მგლიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მგლიანი – სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის თემი), მდ. ფოტისხევის (არაგვის მარჯვ. შენაკადი) ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან 900 მ, დუშეთიდან 7 კმ.

სახელწოდება

„სოფელი აქ დიდხანს ვერ მოშენებულა, ნადირი სცოდნია თურმე ძალიან ბევრი, ნამეტნავათ – მგელი. ხალხი გარბოდა აქედანა და სხვაგან ესახლებოდნენ. აუარება მგელი რო სცოდნია ამ ადგილებისათვის, მგლიანი დაუძახნიათ" (მართა პაპკიაური-ფიცხელაურისა, 1978 წელი). სხვათა შორის ტოპონიმი მგლიანი ფაუნონიმად არის გაგებული ზოგიერთი ჩვენი სპეციალისტის მიერაც; ამიტომ განიხილავენ მას ისეთი გეოგრაფიული სახელწოდებების გვერდით, როგორიცაა: ლომისხევი, საირმე, ნუკრიანი, მელაური, დათვისი და სხვ. მისთ.

შეიძლება დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ სოფლის სახელწოდება მგლიანი||მგლიანები მგლების სიმრავლეს არ უკავშირდება. ობიექტის სახელდებისათვის მგელი რომ ყოფილიყო ამოსავალი, მაშინ მას სამგლე, მგლის ბუნაგები, სამგლეები ან ამის მსგავსი რამ უნდა შერქმეოდა, ისევე როგორც ეს სა-ირმ-ე, სა-ბუ-ე, სა-ტურ-ია, სა-დათვ-ია, სა-მაჩვ-ე, სა-შევარდნ-ე და სხვა ფაუნონიმებთან გვაქვს. მგლიან-ი||მგლიანებ-ი ადამიანის გვარისაგან მომდინარე ტოპონიმია, რაზედაც სიმრავლე-კრებითობის –იან სუფიქსიც მეტყველებს. ისტორიული საბუთებიდან მართლაც ირკვევა, რომ ამ სოფლის პირველი მოსახლენი გვარად მგლიშვილები ყოფილან. სოფლის უხუცესი მკვიდრის, მოსე ფიცხელაურის გადმოცემით „ამ სოფელში სულ პირველად ორი ძმა დასახლებულა, გვარად მგლიშვილები ყოფილან. ერთი მგლიშვილადვე დაეწერა, ჩვენი პაპა კიდევ, – ამისი ძმა, –ფიცხელაურად. ჩვენ ერთი განაყრობა ვართ, მამიშვილობით ერთნი ვყოფილვართ“. საგულისხმოა, რომ ძველ საქართველოში მგელი მამაკაცის საკუთარ სახელად ხშირად გვხვდებოდა. XVII საუკუნის ერთ-ერთ ეკონომიკურ საბუთში აღნიშნულიც არის: „წოდორეთში მდებარე მგელისეული ორი დღის მიწა საქორია სულხანაშვილებმა ჯავახიშვილებს მიჰყიდესო“.“

შეიძლება დავასკვნათ, რომ ტოპონიმი მგლიანი, მგლიანები ნაწარმოებია გვაროვნული -იან სუფიქსით და ნიშნავს: „მგლიშვილების სოფელი“, „სოფელი, რომლის ძირითადი, (თავდაპირველი) მცხოვრებნი მგლიშვილები ყოფილან“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები