მაჭავარიანი მუხრან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუხრან მაჭავარიანი

მუხრან მაჭავარიანი(დ. 12 აპრილი, 1929, საჩხერის რაიონის სოფელი არგვეთი — გ. 17 მაისი, 2010). — ქართველი პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე (1988-1992), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს სახალხო დეპუტატი (1990-1992), „შრომის წითელი დროშისა“ და „საპატიო ნიშნის“ ორდენების კავალერი, ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989). საქართველოს (1990-1991) უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი), საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი.

დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში, 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, დაარსების დღიდან ― 1957 წლიდან — 1963 წლამდე მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში“ პოეზიის განყოფილების გამგედ, 1963-1964 წლებში ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორია, 1967-1982 წლებში ჟურნალ „დილას“ მთავარი რედაქტორი, 1982 წლიდან ჟურნალ „საუნჯეს“ რედაქტორობს.

1988 წელს ქართველ მწერალთა ყრილობამ აირჩია საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ, სადაც დაჰყო 1992 წლამდე.

პირველი ლექსები მუხრან მაჭავარიანმა გამოაქვეყნა 1952 წელს უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ „პირველ სხივში“, პირველი წიგნი „ლექსები“ ― გამოსცა 1955 წელს.

გამოცემული აქვს მრავალი პოეტური კრებული: „ლექსები, პოემა“ (1962), „იარონ!“ (1970), „თქვი!“ (1971), „ვინც იყო, იგი რომ არა“… (1973), „დუმილი რეკავს“ (1974), „ლექსები“ (1976), „ერთტომეული“ (1979) და სხვ.

ბულგარეთში შემოქმედებითი მივლინებით ყოფნის შედეგად თარგმნა და გამოსცა „ბულგარული პოეზიის ანთოლოგია“. შოთა ჩანტლაძესთან და გივი ძნელაძესთან ერთად თარგმნილი აქვს აგრეთვე ფინური ეპოსი „კალევალა“.

გამომცემლობა „მერანში“ იბეჭდება პოეტის ხანგრძლივი შემოქმედებითი მუშაობის შემაჯამებელი სამტომეული; როგორც პოეტისთვის, ისე მისი მრავალრიცხოვანი მკითხველისთვის მნიშვნელოვანი ამ გამოცემის პირველი ტომი.

პოეტის ლექსები მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზეა თარგმნილი, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ევგენი ევტუშენკოს მიერ რუსულად თარგმნილი მისი წიგნი.

1989 წელს მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანს ბოლო ორ წელიწადში გამოქვეყნებული ლექსებისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

1992 წლის მარტში, მწერალთა XI ყრილობაზე, მუხრან მაჭავარიანი რამდენიმე პოლიტიკურ თანამოაზრესთან ერთად გავიდა საქართველოს მწერალთა კავშირის შემადგენლობიდან.

მუხრან მაჭავარიანი დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.


რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები