
გამოყენებული ლიტერატურა
- 1. მდივანი, დომინიკა (განდეგინი). ვუძღვნი კნ. მ. ა.-ს: [ლექსი მაკინე ამირეჯიბს] // კვალი. – 1896. – № 31. – გვ. 551;
- 2. თემი. – 1911. – № 4;
- 3. მგალობლიშვილი, სოფრომ. ქართული თეატრის მოღვაწეობა ქართლში // თეატრი და ცხოვრება. – 1914. – № 14. – გვ. 13;
- 4. წერეთელი, პაპუნა. აკაკი წერეთლის უცნობი ლექსი // ლიტერატურული საქართველო. – 1941. – 27 იანვარი. – № 4 (163).