მამკოდის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მამკოდის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამკოდის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ-ზე, გლდან-თიანეთის გზის მარჯვენა მხარეს, ნასოფლარ მამკოდაზე, მთავარი გზიდან გლდანის წყალზე გავლით 1 კმ-ზე.

კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის და წმ. გიორგის ეკლესიები, სამრეკლო, გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობისა და გალავნის ფრაგმენტები.

სარჩევი

ღვთისმშობლის ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (13,9X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. აგებულია XIX საუკუნეში. ძლიერ დაზიანებულია: სახურავი, კონქი, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლების ზედა ნაწილები ჩამონგრეულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, ღრმა აფსიდში ერთი სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ღრმა სწორკუთხა ნიშებია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში ორ-ორი მაღალი თაღოვანი ნიშია. ნიშებს შორის დაკიდებულ პილასტრებს ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. დასავლეთის კედელში, კარს ზემოთ ერთი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი.

დასავლეთ ფასადზე მიშენებულია სამრეკლო, რომლის პირველი, სწორკუთხა (6,7X5,15 მ) სართული ეკლესიის კარიბჭეს წარმოადგენს. სამრეკლოს დასავლეთით შეისრულთაღიანი შესასვლელი აქვს. შესასვლელის თავზე ოთხკუთხა სარკმელია. ჩრდილოეთისა და სამსრეთის კედლები ყრუა. მეორე სართულის სწორკუთხა ბაქანზე დადგმულია თაღებიანი რვაწახნაგა ფანჩატური, რომლის რვაწახნაგა სვეტები და მათი ბაზისები კარგად გათლილი ქვიშაქვითაა ნაწყობი. გუმბათი და პირამიდული სახურავი აგურისაა. სახურავის ოთხ წახნაგზე აგურის წყობაში გამოყვანილია ტოლმკლავა ჯვრები.

წმინდა გიორგის ეკლესია

წმინდა გიორგის ეკლესია აგებულია XIX საიკუნეში. ნაშენია ნატეხი ქვით, აგური გამოყენებულია კონსტრუქციის ნაწილებში (თაღები, გუმბათის ძირი და ყელი).

ეკლსეია ჯვარ-გუმბათოვანია (10,8X7,1 მ), შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხევლის ღრმა აფსიდში ერთი სარკმელია. საკურთხეველი გასასვლელებით უკავშირდება მის ორივე მხარეს მდებარე სამკვეთლოსა და სადიაკვნეს, რომლებშიც აღმოსავლეთით თითო სარკმელია. რვაწახნაგა გუმბათის ყელი, რომლის ყოველ წახნაგში სარკმელია გაჭრილი, საკურთხევლის მხრებსა და ორ თავისუფლად მდგომ მრგვალ ბოძს ეყრდნობა. დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში თითო განიერი ოთხკუთხა სარკმელია.

ფასადების ფრონტონებში მაღალ საფეხურზე შემდგარი დაკბილული რომბებია გამოყვანილი. ეკლესიას ორრიგად დაწყობილი აგურის ლავგარდანი აქვს. ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრით შემორჩენილია სამრეკლოს აგურით ნაგები ორი ბოძი. ერთ-ერთის ქვის ფილაზე ამოკვეთილია მშენებლის სახელი – „თედო“ და აგების თარიღი – 1850 წ.

ეკლესიის დასავლეთით შემორჩენილია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით ნაგები გაურკვეველი დანიშნულების შენობის ნიშებიანი კედელი და ქვის გალავნის ფრაგმენტი.

ბიბლიოგრაფია

  1. მამკოდის კომპლექსი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.-თბ.,1990.-გვ.294. მამკოდის კომპლექსში შემავალი ძეგლების: ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ტიპისა და წმინდა გიორგის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ეკლესიების, ასევე ნანგრევების სახით შემორჩენილი სამრეკლოების ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ძეგლების განაკვეთთა ჩანახაზები და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გეგმა.
  2. ჯანგიძე მ. მამკოდის მონასტერი //გა. "თბილისის".-1971(30 ივლ.).-გვ.2. გლდანის ახლოს, თიანეთისაკენ მიმავალ გზაზე ნაგები მონასტერის შესახებ.



წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები