მარქანდეია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარქანდეია(ინდ.) ერთ-ერთი ბრძენთაგანი, უდიდესი რიში ანგირასების მოდგმისა, რომელიც უკვდავების ღირსი შეიქნა. მისი პირით ემცნო ადამიანთა თაობებს წარღვნის ამბავი, რომელსაც „თევზის თქმულებას“ უწოდებენ. იგი მრავალი ათასი წელი მოგზაურობდა დედამიწაზე, მოიხილა მრავალი წმიდა ადგილი და გაიცნო მრავალი განდეგილი, ბევრი ქვეყანა და ქალაქი მოიარა. მრავალი ათასი წლის განმავლობაში თავადაც განდეგილობდა, მჭვრეტელობაში ატარებდა დროს, მსხვერპლს სწირავდა ღმერთებს, თრგუნავდა ხორცს სულის ასაღორძინებლად. ყველაფერ ამის სანაცვლოდ მან სამყაროს შექმნის საიდუმლოს შეცნობა მოინდომა. ისურვა თუ არა ეს, ანაზდეულად ამ სამყაროს მიღმა აღმოჩნდა. ირგვლივ წყვდიადი და უკიდეგანო წყლები იყო. მარქანდეიას გადარჩენის ყოველი იმედი წარეხოცა. არც მზე, არც მთვარე, არც ვარსკვლავები! მიწის ერთი ნაგლეჯისთვის მაინც მოეკრა თვალი! გავიდა ხანი და მარქანდეიამ კაცის მსგავსი არსება დაინახა, რომელიც წყალზე იწვა და მშვიდად ეძინა.

მისი უზარმაზარი ტანი საკუთარი ნათელით ბრწყინავდა და კუნაპეტ წყვდიადს ანათებდა. ახლა კი იცნო მარქანდეიამ დიდი ვიშნუ და სიხარულით გასწია მისკენ.

მიუახლოვდა თუ არა მას მარქანდეია, ვიშნუმ პირი გააღო და ჰაერთან ერთად მარქანდეიაც ჩაისუნთქა. მარქანდეია კვლავ ხილულ სამყაროში აღმოჩნდა: კვლავ იხილა მთები, ტყეები და მდინარეები, ქალაქები და სოფლები. იფიქრა, რაც ამის წინ ვნახე, სიზმარი იყოო. და კვლავ განაგრძო ხეტიალი ბრძენთაბრძენმა, მოიარა ქალაქები და წმიდა ადგილები; კიდევ ათასობით წლები იარა, მოიარა მთელი სამყარო, მაგრამ მის კიდემდე ვერ მიაღწია. და ერთხელ კიდევ ესიზმრა მას უცნაური სიზმარი: დგას უკაცრიელ ადგილას, მაღლა ბნელი ცა იყო, ქვემოთ უკიდეგანო წყლები. გამოხდა ხანი და მარქანდეიამ პატარა ბავშვი დაინახა, ბანანის რტოზე იწვა და მშვიდად ეძინა. თვალის მომჭრელად ანათებდა მისი სხეული და მარქანდეიამ ვერ გაუძლო მის ჭვრეტას, ხელები აიფარა თვალებზე. მარქნდეიას ეცნო ეს ბავშვი, გაახსენდა, სადღაც მინახავსო და გაეშურა მისკენ. ამ დროს მოესმა ხმა: „ნუ გეშინია, მარქანდეია, ჩემო ბიჭუნა! მომიახლოვდი“. ბრაზმორეულმა ბრძენთაბრძენმა ვერ მოითმინა და შესძახა: „ვინა ხარ, ასე უპატიოდ რომ მიმართავ მრავალათასწლოვან მოხუცებულს, მძიმე აღთქმებში რომ გაატარა ცხოვრება? ბრაჰმაც კი მომაგებს პატივს და დღეგრძელად მიხსენიებს“. ბავშვმა მხოლოდ გაიღიმა და უთხრა: „შვილო ჩემო, მე ვარ ძველთუძველესი პურუშა, შენი წინაპარი. მე ვარ ვიშნუ; მე ვარ, ვისაც ეკუთვნის ეს სამყარო, ვინც გააჩინა იგი, ვის წიაღშიც არის იგი მოქცეული. ბევრჯერ ჩამოვსულვარ მე მიწაზე სხვადასხვა სახით ბოროტებისგან მის გადასარჩენად. მე ვიყავი ის დიდი თევზი, რომელმაც მანუს კიდობანი უვნებლად გამოატარა წარღვნის წყლებში; მე ვიყავი ის კუ, რომელმაც ღმერთებს უკვდავების სასმელი ამრიტა მოუპოვა... ყველაფერი, რაც ამ სამყაროშია – მზე, მთვარე და ვარსკვლავები, ზღვა და ხმელეთი, მთა და ბარი ჩემი გამოვლინებებია. მე ვქმნი როგორც ბრაჰმა, ვინახავ როგორც ვიშნუ, ვანადგურებ როგორც შივა. შენ ამაყობ, მარქანდეია, შენი მრავალ ათასი წლით, მაგრამ, იცოდე, რომ ბრაჰმას ერთი დღე თორმეტი ათას წელს ითვლის... ბრაჰმას ერთ დღეს გრძელდება სამყაროს ცხოვრება. გაივლის ეს წლები და დაიძინებს ბრაჰმა, ჩამოწვება ბრაჰმას ღამე, უჩინარდება მთელი სამყარო, რათა ბრაჰმას გამო ღვიძებისთანავე დადგება ახალი დღე – ბრაჰმა ახალ სამყაროს ქმნის. ასეა, ჩემო მარქანდეია, ნამდვილად ბავშვო, არაერთგზის გაუჩინარებულა სამყარო და კვლავ წარმოქმნილა ბრაჰმას ძილიდან და ასე გაგრძელდება უკუნისამდე... და ეს ყველაფერი ჩემშია, მარქანდეია“. ეს უთხრა და კვლავ ჩაყლაპა ვიშნუმ მარქანდეია. და კვლავ ნაცნობ სამყაროში აღმოჩნდა იგი. ახლა მან აღარ იცოდა, რომელი იყო სიზმარი და რომელი – ცხადი. მე ვარ ვიშნუს სიზმარში ამ სამყაროსთან ერთად თუ ჩემი სიზმარი იყო ის წყვდიადი. ასეთ საგონებელში იყო ბრძენთაბრძენი მარქანდეია.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები