მანია (სამედიცინო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანია - (F301), (mania), აშლილობა, ხასიათდება სიტუაციასთან დაუკავშირებელი აწეული გუნებ-განწყობით, რომელიც თავისი ინტენსივობით ვარირებს უდარდელი მხიარულებიდან თითქმის არაკონტროლირებად აგზნებამდე. აწეულ გუნებ-განწყობას თან სდევს ენერგიის მოზღვავება, რაც განაპირობებს ჰიპერაქტივობას, მეტყველებით აგზნებას (სიტყვაუხვობას) და ძილის მოთხოვნილების დაქვეითებას გართულებულია ყურადღების ფიქსაცია, რაც ხშირად გაფანტულობასთან არის შერწყმული.

საკუთარი შესაძლებლობები გადაფასებულია, გამოთქვამს განდიდების იდეებს და უსაზღვროდ თავდაჯერებულია. ნორმალური სოციალური შეზღუდვების განმუხრუჭება შეიძლება გამომჟღავნდეს უგუნურ, წინდაუხედავ ან სიტუაციასთან შეუსაბამო ქცევაში.

მძიმე შემთხვევებში იდეათა ქარიშხლის და უხვსიტყვაობის გამო შეუძლებელია პაციენტის გაგება; აგზნება შეიძლება გადაიზარდოს აგრესიასა და უხეშობაში; შიმშილის, წყურვილის უგულებელყოფა და პირადი ჰიგიენის დაუცველობა შესაძლოა გახდეს საერთო მდგომარეობის დამძიმების (მაგ., დეჰიდრატაციის) მიზეზი.

ფსიქოზური სიმპტომების გარეშე მიმდინარე მანიის კლინიკური სურათის გარდა, შესაძლოა იყოს ვარიანტები ბოდვით (ჩვეულებრივ, განდიდების ბოდვა) ან ჰალუცინაციებით (ჩვეულებრივ, პაციენტს ჩაესმის ხმები). ეს ფსიქოზური სიმპტომები შეიძლება იყოს გუნებ-განწყობის როგორც კონგრუენტული (ანუ შეესაბამებოდეს ემოციური სფეროს აწეულ რეგისტრს), ასევე არაკონგრუენტული – ნეიტრალური ან გუნებ-განწყობის აწეული ფონის საპირისპირო.

სარჩევი

მეტყველება და აზროვნება

მანიის დროს მეტყველება აჩქარებული და მრავალსიტყვიანია, რადგან ფიქრები და აზრები სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს. ამ დროს ხდება ასოციაციური პროცესის აჩქარება - აზრთა ქარიშხალი, ანუ იმდენად სწრაფად ხდება ერთი თემიდან მეორეზე გადასვლა, რომ ძნელია მიყვე ასოციაციათა ჯაჭვს. თუმცა მათ შორის კავშირის გაგება რთული არაა, განსაკუთრებით, თუ საუბარს ჩავიწერთ და შემდეგ გავშიფრავთ. ეს მოვლენა განსხვავდება შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი აზროვნების დარღვევებისაგან, როდესაც ჩანაწერის შესწავლის შემდეგაც ასოციაციებს შორის კავშირის დადგენა შეუძლებელია.

ხშირია ექსპანსიური/განდიდების იდეები. პაციენტებს სჯერათ, რომ მათი აზრები ორიგინალური და მნიშვნელოვანია და რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაო გამორჩეული ხარისხისაა. ბევრი პაციენტი ხდება ექსტრავაგანტური, იწყებს ფულის ფლანგვას. ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. ყიდულობს ძვირიან მანქანასა და სამკაულებს, თავს ანებებს კარგ სამსახურს, ებმება უგუნურ და სარისკო ბიზნეს წამოწყებებში.


ხანდახან განდიდების აზრებს თან ახლავს განდიდების ბოდვა. ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა ირწმუნოს, რომ არის მესია, ან სახელმწიფო მოღვაწეების მრჩეველი მნიშვნელოვან საკითხებში. შეიძლება განვითარდეს დევნის ბოდვაც, როდესაც პაციენტს სჯერა, რომ განსაკუთრებული მისიის გამო დევნიან. ასევე, გვხვდება დამოკიდებულებისა და ზემოქედების ბოდვითი იდეებიც. შნაიდერის პირველი რიგის სიმპტომები აღენიშნება პაციენტთა 10-20 პროცენტს. ბოდვები და პირველი რიგის სიმპტომები არ არის ხანგრძლივი - მათი უმეტესობა ნიველირდება ან რამდენიმე დღეში შინაარსობრივად იცვლება.

აღქმის პათოლოგია

მანიის დროს ხშირია ჰალუცინაციებიც, რომლებიც უპირატესად გუნებ-განწყობის ფონის შესამაბისია. მაგალითად, ხმა, რომელიც არწმუნებს პაციენტს, რომ მას განსაკუთრებული უნარი აქვს ან რელიგიური შინაარსის ხილვები.

სხვა დამახასიათებელი ნიშნები

მწვავე მანიაკალურ მდგომარეობაში საკუთარი მდგომარეობის მიმართ კრიტიკა მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული. პაციენტს არ ესმის, რატომ უნდა შეიკავოს თავი გრანდიოზული გეგმებისაგან ან შეამციროს ხარჯები და უარი თქვას ექსტრავაგანტური ნივთების შეძენაზე. იგი იშვიათად მიიჩნევს თავს ავადმყოფად ან თვლის, რომ სჭირდება მკურნალობა.

პაციენტების უმრავლესობას შეუძლია თავისი მდგომარეობის გაკონტროლება და დისიმულაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი მკურნალობის საკითხი განიხილება; ამიტომ, თუ კი ამის საშუალება არსებობს, მნიშვნელოვანია ინფორმაციის სხვა პირებისგანაც მოპოვება. ჰენრი მოუდსლიმ (1879, გვ. 398) შემდეგნაირად აღწერა ეს პრობლემა:

„ისევე, როგორც არაღრმა თრობისას, ნაკლებად გამოხატული მანიაკალური მდგომარეობის დროს, პიროვნებას შეუძლია, დაძაბოს გონება, თავი მოუყაროს აზრებს, გააკონტროლოს თავისი ქცევა და მცირე დროის მანძილზე ისაუბროს მშვიდად და გონივრულად ისე, რომ შეცდომაში შეიყვანოს გამოუცდელი მოსაუბრე”.

DSM-IV-ის მიხედვით, მანიაკალური ეპიზოდის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები მოცემულია ცხრილში 1. ICD-10-ის მიხედვით, ეს კრიტერიუმები მსგავსია, თუმცა, ზუსტად არ არის მითითებული დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელი სიმტომების რაოდენობა.

მანიაკალური ეპიზოდის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები - DSM-IV

ცხრილი 1. მანიაკალური ეპიზოდის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები - DSM-IV
A. ცალკეული, მინიმუმ, 1-კვირიანი პერიოდი (ნებისმიერი ხანგრძლივობა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში), რომლის დროსაც ვხედავთ უჩვეულოდ, მუდმივად აწეულ, ექსპანსიურ გუნებ-განწყობას ან გაღიზიანებადობას
B. გუნებ-განწყობის აშლილობის პერიოდში ქვემოთ ჩამოთვლილთაგან წარმოდგენილი უნდა იყოს, მინიმუმ,

3 სიმპტომი (ხოლო გაღიზიანებადობის შემთხვევაში - 4 სიმპტომი): 3 სიმპტომი (ხოლო გაღიზიანებადობის შემთხვევაში - 4 სიმპტომი):

  1. გადაჭარბებული თვითშეფასება ან საკუთარი თავის განდიდება;
  2. ძილის დაქვეითებული მოთხოვნილება (მაგ: 3 საათი ძილიც კი საკმარისია იმისათვის, რომ თავი დასვენებულად იგრძნოს);
  3. პაციენტი ჩვეულებრივზე უფრო მრავალსიტყვიანია, აქვს ლაპარაკის მუდმივი მოთხოვნილება;
  4. იდეათა ხტომა ან აზრების მოზღვავების სუბიექტური შეგრძნება;
  5. ყურადღების ადვილად გადანაცვლება (პაციენტის ყურადღება ადვილად ინაცვლებს ერთი გამღიზიანებლიდან მეორეზე);
  6. გაზრდილი მიზანმიმართული აქტივობა (სოციალური, სამუშაო/სასწავლო ან სექსუალური კუთხით) ან ფსიქომოტორული აჟიტაცია;
  7. სიამოვნების მომნიჭებელ, მაგრამ პოტენციურად მტკივნეულ და სარისკო აქტივობებში მონაწილეობა (მაგ., თავშეუკავებელი ხარჯვა, შემთხვევითი სექსუალური კონტაქტების დამყარება, სარისკო ბიზნეს-გარიგებებში მონაწილეობა).
C. სიმპტომები არ ემთხვევა შერეული ეპიზოდის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს.
D. გუნებ-განწყობის დარღვევა იმდენად მძიმეა, რომ შეუძლია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გაუარესება სამსახურეობრივ საქმიანობაში, სოციალურ აქტივობებსა და ურთიერთობებში ან საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, რათა თავიდან იქნეს აცილებული თვითდაზიანება ან სხვებისთვის ზიანის მიყენება ან სახეზეა ფსიქოზური სიმპტომატიკა.
E. გუნებ-განწყობის დარღვევა არაა დაკავშირებული რაიმე ნივთიერების (ნარკოტიკული ნივთიერების და სამკურნალო მედიკამენტების მიღებასა ან სხვა მკურნალობასთან) მიღებასა ან სხვა სომატურ მდგომარეობებთან (მაგალითად, ჰიპერთიროიდიზმი).

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები