მაფაშჰეჯედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაფაშჰეჯედ-ი (ადიღ. МафIащхьэджэд;мафIэ – „ცეცხლი“, щхьэ – „თავი“, джэд – „ქათამი“) - კოსმიურ მოვლენებთან (მზისა და მთვარის დაბნელება, ახალმთვარობა, ხეზე, ცხოველზე ან ადამიანზე მეხის დაცემა, გაზაფხულის დღეღამსწორება, აგრეთვე მიწისძვრა, შავი ჭირის ეპიდემია და ა. შ.) დაკავშირებულ საწესო მოქმედებათა კომპლექსში შემავალი ჩერქეზული რიტუალი – შავი ფერის ქათმის მსხვერპლშეწირვა. ჩერქეზთა რწმენით, მნათობთა დაბნელებას ზებუნებრივი არსებები იწვევდნენ. ასე, მაგალითად, მიაჩნდათ, რომ მზე გიგანტურ ბლაღოს (Благъуэ) ჰყავდა შეპყრობილი და მის გამოსახსნელად ურჩხულთან შებრძოლება იყო საჭირო: დაბნელების დროს ქვაბებით, ტაშტებით, ტაფებით, რკინის საგნებით, დოლებით, საყვირებით, მშვილდ-ისრებითა და თოფებით შეიარაღებული ხალხი ეზოში გამოდიოდა; ზოგი რკინას რკინაზე ურტყამდა, ზოგი ისარსა და თოფს ზეცისკენ ისროდა, ზოგიც მთელი ხმით გაჰკიოდა – „გაუშვი“ (къэутIыпщI) და მაღლამყოფ ბლაღოს მუშტებს უქნევდა. ამ უსაშველო ხმაურს თან ქალების მოთქმა, ბავშვების ტირილი და მოხუცთა ლოცვა ერთვოდა. და როცა მზე კვლავ გამოანათებდა, ჩერქეზები მნათობის განთავისუფლებას ზეიმობდნენ, თჰალეუს აწყობდნენ და შავ ურჩხულს მსხვერპლად შავი ფერის ქათმებს სწირავდნენ.


ლიტერატურა

Мафедзев С. Х. Адыги. Обычаи, традиции (адыгэ хабзэ). Нальчик, 2000.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები