მარკუს ავრელიუსის სვეტი
მარკუს ავრელიუსის სვეტი – (ლათ. Columna Centenaria Divorum Marci et Faustinae იტალ. La colonna di Marco Aurelio), ტრიუმფალური სვეტი, მდებარეობს რომში, პიაცა კოლონას მოედანზე (იტალ. Piazza Colonna).
აპოლოდორ დამასკელის მიერ შექმნილი გამარჯვების სვეტის თემა კარგად პასუხობდა რომის იმპერიის იმპერატორის პიროვნების განდიდების მოთხოვნას. ამიტომ იყო, რომ ტრაიანეს სვეტის ანალოგიური სვეტი აღიმართა რომში მარსის მოედანზე. სვეტი მიეძღვნა იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (161-181 წწ.) მარკომანთა და სხვა გერმანული მოდგმის ტომებთან გამარჯვებებს აღსანიშვნავად.
სვეტი მარკუს ავრელიუსის ვაჟმა, იმპერატორმა კომოდუსმა, მისი მეფობის დროს (180-192) აღმართა. ძეგლის საერთო სიმაღლე 41,95 მეტრი (100 რომაული ფუტი) იყო, თუმცა, 1589 წლის რესტავრაციის შემდეგ, მისი საძირკვლის 3 მეტრი ქუჩის დონის ქვემოთ აღმოჩნდა. დღეს სვეტის საერთო სიმაღლე 39.7 მეტრია.
ტრაიანეს სვეტის მსგავსად, მარკუს ავრელიუსის სვეტის შიგნით 203 საფეხურიანი სპირალური კიბეა, რომელიც ადის ზედა ნაწილში მდებარე დორიული კაპიტელთ დამშვენებულ „ტერასაზე“, სადაც მარკუს ავრელიუსის მოოქროვილი ბრინჯაოს ქანდაკება იდგა. შუა საუკუნეებში ქანდაკება დაიკარგა, 1589 წელს კი რომის პაპმა სიქსტუს V-მ ქანდაკება შეცვალა წმინდა პავლეს ფიგურით.
რელიეფური ფრიზი, რომელიც სპირალურად გარს უვლის სვეტს, გაშლის შემთხვევაში 110 მეტრს აღემატებოდა.
მარკუს ავრელიუსის სვეტის რელიეფი არა მხოლოდ ისტორიული და მხატვრული ძეგლია, არამედ უნიკალური ვიზუალური ქრონიკა − ომების, სტრატეგიისა და იმპერიის იდეოლოგიის შესახებ.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რელიეფია „სასწაული წვიმა“, მასში გამოსახულია მომენტი, როდესაც მტრებით გარშემორტყმულია სიცხითა და წყურვილით გათანგული რომაული ლეგიონერები ღმერთს მოუხმობენ. მოულოდნელად ცაზე გამოჩნდება იუპიტერი, წამოვა წვიმა, რომაელები გადარჩებიან, ხოლო მათ მტერს ღვთება ელვით სჯის. სცენაში განსახიერებულია ღმერთის უშაუალო ჩარევა იმპერატორის სასარგებლოდ. ხოლო სტოიკური თვალსაზრისით ბუნების ჰარმონია, რომელიც მხარს უჭერს გონიერ და სათნო ადამიანს.